პრეზიდენტის იმპიჩმენტი — რა როლი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა არის იმპიჩმენტი

საქართველოს ორგანული კანონი განმარტავს, რომ იმპიჩმენტი ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების წესი.

რა შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი

კანონმდებლობა ადგენს, რომ თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველია თანამდებობის პირის ისეთი ქმედება, როგორიც არის:

  • კონსტიტუციის დარღვევა;
  • სახელმწიფოს ღალატი ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაული.

როგორია პროცედურა

იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს. საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ მოთხოვნას ხელს მოაწერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3.

პარლამენტის წევრის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, აგრეთვე, შესაბამისი არგუმენტები და არსებული მასალები.

როდის ერთვება საკონსტიტუციო

კანონი გვეუბნება, რომ იმპიჩმენტის წესით, თანამდებობის პირის გადაყენებაზე წარდგინება დასკვნისთვის სასამართლოს (საკონსტიტუციოს ან უზენაესს) 30 დღის ვადაში უნდა გაეგზავნოს.

კანონმდებლობა ადგენს, რომ თუ პროცესის დაწყების საფუძველი კონსტიტუციის დარღვევაა, კონსტიტუციური წარდგინება თავისთავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა. თუ საუბარია სახელმწიფო ღალატის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენაზე, მაშინ საქმე უზენაეს სასამართლოში მიდის.

იმ შემთხვევაში, თუ საფუძველი ისეთი ქმედების ჩადენაა, რაც როგორც კონსტიტუციის დარღვევას, ასევე, სახელმწიფო ღალატს ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულს გულისხმობს, პარლამენტის თავმჯდომარე გადაყენების საკითხს დასკვნისთვის ერთდროულად გადასცემს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს.

როგორ აღმოჩნდა ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე

30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა, რასაც ქართული ოცნების მიერ ზურაბიშვილის ერთხმად გაკრიტიკება მოჰყვა — ირაკლი კობახიძემ და სხვებმა ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს და დააანონსეს, რომ ამას "რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ". მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილის ვიზიტები მაინც შედგა.

უფრო ვრცლად — რას ედავება ქართული ოცნება პრეზიდენტს

მმართველი პარტია აპელირებებს იმაზე, რომ რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტები არაკონსტიტუციურია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ. საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წევრების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 22 სექტემბერს მიიღო.

"სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად", — ეს ფრაზა კობახიძემ 4 ოქტომბერს საკონსტიტუციოში იმპიჩმენტის განხილვისას თქვა. კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ "სისტემური ხასიათი მიიღო".

"როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.

რა თქმა უნდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი... ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუცია", — ამბობდა კობახიძე.

კონსტიტუციის დარღვევა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება "ურჩობისთვის"

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს. საუბარია იმაზეც, რომ პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებას მთავრობის თანხმობით ახორციელებს. გარდა ამისა, კონსტიტუციითვე განსაზღვრულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის. სასამართლომ სწორედ ამ სამი ჩანაწერის საფუძველზე უნდა იმსჯელოს.

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე On.ge-სთან ამბობს, რომ იმპიჩმენტი ყოველთვის პოლიტიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური უთანხმოებაა, რომელიც მოლაპარაკებების გზით ვერ მოგვარდა და გადაწყდა, რომ სამართლებრივ ჭრილში გადასულიყო.

განმარტავს, რომ იმპიჩმენტის ორი — სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება არსებობს. კერძოდ, სამართლებრივი პასუხობს კითხვას, ფორმალურად, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია; პოლიტიკური კი საუბრობს იმაზე, არის თუ არა დარღვევა საკმარისი იმისთვის, რომ პრეზიდენტს ეს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს.

"სამართლებრივი განზომილება მოცემულია კონსტიტუციაში. ამას სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი, რეალურად, დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. ამის შემდეგ პროცესი გადადის პარლამენტში. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი არ არის შებოჭილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. პარლამენტს შეუძლია თქვას, რომ კი, კონსტიტუცია დაირღვა, მაგრამ ამ მოცემულ მომენტში და მოცემულ სიტუაციაში ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ თანამდებობიდან გადავაყენოთ პრეზიდენტი ამ დარღვევის გამო", — აღნიშნავს ის.

კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა აცდენილი მთავრობის დეკლარაციულ მიზნებთან, შესაბამისად, დარღვევა იყო, თუმცა ამით "არაფერი დაშავებულა".

"ამას ისიც ემატება, რომ ეს ყველაფერი, რაც მოხდა, საბოლოო ჯამში, მოხდა იმიტომ, რომ მთავრობამ არაფრისგან შექმნა პრობლემა. მათ შეეძლოთ, მიეცათ თანხმობა, წინააღმდეგობის არანაირი არგუმენტი არ არსებობდა და ამ თანხმობის შემდეგ უნდა განეხორციელებინა პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება", — აცხადებს მენაბდე.

როგორ აისახება იმპიჩმენტი ევროინტეგრაციის პროცესზე

  • "ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას. ყველ ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად, ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე",ჯოზეფ ბორელი.
  • "ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. ამ ფონზე, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს არ დაეხმარება, იყოს სტაბილური", — პაველ ჰელჩინსკი.

ამ განცხადებების გარდა, ქართულ ოცნებას პროცესის შეჩერებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ. მათი თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის EU-ს ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე. ასევე, ხაზს უსვამდნენ, რომ სწორედ ევროინტეგრაციისთვის შემაფერხებელი ქმედებებია კონსტიტუციის დარღვევა.

იმპიჩმენტის პროცესის დაწყება საქართველოსთვის ამ ისტორიულ გზაზე დამაბრკოლებელი ფაქტორი რომ შეიძლება იყოს, ამაზე ვახუშტი მენაბდეც მიუთითებს. მისი თქმით, ის, რომ ქართულმა ოცნებამ ზურაბიშვილის ვიზიტები გააპრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირისთვისაც გაუგებარია.

"გაუგებარია მით უმეტეს ბრიუსელში და ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება. პრეზიდენტს ხელს უშლიან საგარეო ურთიერთობების აწყობაში ევროინტეგრაციის მიმართულებით", — დასძენს ის.

საგულისხმოდ მიიჩნევს იმასაც, რომ იმპიჩმენტის პროცესი მაინც და მაინც ახლა, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების წინ დაიწყეს და არა რამდენიმე თვეში.

რა ხდებოდა სასამართლოზე — მოკლედ

საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს 3 დღის განმავლობაში 9 მოსამართლე განიხილავდა. პლენუმის შემადგენლობაში სხვებთან ერთად ევა გოცირიძე, მანანა კობახიძე და მერაბ ტურავა არიან.

ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო / Facebook

ზურაბიშვილი პროცესს არ დასწრებია, რაც პირველივე დღესვე გახდა განხილვის საგანი. როგორც მერაბ ტურავამ თქვა, "პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს და თვითონ შეეძლო მისულიყო, მაგრამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად". სასამართლოზე სალომე ზურაბიშვილს მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი წარმოადგენდნენ. მათ ოპონირებას კი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი უწევდნენ. ზურაბიშვილის არდასწრებაზე პრეტენზიას კოპალეიშვილმა ასე უპასუხა:

"თუ თქვენ პრეზიდენტის წარმომადგენლის არსებობა არ გაკმაყოფილებთ, მაშინ, ბატონი ირაკლი წარმოადგენს 80 დეპუტატს და ყველა უნდა მოგეწვიათ".

ბუნებრივია, სხდომებს პოლიტიკური ურთიერთბრალდებების გარეშე არ ჩაუვლია. მხარეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიუთითეს პროფესიონალიზმზეც.

სხდომის დასრულებას ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. დაწერა, რომ მათ სასამართლოზე ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას გაუძლეს და მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

წარდგინების ავტორთა არგუმენტები, რომელსაც, ძირითადად, კობახიძე აჟღერებდა ასეთი იყო:

  • "პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი, დაირღვა კონსტიტუცია",
  • "ასევე მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან, მისი კერძო ხარჯებით იყო გამგზავრებული საზღვარგარეთ, რაც არის მორიგი აღიარება. თუ ლეგიტუმური იყო ვიზიტი, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან?!".
  • ასევე, ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა თავად ითხოვა თანხმობა, რაც ნიშნავს იმას, შესაბამისად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ასეთი ვიზიტები თანხმობას საჭიროებს.
  • გარდა ამისა, აპელირებდნენ იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მხოლოდ მთავრობას.

საპასუხოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ, რომ ზურაბიშვილის ევროპული ვიზიტები სრულად თავსდება კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებაში, რომლის განხორციელებისთვისაც მას თანხმობა არ სჭირდება.

"პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი", — ამბობდა მაია კოპალეიშვილი.

ვახუშტი მენაბდის შეფასებით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ პროცესის სწორად წაყვანა ვერ შეძლო.

სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ შეძლო ამ პროცესის სწორად წაყვანა. ის გამოწვევა, რომლის წინაშეც იდგა, მან ვერ დაინახა სწორად, ვერ შეაფასა ადეკვატურად. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს გაექცა სადავეები, რამაც დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა.

ვახუშტი მენაბდე

მენამდე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოსამართლის მიმართ ნდობა აქვს, თუმცა ასეთი მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე, ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობა არსებობს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციონალისტი ფიქრობს, რომ სასამართლო იმპიჩმენტზე მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

პლენუმს გადაწყვეტილების მისაღებად 2-კვირიანი ვადა ნელ-ნელა ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო დარღვევას დაადგენს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.


სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ხაზარაძე: ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში! - ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერი,…