მეცნიერებმა შუა საუკუნეებში მცხოვრები, დვარფიზმის მქონე კაცის სახე აღადგინეს
1990 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ჩონჩხი, რომელიც პოლონეთში X-XI საუკუნეებში მცხოვრებ კაცს ეკუთვნის. მისი ნაშთების სამგანზომილებიანმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ინდივიდი დვარფიზმის ორი ფორმით იყო დაავადებული.
მას მოკლე ნეკნები და თეძოს გამოზნექილი ძვლები უნდა ჰქონოდა, რაც აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების ფიზიკურ მახასიათებლებს შეესაბამება. ესაა გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანებს ტანთან შედარებით შესამჩნევად მოკლე კიდურები და დიდი ზომის თავი აქვთ. ჩონჩხს, ასევე, იდაყვების ანომალია და ზედმეტად თაღოვანი სასა აღმოაჩნდა, რაც ლერი-ვეილის დისქონდროსტეოზის სახელით ცნობილ დაავადებას შეესაბამება.
ასეა თუ ისე, აქამდე ვიცოდით, როგორი სხეული ჰქონდა ამ პიროვნებას, ახლა კი მეცნიერებმა მისი სახეც აღადგინეს. ეს საშუალებას გვაძლევს, მიახლოებით წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურებოდა ის სიცოცხლეში.
სპეციალისტებმა ამისთვის კაცის, ოფიციალური აღნიშვნით Ł3/66/90, თავის ქალის გამოსახულებები გამოიყენეს და ის სამგანზომილებიანი რედაქტირების პროგრამაში გადაიტანეს. ასევე, მოდელში დაამატეს ცოცხალი დონორების რბილი ქსოვილების სისქის მაჩვენებლები, რომლებიც ციფრულ თავის ქალაზე გადაიტანეს.
"ცხვირის, ყურების, ტუჩებისა და სახეზე არსებული სხვა სტრუქტურების ზომები ცოცხალი ადამიანების კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ გამოსახულებებს დავაფუძნეთ. გამოვიყენეთ ვირტუალური დონორის ტომოგრაფიაც და მისი თავის ქალის სტრუქტურა Ł3/66/90-ისას მივუსადაგეთ", — აცხადებენ ავტორები.
საბოლოოდ 2 შავ-თეთრი მიახლოებითი ციფრული რეკონსტრუქცია შეიქმნა. პირველი მათგანი მრგვალი სახისა და გამოწეული შუბლის მქონე კაცს გვიჩვენებს, მეორეზე კი მას მუქი თმაცა და წვერიც აქვს.
მუშაობის პროცესში მეცნიერთა ყურადღება განსაკუთრებით დიდმა ქალისშიდა სივრცემ მიიქცია. ეს ჩონჩხის დისპლაზიის, ანუ ძვლების, სახსრებისა და ხრტილის ანომალიური განვითარებისთვისაა დამახასიათებელი. არქეოლოგების თქმით, რომლებიც Ł3/66/90-ის აღმოჩენაში მონაწილეობდნენ, რეკონსტრუქციამ დვარფიზმის ზოგიერთი ნიშანი გამოკვეთა, როგორიცაა, მაგალითად, ცხვირის ჩაზნექილი არეალი, შუა სახის ჰიპოპლაზია და სხვა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში bioRxiv გამოქვეყნდა.
კომენტარები