რატომ არ ემართებათ ღამურებს კიბო — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, სწრაფი ევოლუცია ღამურებს არაჩვეულებრივ უნარს აძლევს. ეს არსებებს ინფექციებისგან იცავს და მეტიც, კიბოს თავიდან აცილების საშუალებადაც გვევლინება.
ღამურები გამორჩეული ძუძუმწოვრები არიან. ისინი დიდხანს ცოცხლობენ, კიბო ფაქტობრივად არ ემართებათ და ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ. მათ უჩვეულო თანდაყოლილი იმუნური მახასიათებლებიც გამოარჩევთ.
ამ მახასიათებლებით ღამურები მკვლევრების დიდ ყურადღებას იქცევენ. მაგალითად, ღამურის იმუნური სისტემის მექანიზმების უკეთ შესწავლით, მეცნიერებმა დაავადებების ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელება შეიძლება თავიდან აიცილონ.
მეტიც, ღამურების გენომურმა ანალიზმა, შესაძლოა მოგვაწოდოს ახალი ინფორმაცია კიბოს გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ეს მნიშვნელოვანია კიბოსა და იმუნიტეტს შორის კავშირების გამოსავლენად.
და აი ახლა, Oxford Nanopore Technologies-ის გამოყენებით მკვლევრებმა ღამურის ორი სახეობის გენომი შეისწავლეს და შედარებითი ანალიზი ჩაატარეს.
მკვლევრებმა გენეტიკური ადაპტაციები ღამურების 46 ცილაში აღმოაჩინეს, რომლებიც კიბოსთან იყო დაკავშირებული. ასეთი ცილები კიბოს განვითარებას ხელს უშლის. კიბოს დათრგუნვასთან დაკავშირებული ეს ცილები ღამურებში ორჯერ მეტი იყო, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებში.
"ღამურის ახალი გენომის შესწავლითა და სხვა ძუძუმწოვრებთან მათი შედარებით, ჩვენ ანტივირუსულ და ანტისიმსივნურ გენებს ვიკვლევთ. ეს კიბოს მკურნალობისა და პრევენციისთვის მნიშვნელოვანია", — თქვა ნაშრომის წამყვანმა ავტორმა, არმინ შებენმა.
კომენტარები