მიიღწა თუ არა ზეგამტარობა ოთახის ტემპერატურაზე? — დამატებითი ექსპერიმენტის შედეგები
2023 წლის მარტში კვლევა გამოქვეყნდა, რომლითაც მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მათი შექმნილი ნაერთი ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე გახდა. ახლახან ნანძინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღნიშნული კვლევა გაიმეორეს. შედეგად მათ იგივე მასალა მიიღეს, თუმცა ზეგამტარობას ვერ მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ეს ექსპერიმენტში არსებული მცირე განსხვავებებით აიხსნას. ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
ასევე იხილეთ: რა არის ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი და რაში გვჭირდება?
როჩესტერის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი) მეცნიერებმა ჟურნალ Nature-ში პირველი ნაშრომი ჯერ კიდევ 2020 წელს გამოაქვეყნეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ შექმნეს ნაერთი, რომელიც ექსტრემალური წნევის პირობებში ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე ხდებოდა. კვლევა ჟურნალმა მალევე უარყო, რადგან მასში მონაცემები შეუსაბამოდ ჰქონდათ გამოყენებული.
2023 წელს გუნდმა ჟურნალში კიდევ ერთი ნაშრომი გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც სხვა ნივთიერება შექმნეს და ამტკიცებდნენ, რომ იგი ზეგამტარი ოთახის ტემპერატურაზე ხდებოდა — იმაზე ბევრად ნაკლები წნევის პირობებში, ვიდრე წინა კვლევის შემთხვევაში.
ახალი კვლევის ფარგლებში ჩინეთის მეცნიერთა გუნდმა წინა ნაშრომში გამოყენებული მეთოდები გაიმეორა, რათა შეემოწმებინათ, მიიღებდნენ თუ არა იმავე შედეგებს. მათ ლუტეციუმისა და წყალბადის ნაერთს აზოტი დაუმატეს.
შედეგად მასალა წარმოიქმნა, რომელიც ერთი შეხედვით როჩესტერის მკვლევრების მიერ შექმნილის ანალოგიური გახლდათ. იგი სტრუქტურულად თითქმის ორიგინალის იდენტური იყო, იმავენაირი ვიბრაციული სიხშირეები ჰქონდა და მაღალი წნევის პირობებში ფერსაც ანალოგიურად იცვლიდა.
მიუხედავად ამისა, ზეგამტარობის კუთხით მასალამ ანალოგიური შედეგი არ გამოიღო. მეცნიერთა გუნდმა გარდაქმნის ცვლილება ნივთიერების სუპერცივ ტემპერატურაზე შემოწმების დროსაც კი ვერ შენიშნა.
საბოლოო ჯამში, მეცნიერები როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიგნებებს არ უგულებელყოფენ. მათი აზრით, შესაძლოა, თავიანთ მასალაში აზოტის მისართი იმ რაოდენობით არ ყოფილა, რომ სასურველი შედეგი გამოეღო. ამასთანავე, მისართი არათანაბრად იყო განაწილებული.
შესაბამისად, ახალი ნაშრომის ავტორები ფიქრობენ, რომ როჩესტერის უნივერსიტეტის მიგნებების შესამოწმებლად დამატებითი ტესტირებაა საჭირო.
კომენტარები