მეცნიერთა მტკიცებით, მათ ოთახის ტემპერატურისა და ნორმალური წნევის პირველი ზეგამტარი შექმნეს
მიგნება რევოლუციური შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა ამისათვის ჯერ იგი დამატებითი კვლევით უნდა დადასტურდეს.
სამხრეთკორეელ მეცნიერთა მტკიცებით, მათ მასალა შექმნეს, რომელიც ზეგამტარობას ოთახის ტემპერატურასა და ნორმალურ წნევაზე აღწევს. მათი კვლევები სფეროს სპეციალისტებს ჯერ არ მიმოუხილავთ; ნაცვლად რეფერირებადი გამოცემისა, ორივე ნაშრომი ჯერჯერობით მხოლოდ arXiv სერვერზეა ხელმისაწვდომი.
მეცნიერები უკვე საუკუნეზე მეტია, ისეთ მასალას ეძებენ, რომელიც ელექტრობას ერთი პუნქტიდან მეორემდე წინაღობის გარეშე გადაიტანს. ასე დენის გაფანტვას ავირიდებთ თავიდან, ანუ ელექტროგადამცემ ხაზებში გავლისას არანაირი ელექტრობა აღარ დაიკარგება. ეს ელექტრობის ბიზნესისთვის რევოლუციურ შედეგებს მოიტანს.
მიღწევას დიდი მნიშვნელობა ექნება ელექტრონიკის სფეროშიც, რადგან დენის გაფანტვა სხვადასხვა მოწყობილობაში არაერთ პრობლემას ქმნის ხოლმე.
ასევე იხილეთ: რა არის ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი და რაში გვჭირდება?
მკვლევრებმა ახლად შექმნილ მასალას LK-99 უწოდეს. უწყების მიხედვით, მის დასამზადებლად გოგირდის, ჟანგბადისა და ტყვიის შემცველი ფხვნილები შეურიეს ერთმანეთს. მიღებული მასა რამდენიმე საათით მაღალ ტემპერატურაზე შეაცხელეს. მეცნიერთა მტკიცებით, ასე რეაქციები წარიმართა, რის შედეგადაც ნარევი მუქ ნაცრისფერ ზეგამტარ მასალად გარდაიქმნა.
ნაშრომებში წერია, რომ კვლევის ავტორებმა LK-99-ის ნიმუშები ელექტრობის ზემოქმედების ქვეშ გამოცადეს. შედეგად მასალის მგრძნობიარობა თითქმის ნულამდე შემცირდა.
მათ ნივთიერება მაგნეტიზმზეც შეამოწმეს და მეისნერის ეფექტი იხილეს, რომელიც ზეგამტარობის ერთ-ერთი ნიშანია. ასეთი ტესტის დროს ნიმუში ჰაერში უნდა აიწიოს, როცა მაგნიტზე მოვათავსებთ. მკვლევართა ვიდეოში ჩანს, რომ LK-99 ზემოთ არა სრულად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ადის. ამას ისინი მასალის უსუფთაობით ხსნიან.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მკვლევართა მტკიცებებს კრიტიკულად მივუდგეთ — ბოლო წლებში მსგავსი მტკიცება აქამდეც არაერთი გვიხილავს, თუმცა საბოლოოდ არცერთი არ დადასტურდა.
2023 წელს სხვა მეცნიერებმაც გამოაქვეყნეს კვლევა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შექმნეს. შემდგომში მათი ექსპერიმენტი სხვა მკვლევრებმა გაიმეორეს და იმავე შედეგს ვერ მიაღწიეს. შესაძლებელია, ეს ცდაში მცირე განსხვავებებით ახსნილიყო.
სამეცნიერო საზოგადოებაში აღელვებაც დიდია და სკეპტიციზმიც. ამის საპასუხოდ ახალი კვლევის ავტორები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვა მეცნიერებმა მათი ექსპერიმენტი გაიმეორონ და მიგნებები გადაამოწმონ.
მართლაც, ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად რეალური და საფუძვლიანია ის, რასაც კორეელი მკვლევრები ამტკიცებენ. წარმატების შემთხვევაში ფიზიკის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა იქნება, რომელიც ელექტრონიკასა და არაერთ სხვა სფეროს რევოლუციურ ცვლილებებს მოუტანს.
კომენტარები