ნახეთ: ვების ტელესკოპმა კითხვის ნიშნის ფორმის მქონე კოსმოსური ობიექტი გადაიღო
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ვცდილობთ, სამყაროსთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხები გავცეთ. ამის მიუხედავად, ჩნდება ახალი კითხვის ნიშნებიც, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით.
საქმე ისაა, რომ მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ გასულ თვეში ჩვენგან 1 470 სინათლის წლით დაშორებული, ფორმირების პროცესში მყოფი ორი ვარსკვლავი გადაიღო. მნათობები, სახელად Herbig-Haro 46 და 47, საოცარ სანახაობას ქმნის, თუმცა მათ ფონზე კიდევ ერთი საინტერესო კოსმოსური ობიექტი ჩანს. მას ის გამოარჩევს, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, კითხვის ნიშნის ფორმა აქვს.
მისი შეფერილობა და უჩვეულო ფორმა გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, მოწითალო ელფერი მიანიშნებს, რომ რაც არ უნდა იყოს ის, ჩვენგან ძალიან დიდ დისტანციაზეა, რადგან მისგან წამოსული სინათლე სპექტრის წითელ დიაპაზონშია წანაცვლებული.
"ეს, სავარაუდოდ, შორეული გალაქტიკა ან პოტენციურად ურთიერთმოქმედი გალაქტიკებია (შესაძლოა, სწორედ ამას გამოეწვია კითხვის ნიშნის ფორმის ჩამოყალიბება).
შეიძლება, ეს ამ კონკრეტული ობიექტის დაფიქსირების პირველი შემთხვევა იყოს. დამატებითი დაკვირვებებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რასთან გვაქვს საქმე. ვები ბევრ ახალ, შორეულ გალაქტიკას გვიჩვენებს, შესაბამისად, უამრავი რამაა ახლებურად შესასწავლი", — აცხადებენ მეცნიერები.
ილინოისის უნივერსიტეტში მომუშავე მეთ კეპლანი ვარაუდობს, რომ ვების მიერ აღბეჭდილ გამოსახულებაზე არსებული ორი სხვადასხვა სტრუქტურა (წერტილი და "კაუჭი") შერწყმის პროცესში მყოფი ორი გალაქტიკაა. ზედა მხარეს უფრო დიდი ზომის სისტემა უნდა იყოს განლაგებული, რომელიც გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგადაა დამახინჯებული.
"იმის მიუხედავად, რომ ამგვარი შეჯახებები ძალიან ქაოსურია, ორმხრივი ობიექტები მათგან გამავალი მომრგვალებული კუდით ძალიან ტიპურია", — ამბობს ის და ამატებს, რომ ეს ობიექტი ვარსკვლავი ვერ იქნება, რადგან 8 კაშკაშა შვერილი არ აქვს (როგორსაც ვების ფოტოებში ვხედავთ ხოლმე).
ვები უფრო მეტ საინტერესო და შორეულ კოსმოსურ სტრუქტურას გამოავლენს, რადგან ის ინფრაწითელი სპექტრის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამის მეშვეობით ტელესკოპი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 420 მილიონ წელში გაჩენილ გალაქტიკებსაც კი აფიქსირებს.
კომენტარები