საერთაშორისო კოსმოსური სადგური პოტენციურად საშიში ნაერთებითაა დაბინძურებული — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, საერთაშორისო კოსმოსური სადგური პოტენციურად საშიში ნაერთებითაა დაბინძურებული. მათი კონცენტრაცია იქ იმაზე მაღალია, ვიდრე აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში არსებულ სახლებში. მეცნიერებმა ეს დასკვნა დედამიწის ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაში არსებული მტვრის ანალიზისა და სხვა ნიმუშებთან შედარების შედეგად გამოიტანეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ასტრონავტებისთვის მსგავსი კონცენტრაცია ჯერჯერობით საფრთხის შემცველი არაა.
დამაბინძურებელ ნაერთებს შორისაა პოლიბრომირებული დიფენილ ეთერები, ჰექსაბრომოციკლოდოდეკანი, ორგანული ფოსფატის ეთერები, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, პერფტორალკილური ნივთიერებები, პოლიქლორული ბიფენილები და სხვა.
ზოგიერთი მათგანი ელექტრულ და ელექტრონულ მოწყობილობებში, საიზოლაციო მასალებში, ავეჯის ქსოვილებსა და ქაფებში გამოიყენება. ასევე, ტანსაცმელში, ქსოვილებში, ნახშირწყალბადურ საწვავში, სამშენებლო საშუალებებში და ა.შ.
ამის მიუხედავად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მათი პოტენციური ზიანის გამო ზოგი ასეთი დამაბინძურებელი ნაერთის გამოყენება აიკრძალა ან შეიზღუდა, რადგან, მაგალითად კარცინოგენულია, ანუ სიმსივნის რისკს ზრდის.
ეს ქიმიური სუბსტანციები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შესაძლოა, ასტრონავტების პირადი ნივთებიდან მოხვედრილიყო, როგორიცაა კამერები, MP3 მოწყობილობები, პლანშეტური კომპიუტერები, სამედიცინო დანიშნულების გაჯეტები და ტანსაცმელი. ამასთან, სავარაუდოა, რომ ზოგიერთი ნაერთი თავად მოდულებში უკვე არსებობდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მოძრავ კოსმოსურ ლაბორატორიაში არის სისტემები, რომლებიც ჰაერში ნახშირორჟანგსა და დამაბინძურებელ აირებს ამცირებს. რამდენად მოქმედებს ეს ზემოხსენებულ ნაერთებზე, ჯერჯერობით უცნობია.
ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა სამომავლო მისიებისთვის უფრო უსაფრთხო მატერიების შერჩევაში დაგვეხმარება. ახალი ნაშრომი გამოცემაში Environmental Science and Technology Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები