"ფრთები რომ მქონდეს, გავფრინდებოდი" — მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები ევაკუაციას ითხოვენ
მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ჩაბარდა, რეგიონში მცხოვრები სომხების უმრავლესობა სომხეთში წასვლას ცდილობს. ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა ტერიტორია. წასვლის ორი მიზეზი აქვთ — ეშინიათ, რადგან არ იციან, რა შეიძლება გააკეთოს აზერბაიჯანის მთავრობამ და აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ ცხოვრება არ სურთ.
"ჩვენ ახლა სახლში ვართ და ველოდებით ვინმე გაგვიყვანს აქედან თუ დაგვტოვებს, რომ მოვკვდეთ", — ამბობს ზვარტ შირინიანი პარასკევ საღამოს გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებაში.
გაურკვეველია, რა ელის 29 წლის ზვარტს, ქმარსა და პატარა ბავშვს, რომლებიც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში, სტეფანაკერტში, ცხოვრობენ. ასევე მათ მშობლებს, რომლებიც ხოჯალიშში (ივანიანი) არიან მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე თავდასხმა დაიწყო, ინტერნეტისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, ოჯახებს შორის კავშირი გაწყდა. ისინი გარესამყაროს მოწყდნენ.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის და აზერბაიჯანული მმართველობის პერსპექტივისა და დაპირებების გამო, ზვარტის გარემოცვა შიშმა და გაურკვევლობამ მოიცვა.
"რას ამბობენ? გახსნიან დერეფანს? აქაურობის დატოვების უფლებას მოგვცემენ?" — კითხულობს ის.
ინტერნეტკავშირი მეგობრებთან და ნათესავებთან საკონტაქტოდ ძლივს ჰყოფნის, მაგრამ ახალი ამბების გასაგებად — არა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გასცა, ან არ ჰქონდა მის კითხვებზე პასუხები.
"ახლა ჩვენზე არავინ ფიქრობს. აქაური ხელისუფლება დაკავებულია ალყაში მოქცეული სოფლებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულებითა და დაღუპული ან დატყვევებული ჯარისკაცებით", — ამბობს ის.
იმედს გამოთქვამს, რომ როგორც კი პასუხისმგებელი პირები გაუმკლავდებიან ამ "უფრო გადაუდებელ" საკითხებს, ისინი დაიწყებენ ზრუნვას მშვიდობიან მოსახლეობაზეც.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა პირობა დადო, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის ყოფილ ჯარისკაცებსა და მეთაურებს შეიწყალებდა, ამნისტია არ ვრცელდება მათზე, ვინც, სავარაუდოდ, სამხედრო დანაშაული ჩაიდინა მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს. ამან გამოიწვია შიში, რომ რეგიონის თითქმის ყველა კაცი, ვინც იმ დროს სამხედრო ასაკის იყო, შეიძლება ომში მონაწილეობისთვის გასამართლდეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, 20 სექტემბერს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას იმასაც დაჰპირდა, რომ ექნებოდათ იგივე უფლებები, რაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, მათი ენის, კულტურისა და რელიგიის შენარჩუნებით. ამ განცხადებას რეგიონის შიგნითაც და გარეთაც სკეპტიციზმი მოჰყვა.
Carnegie Europe-ის უფროსმა თანამშრომელმა, ტომ დე ვაალმა, Caucasus Digest-თან საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანში სხვა უმცირებობებისთვის მინიჭებული "ძალიან შეზღუდული" უფლებების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, მთავრობა მთიანი ყარაბაღის სომხებთან მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს.
მაშინ, როცა მთიანი ყარაბაღის სომხები უნდობლობას გამოხატავენ ალიევისა და აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებების მიმართ, ბევრი მათგანი ასევე იმედგაცრუებული დარჩა სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებით.
21 სექტემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა, თავის გამოსვლაში თქვა, რომ არანაირი "პირდაპირი საფრთხე" აზერბაიჯანის მხრიდან, მთიანი ყარაბაღის სომხების მიმართ არ არსებობს და მათ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციების, სტეფანაკერტის მთავრობისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილებებს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. თუმცა, მან ასევე პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში სომხეთი უმასპინძლებს და იზრუნებს მთიანი ყარაბაღის სომხების საჭიროებებზე.
