როგორია ბუნებრივი სტიქიების შარშანდელი სტატისტიკა — მსხვერპლი და ზარალი
კლიმატის ცვლილების გამო მთელ მსოფლიოში ბუნებრივი სტიქიები საგრძნობლად გახშირდა, რაც მსხვერპლთან და ეკონომიკურ ზარალთანაა დაკავშირებული.
ბელგიაში დაფუძნებული კვლევითი ცენტრის CRED მონაცემებით, გასულ წელს გლობალურად 387 ასეთი მოვლენა დაფიქსირდა, რამაც საერთო ჯამში 30 704 სიცოცხლე შეიწირა, 185 მილიონ ადამიანზე კი გარკვეული გავლენა იქონია. ამ მიზეზით გამოწვეულმა მთლიანმა ზარალმა შარშან 223.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ევროპაში სითბურმა ტალღებმა დაახლოებით 16 000 ინდივიდი იმსხვერპლა, აფრიკაში კი გვალვა 88.9 მილიონ ადამიანს შეეხო. ამერიკაში მხოლოდ ქარიშხალმა იენმა 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. ასევე, შარშან აფრიკაში სტიქიებთან ასოცირებული სიკვდილიანობა ძალიან გაიზარდა: თუ წინა 2 დეკადაში მსგავსი მსხვერპლი 3.8%-ს შეადგენდა, 2022 წელს უკვე 16.4% დაფიქსირდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმავეს ვერ ვიტყვით აზიაზე, სადაც, სტიქიების სიმრავლის მიუხედავად, სიკვდილიანობა შედარებით შემცირდა.
2022 წელს მომხდარი სტიქიების რაოდენობა 2002-2021 წლების საშუალო მაჩვენებელს ოდნავ აღემატება, სხვაობა მხოლოდ 17-ია. თითქმის იგივეა თითოეული ტიპის მოვლენის სიხშირეც.
სამაგიეროდ, შარშანდელი მსხვერპლი 2021 წლისას სამჯერ აღემატებოდა, თუმცა 2002-2021 წლების საშუალო ნიშნულზე (60 955) დაბალი იყო, რაც წინა პერიოდში მასშტაბური კატასტროფებითაა განპირობებული. ასეთი იყო, მაგალითად, 2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრა, რომელმაც 222 570 ადამიანი შეიწირა.
2022 წელს ევროპას სულ მცირე 5 რეკორდული სითბური ტალღა დაატყდა თავს, ზაფხულის ტემპერატურამ კი 47°C-სს მიაღწია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ კონტინენტზე ეს 16 305 ინდივიდის სიკვდილის მიზეზად იქცა. ეს იმ წელს იქ დაღუპულთა მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტი იყო.
გვალვით გამოწვეულმა შიმშილმა უგანდაში 2 465 ადამიანი შეიწირა და 2022 წელს მეორე ყველაზე მომაკვდინებელ მოვლენად იქცა. პირველ ადგილს ევროპის რეკორდული სიცხეები იკავებს. გვალვამ აფრიკაში მდებარე კონგოს რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, ნიგერიაში, სუდანში, ნიგერსა და ბურკინა-ფასოში ათეულობით მილიონ ინდივიდზე იქონია გავლენა, ჩინეთში კი 6.1 მილიონზე. იქ გვალვით გამოწვეულმა ზარალმა 7.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აშშ-ში 22 მილიარდი, ხოლო ბრაზილიაში — 4 მილიარდი.
პაკისტანში დატბორვის შედეგად 1 739 ადამიანი დაიღუპა, ზარალმა კი 15 მილიარდს მიაღწია. ინდოეთის იგივე მაჩვენებლები 2 035 და $4.2 მილიარდია, ნიგერიის — 603 და $4.2 მილიარდი. ბანგლადეშში ამან გავლენა იქონია 7.2 მილიონ ადამიანზე, ხოლო ჩინეთი 5 მილიარდი დოლარით დაზარალდა.
2022 წელს 3 ძლიერი შტორმი დაფიქსირდა, მათ შორის ორი ფილიპინებში. პირველს 346 ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი 3.3 მილიონ ინდივიდს შეეხო. მესამე ქარიშხალი იენი გახლდათ.
რაც შეეხება სეისმურ აქტიურობას, ყველაზე მომაკვდინებელი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთში ივნისში მომხდარი მიწისძვრა 1 036-იანი მსხვერპლით და ნოემბერში ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრა 334 დაღუპულით. მესამე ადგილზეა ფუკუშიმას მიწისძვრა, რომელმაც 8.8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია.
კომენტარები