რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, სომხეთმა რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა
მიუხედავად კრემლის გაფრთხილებისა, რომ ამას "უკიდურესად უარყოფითი შედეგები ექნებოდა ორმხრივ ურთიერთობებზე", სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს [ICC] რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინა.
სომხეთის პარლამენტში სამშაბათს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა, 22 კი წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება დასამტკიცებლად წარედგინა პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს.
სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანას უნდოდა რომის სტატუტის რატიფიცირება იმისთვის, რომ აზერბაიჯანს დააკისროს პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
კირაკოსიანი მიუთითებდა სექტემბერში, აზერბაიჯანთან ორდღიანი ომის შემდეგ ინტერნეტში გავრცელებულ რამდენიმე ვიდეოზე, სადაც ნაჩვენები იყო აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომეხი ტყვეების სიკვდილით დასჯა. სხვა კადრებში ნაჩვენები იყო აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ დასახიჩრებული სომეხი სამხედროები.
"ვიმედოვნებთ, რომ რატიფიცირებას ექნება მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი, რათა გამოირიცხოს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი მძიმე დანაშაულების ჩადენა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე", — თქვა კირაკოსიანმა.
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ამტკიცებდნენ, რომ რომის წესდება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ის არ მოიტანს რაიმე სარგებელს, რადგან არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ იყვნენ ხელშეკრულების მხარეები.
მმართველი პარტია Civil Contract ამტკიცებს, რომ რომის სტატუტი არ არღვევს არც ერთ კონსტიტუციურ ნორმას.
რუსეთი სომხეთს აფრთხილებს
მას შემდეგ, რაც სომხეთის მთავრობამ პირველად გააჟღერა მათი განზრახვა, რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა სომხეთი, არ შეერთებოდა ხელშეკრულებას.
28 სექტემბერს, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაგმო დაგეგმილი რატიფიკაცია, როგორც "არასწორი" და "უკიდურესად მტრული" გადაწყვეტილება.
ICC-ს გაცემული აქვს პუტინის დაკავების ორდერი უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულებისთვის.
სომხეთის მთავრობამ რომის სტატუტი პარლამენტს რატიფიცირებისთვის პირველ სექტემბერს გაუგზავნა
13 სექტემბერს, პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სრულად დაუჭირა მხარი რატიფიკაციას და დაამატა, რომ "მას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობასთან".
"რომის სტატუტი რატიფიცირებული იქნება ჩემი პოზიციითა და ჩვენი საპარლამენტო კოლეგების სრული მხარდაჭერით და მას არაფერი აქვს საერთო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობასთან, მაგრამ ეხება სომხეთის უსაფრთხოების საკითხებს.
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რატიფიკაციის პროცესი მარტში დაამტკიცა — ICC-ს მიერ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბეროვას დაპატიმრების ორდერის [უკრაინიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციის გამო] გაცემიდან ერთი კვირის შემდეგ.
ხელშეკრულება პარლამენტის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტმა 28 სექტემბერს დაამტკიცა და მაშინვე წარედგინა პარლამენტს.
იმავე დღეს, სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, კირაკოსიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, ხელშეკრულება არ ავალდებულებს სომხეთს დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, თუ ის მათ ქვეყანას ეწვევა, რადგან სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურებს მინიჭებული აქვთ იმუნიტეტი.
თუმცა, კირაკოსიანს არ დაუკონკრეტებია, როგორ იქნება პუტინი იმუნიტეტით უზრუნველყოფილი. რომის სტატუტში აღნიშნულია, რომ "ის ვრცელდება ყველა პირზე, გამონაკლისების გარეშე".
კირაკოსიანმა ასევე თქვა, რომ ერევანმა ხელშეკრულების პუნქტზებზე დაყრდნობით შესთავაზა ერთგვარი "გამოსავალი", რაც მისცემს შესაძლებლობას, შექმნას გარკვეული გარანტიები იმ შეშფოთებისთვის, რაც ზოგიერთ პარტნიორ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს".
"ტექსტი წარდგენილია ერთი თვის წინ, ველოდებით [რუსეთის] წინადადებას", — თქვა კირაკოსიანმა.
საპასუხოდ, მოსკოვმა განაცხადა, რომ მათ გაგზავნეს თავიანთი "კომპრომისული ვარიანტი", რაც მათი თქმით, სომხეთმა "არ გაითვალისწინა".
ICC-ის დაკავების ორდერის გამო პრეზიდენტი პუტინი უკვე ვეღარ ესწრება საერთაშორისო ღონისძიებებს დაპატიმრების შიშით. პუტინი პირადად უნდა დასწრებოდა აგვისტოს BRICS -ის სამიტს სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ იმ შეშფოთების გამო, რომ ის შესაძლოა დაეკავებინათ ICC-ის ორდერით, სამიტში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო და მის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაგზავნა.
სომხეთმა რომის სტატუტს ხელი პირველად 1998 წელს მოაწერა, მაგრამ 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ხელშეკრულება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.
ერევანმა ხელახლა დაიწყო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი 2022 წელს, იმ განზრახვით, რომ აზერბაიჯანი მიეყვანა ICC-ში სექტემბერში ორდღიანი ომისა და სხვა შემთხვევების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, სომხეთის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ის მუხლები, რომლებიც რომის სტატუტთან შეუთავსებელი იყო, არ შეცვლილა.
სამშაბათს, სანამ პარლამენტი რატიფიკაციას დაუჭერდა მხარს, სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში კონიაკის ექსპორტიორი 60 სომხური სატვირთო მანქანა საქართველო-რუსეთის საზღვარზე იყო გაჩერებული. სომხეთის საელჩომ მოსკოვში Armenpress-ს უთხრა, რომ რუსეთის საბაჟო ორგანოებმა აკრძალეს გადაზიდვა "ქვეყანაში შესაძლო ყალბი ალკოჰოლის შეღწევის თავიდან ასაცილებლად".
"ვერ გეტყვით ზედამხედველობა გაზრდილი დარღვევის შემთხვევების გამოა გამკაცრებული, თუ არის ამაში რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი, არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია", — თქვა საელჩოს ატაშემ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები