ის, რისიც ატომური ბომბის შექმნისას ეშინოდათ — რა არის ატმოსფერული აალება
რამდენად საფუძვლიანია ფილმ ოპენჰაიმერში გამოთქმული ეჭვი და მართლა შეიძლება თუ არა, ერთმა აფეთქებამ სრულიად გაანადგუროს სიცოცხლე დედამიწაზე?
ფილმი ოპენჰაიმერი წლევანდელი წლის ერთ-ერთი ჰოლივუდური სენსაციაა. ფილმი მოგვითხრობს ცნობილ ამერიკელ ფიზიკოს რობერტ ოპენჰაიმერზე, რომელიც ხელმძღვამელობდა მანჰეტენის პროექტს. პროექტი 1942 წელს დაიწყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოში პირველი ატომური იარაღის შექმნას, რადგან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გერმანულ მხარეს ატომურ იარაღზე მუშაობა უკვე დაწყებული ჰქონდა, მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიზიკოსის და კვანტური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვერნერ ჰეიზენბერგის თაოსნობით.
ასევე იხილეთ: ვინ იყო რობერტ ოპენჰაიმერი — "ატომური ბომბის მამა"
მანჰეტენის პროექტში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი მეცნიერი: რიჩარდ ფეინმანი, ენრიკო ფერმი, ნილს ბორი, ჰანს ბეთე და სხვანი. ეს პროექტი ორი წლის მუშაობისა და აშშ-ის მთავრობის მხრიდან ორი მილიარდი (დღევანდელ რეალობაში 24 მილიარდი) აშშ დოლარის ინვესტირების შემდეგ წარმატებით დასრულდა პირველი ატომური იარაღის გამოცდით ნიუ მექსიკოს შტატში.
ფილმში კარგად არის წარმოჩენილი დილემები და ეჭვები, რომლებიც მეცნიერებს უჩნდებოდათ პროექტზე მუშაობისას, მათ შორის, ალბათ, მთავარი იყო ატმოსფერული აალება — გლობალური მოვლენა, რომელსაც შეეძლო დედამიწის მთლიანი ატმოსფეროს აალება. თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, ის მყისიერად გააქრობდა დედამიწაზე სიცოცხლეს. ფილმში ასევე ჩანს, რომ მეცნიერთა კოლექტივი აქტიურად მუშაობდა ამ მოვლენის ალბათობის გამოსათვლელად. მიღებული შედეგის მიხედვით, ამის ალბათობა "თითქმის 0%" (‘თითქმის ნული’) აღმოჩნდა, რაც ერთი შეხედვით ტოვებდა მცირე შანსს იმისა, რომ შემაძრწუნებელი, ყოვლისმომცველი კატასტროფა მართლაც მოხდებოდა.
რა არის ატმოსფერული აალება
ატმოსფეროს აალების შესახებ ჰიპოთეზა პირველად ამერიკელმა მეცნიერმა, მანჰეტენის პროექტის წევრმა და შემდგომში წყალბადის ბომბის მამად წოდებულმა, ედვარდ ტელერმა გამოთქვა.
ტელერის აზრით, ატომური იარაღის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იმდენად მაღალი ტემპერატურა, რომ ატმოსფეროში აზოტის, ხოლო ოკეანეებში — წყალბადის ატომბირთვების შერწყმა დაიწყება, ისევე, როგორც ეს მზის ბირთვში ხდება. ამას მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია, რამაც შესაძლოა მთლიანი დედამიწა მოიცვას, რის შედეგადაც მთლიანი დედამიწა პირდაპირი მნიშვნელობით ალში გაეხვევა. ამ სცენარის მიხედვით, საბოლოო ჯამში დედამიწა მინიატურულ ვარსკვლავად გადაიქცევა, სადაც ყოველგვარ ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ფორმებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ჰანს ბეთემ მყისიერად უარყო ეს ჰიპოთეზა, თუმცა ეს სცენარი მინიმუმ არაკომფორტული იყო დანარჩენი მეცნიერული წრისთვის. ამიტომ მანჰეტენის პროექტის წევრებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს, რომ გამოეთვალათ ამ კატასტროფის ალბათობა, რაც საბოლოოდ წარმოუდგენლად მცირე აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო.
არსებობდა თუ არა დედამიწის ალში გახვევის და მინიატურულ ვარსკვლავად ქცევის რეალური რისკი?
ფილმში ვხვდებით ზემოთ ნახსენებ დრამატულ მომენტს, რომელიც, ისტორიკოსების და მეცნიერების აზრით, სინამდვილეში არ მომხდარა, რადგან ოპენჰაიმერისთვის და პროექტის დანარჩენი წევრებისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება შეუძლებელია.
ამასთან დაკავშირებით 1946 წელს პროექტის წევრებმა, ედვარდ ტელერმა და ემილ კონოპინსკიმ სტატიაც გამოაქვეყნეს, სადაც საბედნიეროდ სრულიად უარყოფილ იქნა იმ დროს არსებული ატომური იარაღით ატმოსფერული აალებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა.
შესაძლებელია თუ არა, ატმოსფერული აალება გამოვიწვიოთ თანამედროვე ბირთვული იარაღით?
კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია გავიაზროთ ის ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ან უშლის ამ პროცესს. თუ გავითვალისწინებთ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ბირთვული იარაღის ტემპერატურა დეტონაციისას 100 მილიონ გრადუსს აღწევს, რაც 5-ჯერ აღემატება მზის გულის ტემპერატურას, შესაძლოა მართლაც ვიფიქროთ ამ აპოკალიპტურ შესაძლებლობაზე; თუმცა აქვე გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი გარემოება: მსგავსი პროცესის განსახორციელებლად აუცილებელია, რომ ატმოსფეროში რეაქციების შედეგად მიღებული ენერგია აღემატებოდეს გამოსხივების ენერგიას. ეს კი შეუძლებელია თანამედროვე ბირთვული იარაღისთვისაც კი.
ჰანს ბეთე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ატმოსფეროს აალებაზე საუბარი ალბათობის ენით არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია!
კაცობრიობა უკვე 2000-ზე მეტი ატომური აფეთქების მომსწრეა, მათ შორის ყველაზე დიდი საბჭოთა "ცარ ბომბა" იყო, რომელიც 1961 წელს გამოიცადა. არც ერთი აფეთქება არ დასრულებულა ატმოსფეროს აალებით. ბეითის, ტელერის, კონოპინსკის და დანარჩენი მანჰეტენის პროექტის წევრების აზრში ეჭვის შეტანის საფუძველი, საბედნიეროდ, დღემდე არ არსებობს.
კომენტარები