10 ეკრანიზაცია, რომელიც წიგნზე უკეთესია
ლიტერატურისა და კინოს მოყვარულები ხშირად კამათობენ იმაზე, შესაძლოა თუ არა, ეკრანიზაცია წიგნზე უკეთესი იყოს. ნაწილი ამტკიცებს, რომ ლიტერატურა ფილმს ყოველთვის აჯობებს და იმასაც იმეორებენ, რომ სჯობს, პირველად წიგნი წაიკითხო და ეკრანიზაცია მხოლოდ შემდეგ ნახო.
მიუხედავად ამ დებატისა, ცალსახად არსებობს წიგნები, რომელთანაც მათი ეკრანიზაცია ვერ მივა და პირიქით — ფილმები, რომელთაც ორიგინალ ნაწარმოებს აჯობეს და ისტორია ეკრანზე ბევრად დასამახსოვრებლად აქციეს. ამ სტატიაში 10 ეკრანიზაცია გავაერთიანე, რომლებიც ორიგინალ წიგნებზე უკეთესია.
1. ეშმაკი ატარებს პრადას / The Devil Wears Prada (2006)
რით უნდა დავიწყოთ ეს სია, თუ არა ლეგენდარული ფილმით ეშმაკი ატარებს პრადას? ფილმს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ფართო საზოგადოებამ ისიც კი არ იცის, რომ სინამდვილეში ის ლორენ ვაისბერგერის რომანის ადაპტაციაა.
ფილმი მოდის სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ჟურნალისტი ენდი საქსი (ენ ჰეთეუეი) შემთხვევით აღმოჩნდება და თავის დამკვიდრების მცდელობების ფონზე ლამის ყველაფერს კარგავს. მერილ სტრიპმა, რომელიც ჟურნალის რედაქტორის, მირანდა პრისტლის თამაშობს, ამ როლით საკულტო პერსონაჟი შექმნა და ოსკარის ნომინაციაც დაიმსახურა.
2. მხევლის წიგნი / The Handmaid's Tale (2017)
მარგარეტ ეტვუდის 1985 წელს გამოცემული წიგნის ეკრანიზაციამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. რომანი დისტოპიურ სამყაროზე გვიყვება, რომელშიც ქალების ერთადერთი ფუნქცია დროებითი ინკუბატორის როლია — შვილის გაჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად წიგნიც შესანიშნავია, დისტოპიურ რომანს ვიზუალური გამოსახულება კიდევ უფრო შემზარავსა და სასტიკს ხდის — მხევლების ერთნაირი ჩაცმულობა, ფერები, როლისთვის იდეალურად შერჩეული მთავარი გმირი, ელიზაბეტ მოსი, რომლის პერსონაჟისგან განცალკევებაც გაგიჭირდებათ, მხევლის წიგნს ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად აქცევს.
შეგვიძლია, კიდევ რამდენიმე დეტალი გამოვყოთ, რომელმაც ეკრანიზაცია წიგნზე უკეთესად აქცია, მაგალითად ის, რომ სერიალში მთავარ გმირს სახელი აქვს, ჯუნ ოსბორნი, ეტვუდი კი წიგნში მის ნამდვილ ვინაობას არ გვიმხელს — პერსონაჟი ერთგვარად გილეადში მყოფი ყველა მხევლის საერთო ხატია.
ეკრანიზაციაში ჯუნის პიროვნებასა და მის ისტორიას მეტი ყურადღება ექცევა და მას მეტი სიღრმითა და ინდივიდუალობით ვხედავთ, რის გამოც მაყურებლები მთავარ გმირს უფრო მეტად თანაუგრძნობენ. ასევე, ეკრანიზაციაში შავკანიან და ქვიარ პერსონაჟებსა და მათ სასტიკ ბედსაც ვხედავთ, რაც წიგნში არ ჩანს.
3. საუზმე ტიფანისთან / Breakfast at Tiffany's (1961)
ტრუმენ კეპოტის 1958 წლის რომანის ეკრანიზაციამ, რომელშიც მთავარ როლს დაუვიწყარი ოდრი ჰეპბერნი ასრულებს, კულტურული გადატრიალება მოახდინა. ქალის ისტორია, რომელიც თავისი ცხოვრების ნანგრევებისგან გლამურის შექმნას ცდილობს, ტრაგიკული, ემოციური და გასაოცარია.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რომანტიული კომედიაა, ის მნიშვნელოვან თემებს ეხმაურება, რის გამოც ათწლეულების შემდეგაც კი ერთ-ერთ კლასიკად რჩება. ფილმის პერსონაჟებად მოდა და მუსიკაც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომლებიც საუზმეს ტიფანისთან განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მის ატმოსფეროს ქმნის.