მიუხედავად ბაქოს განცხადებისა, რომ 24 სექტემბრის საღამომდე უზრუნველყოფდა ჰუმანიტარულ დერეფანს მათთვის, ვისაც არ სურდა "აზერბაიჯანის მოქალაქედ" ცხოვრება, გაურკვეველია ასე მოხდება თუ არა.
აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ბლოკადის განმავლობაში იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ლაჩინის დერეფანი ღია რჩებოდა სამოქალაქო პირების მოძრაობისთვის, მაგრამ მთიანი ყარაბაღის და სომხეთის წყაროებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
მთიანი ყარაბაღის დანებებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სულ მცირე 10 000 ადამიანი, ვინც ბრძოლების დროს სტეფანაკერტში გადასახლდა, ქალაქში დარჩა. ისინი, ვინც სახლები დაკარგეს, ღამეებს სარდაფებში, დროებით თავშესაფრებში ან ასკენარში, რუსული სამხედრო ბაზის წინ ათევენ.
პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ტიგრან გრიგორიანმა, ტვიტერზე დაწერა, რომ დედაქალაქში "კატასტროფული" სიტუაციაა.
"ქალაქი გაივსო ლტოლვილებით, რომელთაგან ბევრს არ აქვს თავშესაფარი და იძულებულია ქუჩაში ეძინოს. ელექტროენერგია და გაზი არ არის, რაც აიძულებს ხალხს, ცეცხლი ქუჩებში დაანთონ, რომ საჭმელი მოამზადონ და გათბნენ".
კვირა საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 10 თვის შემდეგ ლაჩინის გზა გაიხსნა. რეგიონის მაცხოვრებლების დიდმა ნაწილმა გადინება დაიწყო. ორშაბათის მდგომარეობით, დაახლოებით, 3 000 ლტოლვილი სომხეთში ჩავიდა.
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ადგილი დავტოვოთ"
სტეფანაკერტზე აზერბაიჯანის თავდასხმის დაწყების შემდეგ, აღაჯანიანთა ოჯახს მოუწია დაეტოვებინა მშობლიური სოფელი მხითარაშენი (მუზტარი), ასკერანი (ასგარანი), მათი და მიმდებარე სოფლების მასობრივი ევაკუაცის გამო.
თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ ხუთი შვილის დედამ, არმინე არაჯანიანმა ბოლოს და ბოლოს ტელეფონს უპასუხა.
"ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში, სოფელი უწყვეტად იბომბებოდა", — თქვა მან, შემდეგ კი დაამატა: "დაბომბვის შეწყვეტიდან მალევე, რუსები "ჩვენს გადასარჩენად მოვიდნენ".
ოჯახი ათასობით სხვა ლტოლვილთან ერთად სტეფანაკერტის სასტუმროში მოხვდა იმ იმედით, რომ ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნებოდა და წასვლას შეძლებდნენ.
არმინეს და მის ოჯახს მხითარაშენის დატოვება მოუწიათ 2020 წლის მეორე მთიანი ყარაბაღის ომის დროსაც. დაბრუნება ცეცხლის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლეს. მათი ფანჯრიდან აზერბაიჯანული პოზიციები მოჩანს.
არმინე ფიქრობს, რომ სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად უკან დაბრუნება, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილება იყო. წარსულის გახსენებისას, ახლა ცხადად ჩანს, რა ელოდათ მომავალში. რეტროსპექტივაში, კონფლიქტის განახლება გარდაუვალი იყო.
მისი თქმით, ასე ხდება მათი მეორე გაქცევის დროსაც — სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ამჯერად ეს სახლის საბოლოო დატოვებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დედაქალაქს მიაღწია და რეგიონიდანაც კი უსაფრთხოდ გავიდა, კონფლიქტმა ტრაგიკული კვალი დაუტოვა ყველას. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ჭრილობა ვერ განიკურნება.
წინასწარი მონაცემებით, მთიან ყარაბაღში დაღუპულთა რაოდენობა 200-მდეა, ხოლო დაშავებულია 400-მდე. დაღუპულ სამოქალაქო პირთა რიცხვი დაახლოებით ათია და მათ შორის, სულ მცირე, 7 ბავშვია.
"მათ ჩვენი ბავშვები დახოცეს, თითქმის მთელი თაობა წავიდა. როგორ შეგიძლიათ მათ წინ დაჯდეთ?" — იკითხა მთიანი ყარაბაღის მართაკერტის (აღდარა) რაიონის სოფელ ჩაფარიდან ლტოლვილმა, რიტა ასრიანმა.
"ან მათ მოუწევთ ყველას მოკვლა. როგორ შეუძლიათ ყველას მოკვლა? როგორ შეუძლიათ 120 000 ადამიანის მოკვლა?"
63 წლის რიტა ასრიანმა თქვა, რომ მას გაახსენდა 1970-იან წლებში დაწყებული დისკრიმინაცია სომხების მიმართ. ასრიანის თქმით, აზერბაიჯანმა მაშინ სომხების ჩაგრავდა, სომხურ-ენოვანი განათლების ზღუდავდა და ყველა საჯარო თანამდებობაზე აზერბაიჯანელებს ნიშნავდა.
"ნელ-ნელა დაიწყეს ჩვენი განადგურება", — თქვა მან.
მისი აზრით, თუ მთიანი ყარაბაღის სომხები აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იცხოვრებენ, აზერბაიჯანი იმავეს გააკეთებს, თუ უარესს არა, რადგან სიძულვილი უმაღლეს ნიშნულზეა.
"ჩვენ 35 წელია ერთმანეთს ვხოცავთ", — თქვა რიტამ.
კიდევ ერთი ლტოლვილი ჩაფარიდან, ზარინა სარგსიანი, ეთანხმება.
"მათ დაგვხოცეს. ჩვენც დავხოცეთ. როგორ უნდათ რომ მეგობრები ვიყოთ?" — თქვა მან. დაამატა, რომ ორივე ერმა ბევრი გადაიტანა — "ისინიც ადამიანები არიან. ისინიც გლოვობენ".
მიუხედავად საერთო საკითხებისა, ზარინამ ვერ დაინახა კავშირის ან შერიგების რაიმე პოტენციური ნიშნები წინა წლების კონფლიქტის, განსაკუთრებით კი 2022 წლის ბოლოს რეგიონის ბლოკადის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.
მისთვის ასევე გაუგებარი იყო, რა ელოდათ მას და მის შვილებს მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში.
"ევროპასა და შეერთებულ შტატებში იმდენი სომეხია, ჩვენც შეგვიძლია სადმე გადავიდეთ და ვიცხოვროთ. მნიშვნელოვანია, რომ დავტოვოთ ეს ადგილი", — თქვა მან
"ეს არ არის კეთილდღეობაზე, საკვებზე ან სამუშაოზე, უბრალოდ ჩვენი შილები არ უნდა იყვნენ დაჩაგრულები. სამი ომი მაქვს ნანახი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილიშვილიც ომს ნახავდა. მაგრამ მან ნახა".
"მათ აზერბაიჯანელებთან ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ"
სტეფანაკერტში, ბევრი ადამიანი სასოწარკვეთილი ეძებს გაქცევის გზებს. აზერბაიჯანის ან რუსი სამშვიდობოების მხრიდან რაიმე გარანტიები საეჭვოა. მთიანი ყარაბაღის მაღალი თანამდებობის პირების თქმით, რეგიონის თითქმის მთელი მოსახლეობა ირჩევს წასვლას, რადგან მათ "არ სურთ აზერბაიჯანში ცხოვრება".
25 სექტემბრის დილას, სტეფანაკერტელმა ჟურნალისტმა, მარუტ ვანიანმა დაწერა, რომ "ყველა" ეძებს ხუთ ლიტრ ბენზინს, რათა დატოვონ ქალაქი.
მთიანი ყარაბაღის მცხოვრები სოფი აბრაჰამიანი, რომელიც ბლოკადის დაწყებიდან მამასთან ერთად ერევანში იყო ჩარჩენილი, ამბობს, რომ დედა, ბებია და ძმა სამ სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა, რადგან სტეფანაკერტში ქაოსი გაგრძელდა.
"დედასთან ორი დღე არ მილაპარაკია", — ამბობს 23 წლის სოფი — "ჩემ ძმას, რომელიც ჯარში მსახურობს, შეუძლია გარკვეული სიახლეები მოგვაწოდოს, როცა ინტერნეტთან წვდომა აქვს".
მან დაამატა, რომ ბებია ყველაზე მეტად დაუცველი იყო. ის გარეუბანში მცხოვრები ხანდაზმული ქალია, მხედველობის მძიმე პრობლემებით და ცენტრთან მიახლოება ვერ შეძლო.
მისი უბანი იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც აზერბაიჯანმა, 21 სექტემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. მაშინ, როცა უბნის მოსახლეობის უმრავლესობა ევაკუირებული იყო, სოფის ბებიამ ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხა.
"არ ვიცი, რა მოხდება, თუ ევაკუაცია დაიწყება და მოვლენები კიდევ უფრო ქაოსური გახდება" — ამბობს ის — "ბებია თითქმის ბრმაა".
გავრცელებული ინფორმაციით, სტეფანაკერტის ერთ-ერთი უბანი, კრკჟანი (კარკიჯაჰანი), მთლიანად ევაკუირებული იყო, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ცეცხლი გახსნა მისი მიმართულებით. შემდეგ კი ქალაქის ცენტრისკენ მიიწევდნენ. შაბათს, აზერბაიჯანული ტელეგრამ არხებით გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია სამხედრო მანქანები, რომლებიც ქუჩებში მოძრაობენ.
OC Media-ს სოფი ერევნის რესპუბლიკის მოედნიდან ესაუბრა, სადაც ათასობით ადამიანი, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სომხებიც, რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას მოითხოვდნენ.
"ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მათი სურვილი ახდეს" — თქვა სოფიმ. დაამატა, რომ მიუხედავად საპირისპირო ბრალდებებისა მთიანი ყარაბაღის სომხები რეგიონში პოლიტიკურად ორიენტირებული არ იყვნენ, თუმცა ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ სცადა მათი გამოყენება. მისივე თქმით, მათ უბრალოდ ოჯახებთან დაბრუნება სურდათ.
"ისინი უდიდესი იმედით ელიან, რომ ჩვენ რამეს გავაკეთებთ და დერეფანი გაიხსნება, რათა დატოვონ ტერიტორია. მათ არ შეუძლიათ აზერბაიჯანელებთან ერთად ცხოვრების წარმოდგენა, არავითარ შემთხვევაში. ისინი, ფაქტობრივად, გვევედრებიან, რომ რაღაც გავაკეთოთ" — თქვა სოფიმ და დასძინა, რომ არცერთ ოფიციალურ პირს, არც მთიან ყარაბაღში და არც სომხეთში, მათ კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
ჰუმანიტარული დერეფნის მოთხოვნით პოსტები სოციალურ მედიაშიც ჩანს.
"გთხოვთ, გევედრებით, გახსენით ეს დაწყევლილი გზა, რომ წავიყვანო ჩემი შვილი და შორს, შორს, შორს წავიდე" — დაწერა სტეფანაკერტის ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ათეულობით და ასეულობით მსგავსი შინაარსის პოსტი შეგხვდებათ რეგიონის მაცხოვრებლებისგან. ისინი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციას ითხოვენ და უარს ამბობენ აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშ ცხოვრებაზე.
"ჩვენ არ ვარ მზად, ვიცხოვროთ იმ ქვეყანასთან, რომელიც გვაშიმშილებდა და გვკლავდა. ჩვენ გვჭირდება დერეფანი" — ვკითხულობთ სხვა პოსტში.
მარუტ ვანიანმა თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მწვავე აუცილებლობას რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული აქტუალური პრობლემებიდან გამომდინარე ხედავს.
"ხალხი ამბობს, რომ მათ არაფერი ჭირდებათ, მხოლოდ რამდენიმე ტანსაცმელი და გზა, რათა წასვლა შეძლონ" — ამბობს მარუტი — "უკვე ძალიან დავიღალე ყველაფრისგან. ფრთები რომ მქონდეს, გავფრინდებოდი".
ვანიანმა სტეფანაკერტიდან ორშაბათს დილით დატოვა და სომხეთში გაემგზავრა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები