ისტორიაში მეორედ, ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს
58 წლის კაცი მეორე პაციენტია, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. ეს ორგანოების გადანერგვის მხრივ უმნიშვნელოვანესია.
ცხოველის ორგანოების ადამიანზე გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება და მას ორგანოების დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია. მხოლოდ აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების გადანერგვის მოლოდინშია.
გადანერგვის ორივე ოპერაცია მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტებმა ჩაატარეს. პირველი ოპერაცია 2022 წლის იანვარში შესრულდა, თუმცა პაციენტი მარტში დაიღუპა.
ასევე: კაცი ღორის გულით — მილიონობით ადამიანის სიცოცხლის იმედი
ბოლო ოპერაცია ოთხშაბათს, 20 სექტემბერს შესრულდა, რა დროსაც პაციენტ ლოურენს ფაუეტას გენმოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს. პაციენტს სისხლძარღვთა დაავადება და შიდა სისხლდენის გართულებები ჰქონდა.
ექსპერიმენტული ტრანსპლანტაციის გარეშე, ორი შვილის მამა და საზღვაო ძალების ვეტერანი მალე დაიღუპებოდა.
"ჩემი ერთადერთი იმედი ღორის გული იყო. ახლა იმედი მაინც მაქვს, აქამდე ესეც არ იყო", — თქვა მან,
"გადანერგვის შემდეგ ფაუეტი დამოუკიდებლად სუნთქავდა და ახალი გული კარგად ფუნქციონირებდა. ეს ყველაფერი დამხმარე მოწყობილობების გარეშე", — განაცხადეს უნივერსიტეტში.
ქსენოტრანსპლანტაცია რთულია, რადგან პაციენტის იმუნური სისტემა უცხო ორგანოს თავს ესხმის. მეცნიერები პრობლემის გვერდის ავლას გენმოდიფიცირებული ღორების ორგანოების გამოყენებით ცდილობენ.
ამ მხრივ საინტერესო იყო ალაბამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერების ექსპერიმენტიც. მათ ტრანსპლანტაციისთვის გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს, რომელმაც მკვდარი ტვინის მქონე პაციენტის სხეული კრეატინინისგან გაათავისუფლა და შარდი წარმოქმნა.
ადრეული ქსენოტრანსპლანტაციის კვლევები პრეიმატებზე იყო აქცენტირებული. ამჟამინდელი კვლევები ღორებზეა ფოკუსირებული. მიჩნეულია, რომ ღორები ადამიანებისთვის იდეალური დონორები არიან. ეს მათი ორგანოს ზომისა და სწრაფი ზრდის გამო.
კომენტარები