4. სექსი დიდ ქალაქში / Sex and the City (1998)
იცოდით, რომ სექსი დიდ ქალაქში თავდაპირველად წიგნი იყო? მისი ავტორი, ქენდის ბუშნელი ნიუ-იორკში 19 წლის ასაკში იმისთვის გადავიდა, რომ მწერალი გამხდარიყო. ის ჟურნალში ერთ სვეტზე მუშაობდა, სახელად სექსი დიდ ქალაქში და ქერის ფსევდონიმით ნიუიორკულ სასიყვარულო ისტორიებზე ჰყვებოდა. სვეტი თანდათან იმდენად პოპულარული გახდა, რომ ესეების კრებულად გამოიცა. ბუშნელი ნაწერებში რეალური ადამიანების სახელებს ცვლიდა და "მისტერ ბიგზე", "სამანტაზე", "მირანდასა" და "შარლოტზე" წერდა. გეცნობათ?
სწორედ ეს გმირები არიან საკულტო სერიალის პერსონაჟებიც — მთავარი გმირი, ქერი ბრედშოუ, რომელიც ავტორის პროტოტიპია, სწორედ მსგავს ჟურნალში წერს. შოუმ ჟურნალის ერთი სვეტით დაწყებული ისტორიისგან დაუვიწყარი გმირები შექმნა, რომლებიც აქტუალობას უკვე 25 წელია არ კარგავენ.
5. ჩვეულებრივი ადამიანები / Normal People (2020)
სალი რუნის ცნობილ რომანზე გადაღებული იმავე სახელწოდების სერიალი მაყურებლებს გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს. მისი მთავარი პერსონაჟები კოლეჯის სტუდენტები, მარიენი და კონელი არიან. ნაწარმოები ნაცნობი სცენარით იწყება — სკოლის პოპულარულ ბიჭს უყვარდება გოგო, რომელსაც ყველა დასცინის, თუმცა ის, რაც შოუს გამოარჩევს, კონელისა და მარიენის განსაკუთრებული სიახლოვე და კავშირია, რომლის გადმოცემაც რეჟისორმა მათ შორის გაცვლილი მზერითა თუ სიჩუმით მოახერხა.
ამასთან, მაშინ, როცა წიგნი პირველ პირშია დაწერილი, შინაგან მონოლოგებს ვხედავთ და შესაბამისად, უკეთ ვხვდებით, რას და რატომ აკეთებს პერსონაჟი, ამის გადმოცემა სერიალში რთულია, თუმცა კარგად დაწერილი დიალოგებითა თუ წერილებით, რომელთაც პერსონაჟები ერთმანეთს უგზავნიან, სერიალის შემქმნელებმა ამასაც კარგად გაართვეს თავი.
6. გაუჩინარებული ქალი / Gone Girl (2014)
რეჟისორმა, დევიდ ფინჩერმა გილიან ფლინის რომანისგან შესანიშნავი თრილერის ჟანრის ფილმი შექმნა. გაუჩინარებული ქალი ჩამთრევი ისტორიაა სიყვარულზე, შურისძიებაზე და ორ მთავარ გმირზე — ეიმი და ნიკ დუნებზე. ქორწინებიდან 5 წლის თავზე ეიმი გაუჩინარება, პოლიცია კი იეჭვებს, რომ ქალი სინამდვილეში ქმარმა მოკლა და გადამალა.
საუცხოო რეჟისურა მაყურებელს კიდევ უფრო მეტად უქმნის მოლოდინს, რომ ამბის დასრულებამდე ფილმს სუნთქვაშეკრულმა უყუროს. გაუჩინარებული ქალის სცენარზე რეჟისორთან ერთად თავად წიგნის ავტორიც მუშაობდა, რაც ისტორიას კიდევ უფრო ავთენტურს ხდის.
7. სიამაყე და ცრურწმენა / Pride & Prejudice (2005)
ჯეინ ოსტინის რომანების ადაპტაციებს შორის 2005 წლის სიამაყე და ცრურწმენა ნამდვილად საუკეთესოა! მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორმა წიგნი 200 წელზე მეტია დაწერა, ის აქტუალობას კვლავაც არ კარგავს და ამის მიზეზი არამხოლოდ ოსტინის ოსტატობა, არამედ შესანიშნავი ეკრანიზაციაცაა, რომელმაც ელიზაბეტისა და მისტერ დარსის სიყვარულის ისტორია სულ სხვაგვარად დაგვანახა. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი თავად მსახიობებს — კირა ნაიტლისა და მეთიუ მაკფადიენსაც მიუძღვით.
ფილმის რეჟისორმა, ჯო რაითმა, ფილმის კონკრეტული კადრები სამუდამოდ დაგვამახსოვრა, მაგალითად, ელიზაბეტისა და დარსის ცეკვა ან თუნდაც წვიმის სცენა. ასევე, ის, რაც ფილმში შეცვლილია, ბენეტების ოჯახის დინამიკაა — ორიგინალში ისინი წესით უბედურები უნდა იყვნენ, თუმცა ფილმში დიდი, მოსიყვარულე და ხმაურიანი ოჯახის კლასიკურ მაგალითს ვხედავთ, რომელიც თავს ადვილად გვაყვარებს.
8. შენი სახელი დამიძახე / Call Me By Your Name (2017)
ანდრე ასიმანის რომანზე დაფუძნებულმა ფილმმა შენი სახელი დამიძახე საერთაშორისო გამოხმაურება მალევე მოიპოვა. ფილმში მოქმედება 1980-იანი წლების იტალიაში ხდება, რაც ეკრანიზაციის ესთეტიკასა და ფერებს გამორჩეულს ხდის.
ნაწარმოები 17 წლის ელიოსა და მისი ოჯახის ამერიკელი სტუმრის, ოლივერის, საზაფხულო სიყვარულის ისტორიაზე გვიყვება, რომლებიც თავდაპირველად ერთმანეთისადმი აშკარა ლტოლვას არ აღიარებენ და პირიქით — ცდილობენ ყურადღება ქალებთან ურთიერთობით გადაიტანონ, რაც უშედეგოდ სრულდება.
9. ბრიჯიტ ჯონსის დღიური / Bridget Jones's Diary (2001)
ბრიჯიტ ჯონსის დღიური, სექსი დიდ ქალაქშის მსგავსად, ერთ-ერთ გაზეთის სვეტში გამოქვეყნებული ჩანაწერებით დაიწყო და მოგვიანებით რომანად იქცა, თუმცა მოქმედება ამჯერად არა ნიუ-იორკში, არამედ ლონდონში ხდება. როგორც სათაურიც ამბობს, წიგნი დღიურის ფორმითაა დაწერილი და ბრიჯიტის ორ სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიყვება. წიგნის ერთგვარი ინსპირაცია სიამაყე და ცრურწმენა იყო, რასაც ერთ-ერთი "სატრფოს" სახელიც გვეუბნება — მარკ დარსი.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი მარტივად იკითხება და იუმორითაა გაჯერებული, მასში 90-იანებისთვის დამახასიათებელ უამრავ თემას ვხვდებით, რაც მკითხველებისთვის, რომელთაც იმ დროს და განსაკუთრებით, ინგლისში არ უცხოვრიათ, ისტორიას ზოგჯერ გაუგებარს ხდის. ფილმი უფრო მეტად თანამედროვე რეალობასაა მორგებული და გიქმნის იმის შეგრძნებას, რომ ბრიჯიტს იგივე რამეები აწუხებს, რაც შენ.
10. ნათება / The Shining (1980)
მწერალ სტივენ კინგს თრილერის ჟანრში რომ ბადალი არ ჰყავს, ცნობილია, თუმცა ნათების ეკრანიზაცია ორიგინალს ნამდვილად არ ჩამოუვარდება! რეჟისორ სტენლი კუბრიკის ნამუშევარი მთავარ როლში ჯეკ ნიკოლსონით ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, ფილმით არ აღფრთოვანდე. მართალია, კუბრიკმა ისტორიის შთგონება კინგის წიგნისგან აიღო, თუმცა ფილმში ბევრი ცვლილება შეიტანა, რის გამოც თავად კინგი მისივე წიგნის ეკრანიზაციას ვერ იტანს. მას კინომოყვარულთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება.
ფილმისა და წიგნის მოქმედება მაშინ იწყება როცა ტორენსების ოჯახი, ცოლ-ქმარი, ბავშვთან ერთად, სასტუმროში იწყებს ცხოვრებას, სადაც თანდათან აუხსნელი, მისტიური მოვლენები ხდება. ფილმის მთავარი პერსონაჟი ჯეკ ტორენსია, რომელიც ერთადერთია, ვინც ამ მოვლენებს ხედავს და ჭკუიდან იშლება.
ეკრანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ტყუპი დების გამოჩენაა, რომლებიც ხშირად ფილმ ნათებაზე პირველი ახსენდებათ, წიგნში კი საერთოდ არ არსებობენ. კუბრიკის მიერ შექმნილმა გმირებმა, ჰორორისთვის დამახასიათებელმა დამაინტრიგებელმა რეჟისურამ თუ მუსიკამ, ნაწარმოებს სრულიად ახალი ხიბლი შესძინეს.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
კომენტარები