სომხეთი რუსეთს "აბსოლუტური გულგრილობის" გამო აკრიტიკებს
სომხეთმა აზერბაიჯანის თავდასხმებზე რუსეთის "აბსოლუტური გულგრილობა" დაგმო, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ჰუმანიტარულ კრიზისში სომხეთია დამნაშავე.
კრიტიკულ განცხადებაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მათ ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებზე "აბსოლუტურ გულგრილობაში" დაადანაშაულა. უწყების განცხადებით, რუსეთმა "უპასუხოდ დატოვა" სომხეთის ოფიციალური მოთხოვნა სამხედრო დახმარების მიღებაზე — რომელიც გათვალისწინებული იყო როგორც რუსეთთან, ასევე მათი ხელმძღვანელობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (CSTO) დადებული შეთანხმებებით.
ამ განცხადებაში ასევე დაადანაშაულეს რუსეთი და CSTO "აშკარად მცდარი და უაღრესად საშიში თეზისის" შენარჩუნებაში, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დემარკირებული არ არის და რთული იყო იმის გადამოწმება, მოხდა თუ არა თავდასხმები სომხეთის ტერიტორიაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში რუსი სამშვიდობოების მიმართ სხვა ბრალდებებიც გააჟღერა — 15 ივნისს ლაჩინის საგუშაგოსთან კონფლიქტის დროს "მისიის ფარგლებსა და პასუხისმგებლობის გეოგრაფიული ზონის გარეთ" მოქმედება; იმ აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მხარდაჭერა, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დროშის აღმართვას ცდილობდნენ.
სწორედ ინციდენტის შემდეგ, რომელშიც ერთი აზერბაიჯანელი და ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა, აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალებმა ლაჩინის დერეფნის სრული ბლოკადა განახორციელეს, რითაც რეგიონის მოსახლეობას ყოველგვარი მარაგები და ჰუმანიტარული დახმარება შეუზღუდეს.
"რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით აზერბაიჯანულმა მხარემ მიმართა ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების გატაცება", — ვკითხულობთ განცხადებაში. აქ იგულისხმება ბოლო დროს იმ სამოქალაქო პირების დაკავებები, რომლებიც ლაჩინის საგუშაგოს გადაკვეთას ცდილობდნენ.
- გაიგეთ მეტი: აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებელი სამი სომეხი აზერბაიჯანის დროშის "შეურაცხყოფისთვის" დააკავა
ეს განცხადება მოჰყვა ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვას შეფასებას, რომ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულ კრიზისზე სომხეთი იყო პასუხისმგებელი.
"მინდა შეგახსენოთ, რომ ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარების შედეგია", — განაცხადა ზახაროვამ.
მან ასევე არ მიიღო რუსი სამშვიდობოების უმოქმედობაზე გამოთქმული კრიტიკა და განაცხადა, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იყო "უადგილო, არასწორი და გაუმართლებელი".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ უპასუხა ზახაროვას ხუთშაბათს დილით, სამინისტროს სპიკერმა ანი ბადალიანმა თქვა, რომ ეს განცხადება "დაბნეულობასა და იმედგაცრუებას იწვევს".
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას, როცა ისინი დათანხმდნენ რუსეთის წინადადებას, მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადადებულიყო, რუსეთმა არ სცადა ამ მიდგომის შემდგომში გამოყენება მას შემდეგ, რაც ის აზერბაიჯანმა უარყო.
"რადიკალური ცვლილება"
ზახაროვას შეფასებები ეხმიანებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 ივლისის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფაშინიანის გადაწყვეტილებამ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ "რადიკალურად შეცვალა ფუნდამენტური პირობები" 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმებაში და რუსეთის სამშვიდობო ძალების სტატუსი რეგიონში.
ომის შემდეგ რუსეთის სამშვიდობო მისია მთიან ყარაბაღში განლაგდა, იმ მანდატით, რომ უზრუნველეყო რეგიონის სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და ზედამხედველობა გაეწია ლაჩინის დერეფნის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე.
2022 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკადა დაიწყო, სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები და საზოგადოება რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტსა და პოლიტიკურ ლიდერებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ეს კი ზრდიდა შეშფოთებასა და კრიტიკას რეგიონში რუსეთის ჩართულობასა და სამშვიდობო მისიაზე.
ბლოკადის გამწვავებასთან ერთად რუსი სამშვიდობოები იმაშიც დაადანაშაულეს, რომ ხალხს პირველადი საჭიროების ნივთების შეტანის ან რეგიონიდან გასვლის საშუალების სანაცვლოდ ფულს თხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სამშვიდობო ძალებს დახმარების შესატანად ლაჩინის დერეფნის გამოყენება აუკრძალა, მთიან ყარაბაღში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკუთარი მარაგების შესავსებად რუსები ვერმტფრენებს იყენებდნენ.
ლაჩინის დერეფნის, მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზის შეფერხებამ საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტი გამოიწვია, რასაც საწვავის და ელექტროენერგიის ნაკლებობა დაემატა. რეგიონის მთავრობამ და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ძლიერდება და რეგიონის მოსახლეობა სულ უფრო მეტად დგას შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე.
სომხეთისა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ივლისსა და აგვისტოში გაგზავნილ დახმარების კოლონებს რეგიონში შესვლაზე უარი ეთქვათ და სიუნიკის პროვინციაში დარჩნენ, სამხრეთ სომხეთში, რომელიც ლაჩინის დერეფანს ესაზღვრება.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი უბიძგებს მთიან ყარაბაღს, დახმარება მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიის გავლით მიიღონ, სამშაბათს აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის მიერ გაგზავნილი 40 ტონა ფქვილის შეშვებაზე მთიანი ყარაბაღის ოფიციალურმა და სამოქალაქო პირებმა უარი თქვეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები