ჯოჯოხეთში და უკან: ჟურნალისტის მონათხრობი მთიანი ყარაბაღის მეორე ომზე
ომში ჩათრეულმა ჟურნალისტმა, რომელსაც იმედი ჰქონდა ეს არ მოხდებოდა, აღმოაჩინა, რომ მთიან ყარაბაღში მიღებული გამოცდილება პერიოდულად თავს ახსენებდა და მოსვენებას უკარგავდა. ამიტომ მიზნად დაისახა ხელი შეეშალა იმავეს განმეორებისთვის.
ზაფხულის საღამო იყო, თბილისში, დედაენის ბაღში მშვიდად უკრავდა მუსიკა, რომელსაც სულ ოდნავ არღვევდა ახლომახლო ჭიქების ჭახუნის ხმა. ჩვენი მეგობარი სტუდენტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტიდან, გამოცდებისთვის მოსამზადებელი გრძელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის მოვიდნენ.
როცა შუადღის აუტანელი სიცხის შემდეგ მსუბუქი ნიავით ვტკბებოდით, ჩვენთან ახლოს ფეიერვერკების აფეთქების ხმა გაისმა, რაც თბილისში ჩვეულებრივი მოვლენაა. შევნიშნე, რომ ჩემმა ჯგუფელმა სომხეთიდან, ჰერმინე ვირაბიანმა ყურებზე ხელები აიფარა და კანკალი დაიწყო. როცა ვკითხე, კარგად იყო თუ არა, რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა და მთხოვა, მის გვერდით ვყოფილიყავი. ბალახზე დავჯექით და როცა ცრემლები მოიწმინდა, გადაწყვიტა ჩემთვის მოეყოლა ტრავმული გამოცდილების შესახებ, რაც სომხებისა და აზერბაიჯანელებისთვის, ხშირად, ომთან არის დაკავშირებული.
"ომი უკვე მიმდინარეობდა, როცა დავიბადე", — ამბობს ჰერმინე, — "ჩემმა მშობლებმა შვილის გაჩენა გადაწყვიტეს ქვეყანაში, რომელიც ომში იყო და როგორც ჩანს, არ იფიქრეს იმ შედეგებზე, რომლის წინაშეც მე და ჩემი თაობა აღმოვჩნდით".
როგორც ჰერმინე ამბობს, სკოლაში აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილი ასწავლეს, მაგრამ წლების განმავლობაში მან უფრო მეტი გაიგო კონფლიქტის შესახებ, იმოგზაურა, შეხვდა აზერბაიჯანელ ადამიანებს და აღმოაჩინა, რამდენი საერთო აქვთ სომხებსა და აზერბაიჯანელებს.
"მტკივნეული იყო იმის გააზრება, რომ ასე ძალიან ვგავართ ერთმანეთს და მაინც, ამდენად გვძულს ერთმანეთი".
"არც ისე კარგი კვირა დილა"
2020 წლის 26 სექტემბერს, აზერბაიჯანსა და სომხეთში ბევრი არ ფიქრობდა, რომ ომი დაიწყებოდა. სხვები, ვისაც გაცნობიერებული ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, იმედოვნებდნენ, რომ ეს არ მოხდებოდა. ადამიანები აგრძელებდნენ მშვიდად ცხოვრებას 27 სექტემბრის დილამდე, სანამ აზერბაიჯანელი სამხედროები მთიან ყარაბაღს თავს დაესხმებოდნენ.
არც ჰერმინე ყოფილა გამონაკლისი. ომის წინა დღეს ის მეგობრებთან ერთად სომხეთში, წვეულებაზე იყო.
"მთელი ღამე ვერთობოდით მონოპოლიის თამაშით", — იხსენებს ჰერმინე, — "დილით, გაღვიძებისას დავინახე, რომ ჩემი მეგობრები სამზარეულოში იდგნენ. ყველა ახალ ამბებს კითხულობდა — ომი დაიწყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. ერთ-ერთმა ბიჭმა თქვა: "ეს ნამდვილად არ არის საუკეთესო კვირა დილა".
ორი დღის შემდეგ ჰერმინეს კოლეგამ დაურეკა და უთხრა, რომ Le Monde-ს ჟურნალისტების ჯგუფს მთიან ყარაბაღში შუამავალი სჭირდებოდათ და აინტერესებდა, თუ შეძლებდა მათ დახმარებას. მისი მოვალეობა იქნებოდა მათთან ერთად მოგზაურობა, ინტერვიუების დაგეგმვა ადგილობრივებთან და თარგმნა.
მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ომში პირდაპირ ჩართული ყოფილიყო, ის მთელი კარიერის განმავლობაში აშუქებდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ომის შედეგებს და დევნილთა პრობლემებს. ომი უკვე მიმდინარეობდა და ამ შემოთავაზების მიღება კარგი შესაძლებლობა ჩანდა იმისთვის, რომ საერთაშორისო ყურადღება მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაზე გადაეტანა.
"გადარჩენის ინსტიქტებზე მინდობა"
სწრაფი მომზადების შემდეგ ჰერმინე კორესპოდენტ ალან კავალსა და ფოტოგრაფ რაფაელ იაგობზადესთან ერთად მთიან ყარაბაღში გაემგზავრა. ომი ამ დროს უკვე რამდენიმე დღის დაწყებული იყო და სოციალური ქსელები სავსე იყო რეგიონში მიმდინარე მძიმე ბრძოლებისა და დაბომბვების ამსახველი კადრებით.
ჰერმინე ამბობს, რომ შიშის გრძნობით იყო სავსე, როცა იმ რეგიონისკენ მიდიოდა, სადაც ომი იყო გაჩაღებული.
"მე ვმონაწილეობდი ომის კორესპოდენტთა წვრთნებში, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ თითქმის ყველაფერი, რაც გვასწავლეს, ახლა უსარგებლო იყო. ვიცოდი, როგორ მესაუბრა იმაზე, რაც ხდებოდა მაგრამ არ მესმოდა, როგორ უნდა მემუშავა აქტიური კონფლიქტის ზონაში. ამ დროს გადარჩენის ინსტიქტებს ენდობით, რაც ყოველთვის კარგი არ არის".
იმ ღამეს ჟურნალისტები სტეფანაკერტში (ხანქენდში) ჩავიდნენ, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში. ჰერმინე ამბობს, რომ სიბნელეში ჩავიდნენ, სინათლე ყველგან გამორთული იყო, რათა ქალაქი ბომბების სამიზნე არ გამხდარიყო.
ჩასვლისთანავე ჰერმინე და მისი პარტნიორები პრესკონფერენციაზე წავიდნენ, რომელსაც მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელმძღვანელი, არაიკ ჰარუთიუნიანი მართავდა.
"პრესკონფერენციაზე ჰარუთიუნიანი მუდმივად საუბრობდა აზერბაიჯანის დანაკარგებზე, ვითომ ისინი აგებდნენ და მე ვფიქრობდი: "რას იტყვით სომხურ მხარეზე? რატომ არ საუბრობთ ხალხე, ვინც ამ მხარეს იტანჯება?".
კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტები სასტუმროში დაბრუნდნენ, სადაც ღამის გათევას აპირებდნენ. იქ მათ საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენის ხმა გაიგეს. ჰერმინემ აიღო ყველაფერი, რისი მოგროვებაც შეძლო და ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად თავშესაფრისკენ გაიქცა.
"ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა — რამდენიმე დღის წინ ყავას ვსვამდი ერევანში, ახლა კი ბომბებისგან დასაცავად თავშესაფარში მოხვედრას ვცდილობ" — იხსენებს ჰერმინე. თუმცა, ეს სირენა ცრუ განგაში აღმოჩნდა.
"სიკვდილი ზემოდან"
მეორე დღის დილით, სტეფანაკერტში მყოფ უცხოელ და ადგილობრივ ჟურნალისტებს შესთავაზეს აერჩიათ ორი ქალაქიდან ერთ-ერთი — ჰადრუთი ან მარტუნი, სადაც შეძლებდნენ წასვლას და ბოლო დაბომბვის შედეგების გადაღებას.
მარტუნი პატარა ქალაქია, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს. მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დასრულების შემდეგ ის სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროების გამყოფ ზოლზე აღმოჩნდა.
2020 წლის ომის პირველ დღეს ქალაქზე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, რომელსაც მთიანი ყარაბაღის სახალხო დამცველის თქმით, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა. სწორედ აქ წავიდნენ პირველი ოქტომბრის დილას ჰერმინე და Le Monde-ს ჟურნალისტებიგ, რათა დაბომბის შედეგად დაზიანებული სახლები გადაეღოთ და ადგილობრივ მოსახლეობას გასაუბრებოდნენ.
როგორც ჰერმინე ამბობს, მარტუნში ჟურნალისტების დიდი ჯგუფი ჩავიდა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. იქ უთხრეს, რომ ყველას ერთდროულად ვერ გაიყვანდნენ ქალაქში, რადგან ხალხის დიდი ჯგუფი და მანქანები, ხშირად, საბრძოლო დრონების სამიზნე ხდებოდა.
სანამ თავიანთ რიგს ელოდებოდნენ, ჰერმინემ და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს დამოუკიდებლად გაევლოთ ირგვლივ, გადაეღოთ სახლები და გასაუბრებოდნენ თავშესაფრებში მცხოვრებ ადამიანებს. ის იხსენებს, რომ ყველა, ვისაც შეეძლო, წავიდა. ქალაქში დარჩნენ მხოლოდ კაცები, ვისაც მთიანი ყარაბაღის დატოვება აეკრძალათ და ისინი, ვინც უარს ამბობდნენ თავიანთი შვილებისა და ქმრების გარეშე წასვლაზე.
ფრანგი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ჰერმინეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ჩაფხუტი არ ჰქონია. მისი თქმით, სომხეთი იმდენად მოუმზადებელი იყო ომისთვის, რომ ქვეყანაში არ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობით დამცავი აღჭურვილობა პრესისთვის. ფრანგმა კოლეგებმა ჰერმინეს თავიანთი ჟილეტი შესთავაზეს, ისინი ჯერ კიდევ ელოდებოდნენ ადგილობრივ გიდს, რომელიც მათ ქალაქის დაზიანებულ რაიონებში მიიყვანდა.
"გრიშამ სურვილი გამოთქვა, რომ დაგვხმარებოდა — დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც იმ დროს ჩვენთან ახლოს იდგა. ის ჯარში არ იყო გაწვეული, რადგან მისი ძმა 2016 წლის ომის დროს დაიღუპა და ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, მისი გაწვევა ვერ მოხერხდა. გრიშამ გადაწყვიტა მარტუნში დარჩენილიყო და ქალაქში მყოფებს დახმარებოდა. მან თქვა, რომ ჩვენი ქალაქში გაყვანა შეეძლო", — ამბობს ჰერმინე.
ჟურნალისტები მანქანაში ჩასხდნენ და იმ ქუჩისკენ წავიდნენ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს. ჰერმინე და მისი კოლეგები ერთ-ერთ დაზიანებულ სახლში შევიდნენ. ბევრ სახლში ფანჯრები ჩამსხვრეული იყო, იატაკზე კი მინის ნამსხვრევები ეყარა.
"მიტოვებული შინაური ცხოველები ნანგრევებში ტრიალებდნენ და საჭმელს ეძებდნენ. უხვი მოსავლისგან ხის ტოტები მიწამდე დამხობილიყო, ბროწეული იმდენდა მწიფე იყო, რომ დასკდა, მაგრამ მოსავალი აღებული არ იყო", — იხსენებს ჰერმინე, — "ხეებში გზა გავიკვლიეთ, რომ ახლოს მდებარე კიდევ ერთი დაზიანებული სახლი შეგვემოწმებინა. ჩვენსა და ამ სახლს შორის ადრე გამოყენებული იარაღის ნაწილები ეყარა. ახლოს არ მივსულვართ, მხოლოდ შორიდან ვუყურებდით, ყველაფერი გადავიღეთ და შემდეგი სახლისკენ დავიძარით".
ჟურნალისტებმა გადაღება დაასრულეს და მანქანაში ჩასხდომას აპირებდნენ, როცა სამეზობლოში აფეთქების ხმა გაისმა.
"ყველანი სხვადასხვა მხარეს გავიფანტეთ. იქამდე ძლივს ვახერხებდი მოძრაობას მძიმე ჯავშანჟილეტში, იმ მომენტში კი იმაზე სწაფად გაქცევა შემეძლო, ვიდრე ოდესმე (თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა). აფეთქებები ყველა მიმართულებით ხდებოდა, ათამდე აფეთქება იყო. შემდეგ გავარკვიე, რომ ისინი გრადით [მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები] გვბომბავდნენ. მხოლოდ თავშესაფრის პოვნაზე ვფიქრობდი. სახლებისკენ გავიქეცი, მაგრამ ყველა კარი დაკეტილი იყო".
"აფეთქებები უცებ შეწყდა. შოკში ვიყავი და ძლივს ვიაზრებდი რა ხდებოდა როცა ზურგს უკან დახმარების ძახილი გავიგე და მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მოხდა. უკან მივიხედე და შავ კვამლში დავინახე ალანი, სისხლით გაჟღენთილი იწვა. ამის შემდეგ რა მოხდა, არ მახსოვს".
ჰერმინეს უჭირს გაიხსენოს რა მოხდა მას შემდეგ, რაც მარტუნში დაბომბვა გამოსცადა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ, სხვა ჟურნალისტების მიერ მომზადებული კადრებისა და იქ მყოფი კოლეგების მიერ მოყოლილი ისტორიებით მოახერხა იმ დღეს განვითარებული მოვლენების გაერთიანება.
"იქ ვიდექი, თითქოს გაყინული თუ მიწებებული ერთ ადგილას და ვყვიროდი, დახმარებას ვითხოვდი. რაფაელიც ფეხში იყო დაჭრილი და სისხლიანი იწვა. სხვა ჟურნალისტები მოვარდნენ, რამდენიმე მანქანა გააჩერეს და დაჭრილების გაყვანაში გვეხმარებოდნენ".
დაბომბვის შედეგად დაჭრილები ადგილობრივი საავადმყოფოს სარდაფში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა უმკურნალეს. ჰერმინემ მძღოლს დაურეკა, რათა გაეგო, როგორ იყვნენ ის და გრიშა. მძღოლი ცოცხალი იყო, მაგრამ გრიშას ვერ პოულობდა.
"როცა დაჭრილები საავადმყოფოში მივიყვანეთ, ექიმები ლანჩის შესვენებაზე აპირებდნენ გასვლას. ისინი არ იყვნენ ომს მიჩვეულნი, მაგრამ სწრაფად მობილიზდნენ. საავადმყოფოს თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც შოკურ მდგომარეობაში იყვნენ. ზოგიერთი მათგანი ტიროდა და ვალერიანს [დამამშვიდებელ მცენარეულ ნაყენს] სვამდა", — ამბობს ჰერმინე.
სანამ ექიმები დაშავებულებს ეხმარებოდნენ, გარეთ ისევ აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქი იბომბებოდა და კიდევ უფრო მეტი დაჭრილი შემოჰყავდათ საავადმყოფოში. როგორც ჰერმინე ამბობს, ელექტროენერგია რამდენჯერმე გაითიშა.
ალანმა საფრანგეთის საელჩოში დარეკვა ითხოვა. სატელეფონო კავშირი არ იყო, მაგრამ სომეხმა ჟურნალისტმა მოახერხა ერევანში ჩასვლა და ჰერმინეს თხოვნით, საელჩოს დაუკავშირდა.
ინფორმაცია ორი ფრანგი ჟურნალისტის დაჭრის შესახებ ბევრმა საერთაშორისო გამოცემამ გააშუქა. დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის, 2 სომეხი ჟურნალისტი.
"ჯერ კიდევ მარტუნში ვიყავი, როცა ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ ახალი ამბები ნახა და მკითხა, კარგად ვიყავი თუ არა. მეგობრებმაც დამირეკეს, მაგრამ ლაპარაკისთვის დრო არ მქონდა. პალატიდან პალატაში დავრბოდი, ალანს და რაფაელს ვამოწმებდი. ექიმმა თქვა, რომ ალანი კვდებოდა".
"დერეფანში რამდენიმე კაცის საუბარი გავიგე — ისინი გრიშას ეძებდნენ. ერთ-ერთი მისი ძმა იყო. როგორც შემეძლო, ავუხსენი სად ვიყავით დაბომბვისას და ისინიც მის მოსაძებნად წავიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ გრიშა დაიღუპა. ის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა და ალბათ, ამიტომ ვერ ვიპოვეთ მაშინვე".
"დღემდე ვფიქრობ მასზე და ვტირი, საკუთარ თავს ვადანაშაულებ მის სიკვდილში. ვფიქრობ, როგორ შემეძლო მისი პოვნა და დახმარება. დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ ის ჩვენთან ერთად წამოვიდა იმ ქუჩაზე და ჩვენ იქ დავტოვეთ".
ალანის მდგომარეობა უარესდებოდა და გადაწყდა, რომ ის სტეფანაკერტში უნდა გადაეყვანათ სასწრაფო ოპერაციისთვის. მარტუნი ჯერ კიდევ იბომბებოდა, მაგრამ ექიმებმა მაინც გადაწყვიტეს, შანსი გამოეყენებინათ და ფრანგი ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაით წაიყვანეს.
ჩვეულებრივ მარტუნიდან სტეფანაკერტამდე 40 წუთია საჭირო, მაგრამ ალანის სასწრაფო დახმარების მანქანამ 20 წუთში მოახერხა ჩასვლა, ამბობს ჰერმინე. რაფაელს ოპერაცია მარტუნში ჩაუტარდა, რადგან მისი ჭრილობები მძიმე არ იყო.
"ჯოჯოხეთიდან დაბრუნება"
მძღოლი, რომელმაც ჰერმინე და სხვა ჟურნალისტები მარტუნში წაიყვანა, მსუბუქად იყო დაჭრილი და გადარჩა. ჰერმინე სტეფანაკერტში სხვა მანქანით დაბრუნდა, რომელმაც ჟურნალისტები დაბომბილი ქალაქიდან უსაფრთხოდ გამოიყვანა.
"როცა თავშესაფარი დავტოვეთ, შეშინებული ვიყავი. მეგონა, რომ სამყაროს აღსასრული დადგა და თუ თავშესაფარს დავტოვებდი, მოვკვდებოდი. ჩვენი მანქანა ასი მეტრის მოშორებით იყო და იქამდე მისვლის ძალიან მეშინოდა".
"სტეფანაკერტში მალე ჩავედით. სასტუმროში მივედი, ჩვენი ნივთები ავიღე და გავარკვიე, რომ საფრანგეთის საელჩოს უკვე ეზრუნა ალანისა და რაფაელის სომხეთში გადაყვანაზე".
ჰერმინე ავიდა ავტობუსში, რომელსაც მშვიდობიანი მოსალეობა მთიანი ყარაბაღიდან გაჰყავდა.
"ავტობუსში დავინახე ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ და შეშინებული ქალები, და მივხვდი, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობით, ვერ შევძლებდი შვიდი საათის განმავლობაში მათთან ერთად მგზავრობას. მინდოდა მათი გადაღება, მაგრამ ვერ შევძელი. იქ ყოფნა არ შემეძლო და ავტობუსი დავტოვე".
"ამ დროს ავტობუსში შემოვიდა ოჯახი — კაცი, ქალი და ბავშვები. მძღოლმა უთხრა კაცს: "ქალსა და ბავშვებს შეუძლიათ დარჩენა, მაგრამ შენ უნდა გახვიდე". ამ კაცის თვალებში სასოწარკვეთა დავინახე და ცრემლები წამომივიდა. ის უნდა დარჩენილიყო და მომკვდარიყო, მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი იყო და იქ ცხოვრობდა. უნდა დარჩენილიყო და მომკვდარიყო".
მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად ჩამოსული მოხალისეების მანქანით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ჰერმინე ერევანში ჩავიდა. მისი თქმით, მანქანა ძალიან სწრაფად მოძრაობდა, რადგან ყველას ეშინოდა დრონებით თავდასხმის.
"ერთ-ერთი გაჩერებისას მძღოლი საჭმელად წავიდა, მე ჭამა არ შემეძლო. მეგობარს დავურეკე, მოვუყევი ყველაფერი, რაც მოხდა და ორივემ ვიტირეთ".
"ორი წელი გავიდა, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში ხშირად ჩნდება ორი სახე — გრიშას ძმის და იმ კაცის, რომელსაც უფლება არ მისცეს ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ქალაქი".
"საკუთარი მიწა საკუთარი სისხლით უნდა დაიცვა"
ჰერმინე ჩავიდა ერევანში, სადაც მის (ამჟამად ყოფილ) ქმარს შეხვდა. იმ დროს სომხეთში სამხედრო მობილიზაცია იყო გამოცხადებული, რადგან სომხეთის შეიარაღებული ძალები მთიანი ყარაბაღის მხარეს იბრძოდნენ. ქმარიც გაიწვიეს, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ეს ჰერმინესთვის არ ეთქვა, რომელიც ომის ზონიდან ცოტა ხნის დაბრუნებული იყო.
"მეორე დღეს, საუზმისას, მთხოვა ტელეფონი დამედო და გაწვევის წერილზე მითხრა. ვტიროდი და არ ვიცოდი რა მექნა, ან რა მეთქვა. ერევნის საავადმყოფოში წავედით, სადაც ალანი და რაფაელი იყვნენ, რათა გვენახა და მათი ნივთები მიგვეტანა. შიგნით შევედი. იქ ბევრი დაჭრილი ახალგაზრდა კაცი იყო".
"მე ვნახე რა ხდებოდა ყარაბაღში, ვნახე უამრავი დაჭრილი საავადმყოფოში. ხელისუფლება ცრუოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ჩემი ყოფილი ქმარი ჯარში გაიწვიეს, მაგრამ ხალხს უხაროდა ომი და გამარჯვებაზე ოცნებობდა. საშინელება იყო იმის ყურება, თუ როგორ დაიმორჩილა ისინი პროპაგანდამ", — ამბობს ჰერმინე.
ორი კვირის შემდეგ მის ქმარს დაურეკეს და უთხრეს, რომ დილით სამხედრო რეგისტრატურისა და გაწვევის ოფისში უნდა მისულიყო. მას უკვე ჰქონდა სამხედრო გამოცდილება და სავალდებულო სამხედრო სამსახური მთიანი ყარაბაღის სასაზღვრო ზოლში ჰქონდა გავლილი. ეს მძიმე დარტყმა იყო ჰერმინესთვის.
ამბობს, რომ სანამ ქმარი ფრონტის ხაზზე წავიდოდა, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, თითქმოს ომი არ იყო. წყვილი ცდილობდა, რომ არ წაეკითხათ და არ ესაუბრათ ახალი ამბების შესახებ; უბრალოდ ფილმებს უყურებდნენ და დროს ერთად ატარებდნენ. ერთ დღეს, როცა ისინი სავაჭრო ცენტრში, სწრაფი კვების ობიექტში იმყოფებოდნენ, მათი მცდელობების მიუხედავად, ომი მათ ცხოვრებაში შეიჭრა.
"ვჭამდით, როცა კაფეში პატრიოტული სიმღერა ჩართეს, რომლის სათაურიც ასე ითარგმნება: "საკუთარი მიწა საკუთარი სისხლით უნდა დაიცვა". ვცდილობდით, რომ ის დღეები, რომლებიც შესაძლოა ჩვენი ბოლო დღეები ყოფილიყო ერთად, ბედნიერად, ჩვეულებრივი წყვილივით გაგვეტარებინა. მაგრამ ჩვენ გვითხრეს: "არა, წადი და მოკვდი".
წყვილი ფიქრობდა, რომ სამხედროებს ფრონტის ხაზზე ეკრძალებოდთ იმაზე საუბარი, თუ სად იყვენენ და რა ხდებოდა, ამიტომ საიდუმლო კოდი მოიგონეს. მაგალითისთვის, "მოკითხვა გადაეცი ჩემს დას" ნიშნავდა "კარგად ვარ". ასეთი კოდების დახმარებით, ჰერმინე რუკაზე თვალს ადევნება, სად იყო მისი ქმარი.
ის ომს გადაურჩა და მისი დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდა.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ორ კვირაზე მეტი ხნის დასაბანი იყო როცა ჩამოვიდა, ჭუჭყიანი და სუნიანი იყო, მაგრამ არ მადარდებდა".
"მარტუნის აჩრდილებისგან მოსვენება დაკარგული"
მთიან ყარაბაღში მოგზაურობის შედეგები ჰერმინემ დაბრუნებიდან მალევე შეიგრძნო. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ჭექა-ქუხილისას რაღაც აუხსნელი შიშის გრძნობა გაუჩნდა. მას ჯერ კიდევ ეშინია ხმაურის, მათ შორის, ფეიერვერკის.
"მე და ჩემმა მეგობრებმა ახალი წელი თბილისში აღვნიშნეთ. მათ ფეიერვერკების ნახვა უნდოდათ. მე არ მინდოდა წასვლა იმიტომ, რომ ვიცოდი როგორი რეაქცია მექნებოდა ძლიერ ხმაურზე, მაგრამ მეშინოდა, რომ მოსაწყენი ადამიანი გამოვჩნდებოდი და ამიტომ წავედი. ფეიერვერკის დროს ყურსასმენი გავიკეთე, მაგრამ მაინც მეშინოდა. ვცდილობდი, ჩემი შიში არ მეჩვენებინა, რადგან ხალხი ზეიმობდა და არ მინდოდა ჩამეშხამებინა", — ამბობს ჰერმინე.
დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავის ხმებიც აშინებდა, განსაკუთრებით ომის დროს, როცა ისინი მუდმივად დაფრინავდნენ ქალაქის თავზე. მაგრამ მისმა მეგობრებმა და ნათესავებმა ჩათვალეს, რომ ასეთი შიშები "არაფერია" და მალე გაივლის.
"ომის დასრულების შემდეგ მე და ჩემი ყოფილი ქმარი გიუმრიში წავედით. კარგ დროს ვატარებდით. ერთხელ, როცა კაფეში ვიყავით სამხედრო თვითმფრინავმა ძალიან დაბლა გადაგვიფრინა. ყურებზე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე. ეს ნორმალური არ იყო".
"უცნაური რაღაცები დამეწყო. შეიძლება ჩვეულებრივ საქმეებს ვაკეთებდე, საუზმეს ვამზადებდე, ვალაგებდე, ან სადმე მივდიოდე და მოულოდნელად თითქოს ვიყინები და ჩემს მოგონებებს მარტუნში მივყავარ, იმ ქუჩაზე, სადაც ბომბების ქვეშ აღმოვჩნდით. გონებით ისევ იქ ვარ, დაკარგული და შეშინებული".
უკრაინის ახალი ამბები და კადრები ჰერმინეს გონებაში ისევ და ისევ მთიანი ყარაბაღის მეორე ომის მოვლენებს აცოცხლებს.
მოგონებების სიხშირე ახლა თანდათან იკლებს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ მოსვენებას არ აძლევს მას. ამაზე უფრო რთული ჰერმინესთვის იმ დანაშაულის გრძნობასთან გამკლავებაა, რომელსაც გრიშას სიკვდილის გამო განიცდის. სჯერა, რომ დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაშინ მათ რომ არ დახმარებოდა.
ჰერმინემ სომხეთში დაბრუნებისთანავე დაიწყო თერაპევტთან კონსულტაცია და მალე აღმოაჩინა, რომ ეს საუბრები დაეხმარა მომხდარის მიღებაში, მაგრამ არა ბოლომდე. ისევ ეშინია მთიან ყარაბაღში წასვლის, მაგრამ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა.
ომის დასრულებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ერთ-ერთი მედია დაუკავშირდა ჰერმინეს და სთხოვა წასულიყო სიუნიქის პროვინციაში, აზერბაიჯანის საზღვართან და ადგილობრივებს გასაუბრებოდა.
"როცა გორისში ჩავედი, თავს უხერხულად და უსიამოვნოდ ვგრძნობდი. როცა ქუჩაში მივდიოდი, ვიღაცამ ცაში დრონი აუშვა, რათა ქალაქის კადრები გადაეღო და მახსოვს, როგორი შეშინებული ვიყავი. ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ, საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელში სროლის ხმა გავიგე".
"ადგილობრივებმა ამიხსნეს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ხშირად ისვრიან ჰაერში მშვიდობიანი მოსახლეობის შესაშინებლად", — ამბობს ჰერმინე, — "როცა ისევ დაიწყო სროლა, მე და ჩემი კოლეგა გავჩერდით და მე ვუთხარი, აღარ შემიძლია აქ ყოფნა, წავიდეთ-მეთქი. მივხვდი, რომ ასეთ ადგილას მუშაობა არ შემეძლო".
ჰერმინე ამბობს, რომ თავიდან სირცხვილის გრძნობის გამო თავს უფრო ცუდად გრძნობდა, რადგან მისი თქმით, ბევრი, ვინც მთიან ყარაბაღში ცხოვრობდა და ჟურნალისტები, ვინც იქ მუშაობდნენ, უფრო ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, ბევრმა საყვარელი ადამიანი დაკარგა.
"ჩემმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ [ობიექტურად] კარგად ვიყავი, რადგან მეც და ჩემი ყოფილი ქმარიც ომის ზონიდან ცოცხლები და უვნებლები დავბრუნდით. მე შევეგუე იმ ფაქტს, რომ რაც მოხდა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მე მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ამის შესახებ ჩემი დამოკიდებულებები შევცვალო".
საკუთარმა გამოცდილებამ ჰერმინე კიდევ უფრო მეტად გახადა მშვიდობის მომხრე. ომის სისასტიკემ, შეშინებული ადამიანების სახეებმა, რომლებიც ნორმალურ ცხოვრებაზე ოცნებობდნენ, მას მოტივაცია მისცა, რომ ესაუბრა და უფრო მეტი გაეკეთებინა მშვიდობის დასამყარებლად.
"ვბრაზდები, როცა ამბობენ "მე მინდა მშვიდობა, მაგრამ..", არ შეიძლება ეს თქვა და "მაგრამ"-ის შემდეგ რაღაც სისულელეები დაამატო. ადამიანმა უნდა თქვას, "მე მინდა მშვიდად ცხოვრება. რა შემიძლია გავაკეთო მშვიდობის დასამყარებლად?".
"ომის დროს ბევრი აზერბაიჯანელი სოციალურ ქსელში მეგობრად დავამატე, ბევრი სხვა კი წავშალე, რადგან ომი გვიჩვენებს, ვინ არიან ადამიანები სინამდვილეში. 2020 წლის შემდეგ, აზერბაიჯანში ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ძალიან ვაფასებ ჩვენს მეგობრობას".
ჰერმინეს უყვარს, როცა თავის მეგობრებს სომხეთიდან აზერბაიჯანელი მეგობრების შესახებ უყვება და როცა საზღვარგარეთ არის, სადაც სომხებსა და აზერბაიჯანელებს საზღვარი აღარ ჰყოფთ, ის ცდილობს, რომ ისინი ერთმანეთს გააცნოს.
"თუ მე ვხედავ ვინმეს სომხეთიდან და ვინმეს აზერბაიჯანიდან, ყოველთვის ვეუბნები მათ: "აი, შენ სომხეთიდან ხარ და შენ აზერბაიჯანიდან, მიესალმეთ ერთმანეთს".
ალანი და რაფაელი გადარჩნენ და გარკვეული დროის განმავლობაში ჰერმინეს მათთან კავშირი ჰქონდა. ალანი, რომელიც მარტუნში მძიმედ დაიჭრა, ორი წლის განმავლობაში მკურნალობდა. რაფაელი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდა და უკრაინაში ომის გასაშუქებლად წავიდა. ჰერმინე ამბობს, რომ ამაყობს მისით, თუმცა თვითონ აღარასდროს წავა ომის ზონაში.
"აღარ მინდა ომის ნახვა. არ ვიცი რა არის მშვიდობა და მინდა გავიგო. ნორმალური ცხოვრება მინდა".
ამ სტატიაში გამოყენებული ყველა ადგილის სახელი და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს OC Media-ს სარედაქციო გუნდის შეხედულებებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები