ვების ტელესკოპმა ორიონის ნისლეულში იდუმალი, მუქი ჩრდილები გამოავლინა
ორიონის ნისლეული ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მსგავსი ობიექტია, რომლის დანახვაც ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალით შეგვიძლია. ის, ასევე, დედამიწასთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია. მას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც აკვირდება, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიაა.
მოწყობილობის მიერ მოპოვებული ბოლოდროინდელი მონაცემები ორიონის ნისლეულის ათასობით მოზაიკურ სურათსა და რამდენიმე ფილტრს აერთიანებს. მათი ანალიზისას მეცნიერებმა ერთ-ერთ ფილტრში (F115W), რომელიც 1.16 მიკრონი ტალღურის სიგრძის მქონე სინათლეზეა კონცენტრირებული, საინტერესო რამ შენიშნეს. კერძოდ, მტვრისა და აირის ღრუბლებში მუქი შეფერილობის ჩრდილები გამოიკვეთა, რომელიც სხვა ხელსაწყოებით არ ჩანს.
"დათვალიერებისას რაღაცების გარშემო არსებული ეს მუქი ჩრდილები მომხვდა თვალში. ისინი მხოლოდ ერთადერთ ფილტრშია, ექსკლუზიურად მასში. ეს ჩრდილები ჰაბლის ან ვების სხვა ტალღური სიგრძის დაკვირვებებში არ გვხვდება", — აცხადებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი, მარკ მაკკარინი.
პირველ რიგში, სპეციალისტებმა იფიქრეს, რომ ეს ნისლეულის მტვერი უნდა ყოფილიყო, რადგან ვების მსგავსი ინფრაწითელი ტელესკოპები ამგვარ ღრუბლებს მარტივად აფიქსირებს. ამის მიუხედავად, ვერაფრით იხსნება, რატომ არ გამოჩნდა ჩრდილები სხვა ფილტრებში.
შესაბამისად, დაასკვნეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი რამ, რაც ნისლეულებში ჭარბადაა, მაგრამ ელექტრომაგნიტური სპექტრის მოკლე დიაპაზონშია ხილული. ამ აღწერას კი ყველაზე მეტად წყალბადი მიესადაგება.
ის სამყაროში მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტია და ჩვეულებრივი მატერიის დაახლოებით 1/4-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად, საუბარია ორი ელექტრონის მქონე, ნეიტრალურ წყალბადზე.
"ვფიქრობთ, რომ ეს ცივი ნეიტრალური წყალბადია, რომელიც ნისლეულიდან სინათლეს შთანთქავს. სავარაუდოდ, ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ შთანთქმის შედეგად ფონის საპირისპიროდ პროტოვარსკვლავურ ნაკადებს ვხედავთ", — ამბობენ ავტორები.
ვების ტელესკოპმა მრავალი ასეთი ნაკადი დააფიქსირა. გარემოსთან მათი ურთიერთქმედება სიკაშკაშეს წარმოქმნის, რაც ობსერვატორიების ობიექტივშიც ხვდება. ამის მიუხედავად, მათში მაინც ბევრი რამაა, რასაც ვერ ვხედავთ.
"თუ ეს ნაკადებში არსებული ნეიტრალური შთამნთქმელია, მათი მასის პირდაპირ გაზომვის საშუალება პირველად მოგვეცემა", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები