აღმოაჩინეს ხისგან დამზადებული სტრუქტურა, რომელიც 476 000 წლით თარიღდება
ეს ნიშნავს, რომ ხის დამუშავება ჰომო საპიენსის გაჩენამდეც ხდებოდა.
არქეოლოგებმა ხის სტრუქტურის აქამდე უძველესი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც უძველესი ადამიანის მიერაა შექმნილი. ეს ზამბიაში, მდინარე კალამბოსთან მოხდა. მორები დაახლოებით 476 000 წლისაა. ეს ნიშნავს, რომ ხის დამუშავება ჰომო საპიენსის გაჩენამდეც ხდებოდა.
ამ ადგილს მეცნიერები 1950-იანი წლებიდან იკვლევდნენ. წინა გათხრებმა ქვის იარაღები და ხის არტეფაქტები გამოავლინა.
თუმცა, ხის ნაჭრის ახალი ანალიზი ამ ადგილს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს უძველესი გარემოს შესასწავლად იდეალური ადგილია.
ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ხის ნაჭრები დეტალურად არის აღწერილი. ხის ინსტრუმენტი ქვის იარაღებით მდიდარ ადგილას აღმოაჩინეს. ხის არტეფაქტები სპეციალური გარემოდან გამომდინარე ასობით ათასი წლის განმავლობაში შემოინახა.
ქვიშის ნიმუშების ლუმინესცენციური დათარიღებით ლარი ბარჰამმა და მისმა კოლეგებმა ხის სამი ნაჭერი შეისწავლეს: მოჭრილი მორი — 324 000 წლით დათარიღდა, შედარებით თხელი ნაჭერი 390 000 წლით, ხოლო ორი ერთმანეთზე გადადებული მორი 476 000 წლით.
მკვლევრების თქმით, ერთმანეთზე გადადებული ეს ორი მორი აქამდე აღმოჩენილი არტეფაქტებისგან განსხვავებულია. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ხის მორები რაიმე სტრუქტურის ნაწილი უნდა ყოფილიყო, მაგალითად ნაგებობის.
"უძველესი ადამიანისთვის მსგავსი სტრუქტურების შემუშავება უმნიშვნელოვნესი იქნებოდა. ამ ტექნიკის დახვეწით ისინი კონსტრუქციების შექმნას შეძლებდნენ", — ამბობენ მკვლევრები.
ახალ აღმოჩენას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, მათ შორის იმის თუ როდის დაიწყეს ჰომინინებმა ხის დამუშავება.
"წარმოუდგენელია, რომ ჰომინინებს ხე არ გამოეყენებინათ. ჩვენთვის საინტერესოა თუ როგორ იყენებდნენ მას და როდის დაიწყეს ეს", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები