საუდის არაბეთმა და სამმა არაბულმა სახელმწიფომ (არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი და ქუვეითი) ყატარის მიმართ წაყენებული ულტიმატუმებისა და სანქციების ვადა 48 საათით გაახანგრძლივეს. სპარსეთის ყურის ქვეყნები და ეგვიპტე ყატარს ექსტრემისტებთან თანამშრომლობაში, ასევე რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებაში ყატარს მხარს უჭერს თურქეთი და ირანი.

არაბული სახელმწიფოების მოთხოვნების შესრულების, მათ შორის ტელეკომპანია Al Jazeera-ს დახურვის ბოლო ვადა 2 ივლისს გავიდა. მანამდე, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულ რამან ალ ტანიმ თქვა, რომ მოთხოვნებს უარყოფდა, თუმცა მზად იყო დიალოგისთვის.

ყატარი, თავის მხრივ, უარყოფს ექსტრემიზმის დაფინანსებასაც და არაბული ქვეყნების მოთხოვნებს "საერთაშორისო სამართლის შეურაცხყოფად" აფასებს.

Al Jazeera-ს ცნობით, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულ რამან ალ ტანი დღეს, 3 ივლისს, ქუვეითში წარმოადგენს მოთხოვნების საპასუხო წერილს.

მანამდე, გავრცელებულ რელიზში, ყატარის მხარემ მათ წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია დაგმო და საერთაშორისო საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდა:

"მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა შეაჩეროს ყატარის უსამართლო, კოლექტიური დასჯისა და დამცირების კამპანია, რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასამყარებლად".

23 ივნისს, ოთხმა ქვეყანამ (ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე) 10-დღიანი ვადა მისცა ყატარს მოთხოვნების შესასრულებლად. ისინი ყატარისგან მოითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი და დახუროს თურქული სამხედრო ბაზა.

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა ყატარი დაადანაშაულეს, რომ იგი ისლამისტების დაჯგუფებებს მფარველობს, სახელმწიფოსგან დაფინანსებულ Al Jazeera-ს კი მათი პროპაგანდის პლატფორმად იყენებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის მოთხოვნით, ყატარმა უნდა:

  • გაწყვიტოს კავშირი მუსლიმთა საძმოსთან;
  • გადასცეს მათ ყველა ის პირი, რომელიც ტერორიზმშია ბრალდებული;
  • შეწყვიტოს ყველა იმ ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული;
  • შეწყვიტოს ისეთი მედიასაშუალებების დაფინანსება, როგორებიცაა Al Jazeera, Arabi21 და Middle East Eye;
  • გადაიხადოს კომპენსაცია.

სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის არსებული განხეთქილება ბოლო ათწლეულების განმავლობაში უპრეცენდენტოა.