ისტორიაში პირველად, ლაბორატორიაში ადამიანის 2 კვირის ემბრიონის მოდელები გაზარდეს
მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის მოდელები გაზარდეს, რაც გვიჩვენებს, როგორია ჩანასახის ჩამოყალიბების პირველი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა.
საშვილოსნოს კედელზე კვერცხუჯრედის მიმაგრების თავდაპირველი პერიოდის შესწავლა ფერტილურობის, წარუმატებელი ორსულობისა და ნაყოფის დეფექტების შესახებ მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს. ამის მიუხედავად, არსებობს ეთიკური შეზღუდვები და ტექნოლოგიური გამოწვევები, რომელთა გამოც სათანადო კვლევებს ვერ ვახორციელებთ.
"პირველი თვე, მეტწილად, შავი ყუთია. ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი ადამიანის ემბრიონის ეს მოდელი ყუთში ჩახედვის ეთიკურ და ხელმისაწვდომ გზას გვთავაზობს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ გენეტიკურად არამოდიფიცირებული, ადამიანისგან მიღებული ღეროვანი უჯრედები რთულ სტრუქტურებში გააერთიანეს, რომლებიც ემბრიონის განვითარების ეტაპებს იმეორებს. ეს ჩვენი ღეროვანი უჯრედების თვითორგანიზებულობას ცხადყოფს და აქამდე უმნიშვნელოვანესი პროცესების შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს.
მთავარი მახასიათებლები, რომლებიც სხვა მოდელებში არ ყოფილა, პლაცენტისა და ემბრიონის დამხმარე სტრუქტურები გახლავთ. ასევე, უჯრედების შრე, რომელიც ჩანასახს აყალიბებს, სანამ მასში სხვადასხვა ქსოვილი და ორგანო გაიზრდება. ახალი კვლევა ძველს ეყრდნობა, რომელმაც თაგვების ემბრიონების ღეროვანი უჯრედების თვითორგანიზებულობა დაგვანახა.
"ჩვენ ეს შედეგები ადამიანებზე გადმოვიტანეთ და მხოლოდ გენეტიკურად არამოდიფიცირებული ემბრიონული ღეროვანი უჯრედები გამოვიყენეთ. გამოვცადეთ, რა შესაძლებლობები აქვს ემბრიონის მსგავს სტრუქტურებს, რომლებიც ადამიანის ნამდვილი ჩანასახის განვითარების სხვადასხვა ეტაპს იმეორებს", — ამბობენ ავტორები.
შედეგად, სპეციალისტები დააკვირდნენ, როგორ ვითარდება ემბრიონი განაყოფიერებიდან და საშვილოსნოში იმპლანტაციიდან 7-8 დღის შემდეგ, 13-14 დღემდე. მათ მიერ შექმნილი მოდელები მოიცავს როგორც უჯრედთა შრე ეპიბლასტს, ასევე ჰიპობლასტს, ექსტრაემბრიონულ მეზოდერმას, ტროფობლასტსა და ყვითრის პარკს.
"ჩვენი მოდელები შესაძლოა, გამოვიყენოთ ბიოქიმიური და მექანიკური სიგნალების გამოსავლენად, რომლებიც ადრეულ ეტაპზე სათანადო განვითარებას უზრუნველყოფს. ასევე, იმის გასაგებად, რა შეიძლება ამ პროცესში არასწორად წარიმართოს", — აცხადებენ მკვლევრები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები