Google-ისა და Apple-ის დუოპოლია სრულდება — Amazon, Meta, Microsoft და TomTom ახალ რუკებს გვთავაზობს
ვისთვისაა ახალი რუკები და რა დაჯდება მისი გამოყენება?
Amazon-მა, Meta-მ, Microsoft-მა და TomTom-მა ერთობლივად გამოუშვეს რუკების მონაცემთა ღია ბაზა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, მიაწოდოს აპლიკაციების დეველოპერებს უფასო გეოგრაფიული მონაცემები, ხოლო, მეორე მხრივ, შეასუსტოს Google Maps-ისა და Apple Maps-ის დუოპოლია.
ოთხი კომპანიის მიერ გასული წლის დეკემბერში დაარსებული Overture Maps Foundation უფასო, სრული და ზუსტი ღია რუკების შემუშავების ერთობლივი მცდელობაა. დაარსებიდან დღემდე პროექტი გაფართოვდა და მოიცავს კიდევ რამდენიმე წევრს, მათ შორის, ორგანიზაციებს, როგორებიცაა: Sparkgeo, Cyient, InfraMappa და PTV Group.
ფონდის რუკების მონაცემთა პირველი ღია ბაზა გამოქვეყნდა ოთხშაბათს და შეიცავს ოთხ განსხვავებულ მონაცემთა ფენას, ესენია: საინტერესო ადგილები, შენობები, სატრანსპორტო ქსელი და ადმინისტრაციული საზღვრები. მონაცემთა ნაკრები შეიქმნა რუკების ღია მონაცემების შეჯერების, შემოწმებისა და დადასტურების გზით, ასევე Overture Maps Foundation-ის წევრების მიერ შეგროვებული და შეტანილი მონაცემების ჩართვით.
"Overture 2023-07-26-alpha.0-ს გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყოვლისმომცველი, საბაზრო დონის რუკების ღია მონაცემთა ნაკრების შესაქმნელად ჩვენი მუდმივად ცვალებადი სამყაროსთვის", — აღნიშნა Overture Maps Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ პრიოლემ. "ადგილების მონაცემთა ნაკრები, კერძოდ, წარმოადგენს, ძირითადად, აქამდე მიუწვდომელ ღია მონაცემთა ბაზას, რომელსაც აქვს პოტენციალი, შეადგინოს ყველაფრის რუკა, დიდი და პატარა ახალი ბიზნესებით დაწყებული, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული ქუჩის ბაზრობებით დამთავრებული."
ადგილების მონაცემთა ნაკრები მოიცავს 59 მილიონზე მეტ ჩანაწერს და შემუშავებულია მეტასა და მაიკროსოფტის მიერ შეგროვებული მონაცემებით. Overture Maps Foundation აპირებს, განაახლოს და შეინარჩუნოს მონაცემთა ბაზა "ყველა ხელმისაწვდომი რესურსიდან" მიღებული მონაცემების გამოყენებით, როგორებიცაა: მთავრობების საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები და ფართოდ გამოყენებადი რუკების ინფორმაცია. ფონდმა ასევე აღნიშნა, რომ ამ რესურსებს შორის მოიაზრებს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური სწავლების ალგორითმებსაც.
რა თქმა უნდა, Overture Maps Foundation-ის პირველი გამოშვება შორს არის სრული მონაცემთა ნაკრებისგან. მაგალითად, რუკის მონაცემებზე ამჟამად რუსეთის ადგილას დიდი ცარიელი სივრცეა. თუმცა ეს მაინც წინგადადგმული ნაბიჯია დეველოპერებისთვის — რომლებიც რუკების მონაცემებზე დაფუძნებულ აპლიკაციებს ქმნიან — ახალი ვარიანტისა და ნაკლები დანახარჯის შეთავაზების კუთხით. ამჟამად, გუგლისა და ეფლის Maps API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისზე წვდომისათვის დეველოპერები წელიწადში, სულ მცირე, 99 აშშ დოლარს იხდიან, ახალ რუკებზე კი მათ უფასო წვდომა ექნებათ.
კომენტარები