რას მალავენ პარლამენტარები და რამდენად ეფექტურია ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი
2022 წელს გადამოწმებულ პარლამენტართა 76%-მა ქონებრივი დეკლარაცია არასწორად შეავსო. ბოლო სამი წელია, დეპუტატების მიერ დეკლარაციების დარღვევებით შევსების შემთხვევები იზრდება.
საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირებს დეკლარაციის შესავსებად დეტალურ ინსტრუქციას აძლევს, თუმცა ისინი ამ ვალდებულებას თავს ვერ/არ ართმევენ. შესაბამისად, დეკლარაციებით მიღებული ინფორმაცია მეტწილად არაზუსტი და არასრულია. პარლამენტარები ხშირად მალავენ ოჯახის წევრების ქონებრივ მონაცემებს, საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, შემოსავლებსა და ანაზღაურებებს.
ქონებრივი დეკლარაციების ნაწილი შემთხვევითობის პრინციპით მოწმდება და სრულ სურათს არ ასახავს. 2022 წლის განმავლობაში შესამოწმებელი დეკლარაციების ჯამურმა ოდენობამ 377 შეადგინა. მათ შორის მოხვდა პარლამენტის 39 წევრი, რომელთაგანაც 30-მა, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი არასწორად შეავსო. დამრღვევთა სიას ქართული ოცნების დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ლიდერობს.
ჩიგოგიძის დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული უძრავ-მოძრავი ქონება. არ ფიქსირდება პარლამენტარის ყველა საბანკო ანგარიში, ხოლო წარდგენილ საბანკო ანგარიშების ნაშთებში ცდომილებაა. არასრულყოფილია ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობისა და ერთჯერადი ხარჯების/შემოსავლების შესახებ. დეკლარაციაში ვერ მოხვდა ჩიგოგიძისა და მისი ოჯახის წევრის ხელშეკრულებები.
დეპუტატი 924 ლარით დაჯარიმდა. მის დეკლარაციაში ვერ მოხვდა შვილის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 2 944 132 ლარია. ჩვეულებრივ, მონიტორინგში არ ქვეყნდება ინფორმაცია პარლამენტართა დარღვევების მასშტაბების შესახებ.
კანონდარღვევები ხშირად რეაგირების გარეშე რჩება. კანონდამრღვევი დეპუტატები ძირითადად 1 000 ლარიან ჯარიმას იხდიან. 6-წლიანი მონიტორინგის შედეგად, პროკურატურაში მხოლოდ 11 დეკლარაცია გადაიგზავნა, როცა შემოწმებული დეკლარაციების 65% არასწორად იყო შევსებული.
საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს 2017 წლიდან ახორციელებს. საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც საქართველომ 2022 წელის 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტული მოთხოვნა განუსაზღვრა.
კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელი მე-4 რეკომენდაცია მოითხოვს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას, რაც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას და დაეხმარება ქვეყანას, გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) წლებია ქონებრივი დეკლარირების სისტემაზე კვლევებს აქვეყნებს, წელს კი პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებაც წარადგინა. ორგანიზაციის იურისტის, სანდრო ქევხიშვილის შეფასებით, ქონების დეკლარირების და მონიტორინგის სისტემაში ბევრი ხარვეზია, რაც საშუალებას იძლევა, თანამდებობის პირებმა ქონება სრულად არ დაადეკლარირონ.
დეკლარირებული ინფორმაციის ვერიფიკაციასთან ერთად, მონიტორინგს კანონით აქვს მინიჭებული კორუფციული დანაშაულის ნიშნების გამოვლენა, რაც პრაქტიკაში ხშირად არ ხდება."მთავარია მონიტორინგის შინაარსი, მიზანი არ იყოს მხოლოდ დეკლარაციების სისწორის შემოწმება, არამედ კორუფციის გამოვლენა”, — განმარტავს TI-ს იურისტი.
TI-ს წარდგენილი კანონპროექტის ძირითადი მოთხოვნებია: გაფართოვდეს თანამდებობის პირთა წრე, ვისაც კანონი დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს; გაფართოვდეს ინფორმაციის ნუსხა, რაც დეკლარაციაში უნდა მოხვდეს; და გამკაცრდეს ჯარიმები დეკლარაციის დარღვევით შევსებისას. ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს ნაკლები შანსი ჰქონდეს, თავი აარიდოს საქმეების გადაგზავნას პროკურატურაში, ხოლო დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც ქონებრივ დეკლარაციებს ამოწმებს, გამომძიებელი ჟურნალისტებიც შეუერთდნენ.
"მონიტორინგის ბაზები შესაძლებლობას იძლევა, შემოწმდეს, ხომ არ დააგროვა კონკრეტულმა პირმა ქონება დაუსაბუთებლად, ან ხომ არ ჰქონდა თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო შემოსავალი. შარშან მონიტორინგს არცერთი დეკლარაცია არ გაუგზავნია პროკურატურაში გამოძიების დასაწყებად", — ამბობს ქევხიშვილი. თუ პირი დეკლარაციას არასწორად ავსებს, სტატისტიკურად კი ამას თანამდებობის პირთა ნახევარი აკეთებს, მათ მხოლოდ აჯარიმებენ.
TI-ის ცნობით, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება უკვე შეფასდა, როგორც არასაჭირო ცვლილება. თუმცა საჯარო სამსახურის ბიუროს სტატისტიკითაც კი დასტურდება, რომ ამ სისტემას სერიოზული პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს საშუალოდ 150 ადამიანი ჯარიმდება, დეკლარაციების სწორად შევსების მაჩვენებელი უარესდება და არც კორუფციის შემთხვევების გამოვლენა ხდება.
TI-ის საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. 2023 წელს კი თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5 % შემოწმდება.
ქონებრივ დეკლარაციებს პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. დეკლარაცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გააკონტროლონ თანამდებობის პირები, არ გამოიყენონ უფლებამოსილება პირადი სარგებლისთვის. ასევე, დროულად გამოაშკარავდეს და აღმოიფხვრას სამსახურებრივი ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები. გარდა მონაცემთა საჯაროობისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია კანონდამრღვევების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაც.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას.
სტატიის ავტორია ნინო აფაქიძე. სტატია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და იგი შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები