ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის დახმარებას აზერბაიჯანის გავლით ემხრობა — სომხეთი უკმაყოფილოა
როგორც ჩანს, ევროკავშირი მხარს უჭერს აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის წინადადებას, რასაც სომხეთში აღშფოთება მოჰყვა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
დეკემბრის შემდეგ, როცა ლაჩინის დერეფნის ბლოკადა დაიწყო, მთიანი ყარაბაღის რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა ივნისის შუა რიცხვებიდან ვითარება მკვეთრად გაუარესდა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა, როგორც ჩანს, მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის წინადადებას, პროდუქტები მოსახლეობას აღდამის გავლით მიეწოდებინათ.
"მე ხაზი გავუსვი ლაჩინის გზის გახსნის აუცილებლობას. ასევე მოვინიშნე აზერბაიჯანის მზადყოფნა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული მარაგების გადატანა აღდამის გავლით", — თქვა მიშელმა.
მიშელის განცხადება იმავე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებას მოჰყვა.
ლაჩინის დერეფანი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. აზერბაიჯანმა აპრილის ბოლოს დერეფნის დასაწყისში საკონტროლო პუნქტი მოაწყო, რითაც 2020 წლის ნოემბრის შეთანხმება დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო მისიის კონტროლს ექვემდებარება.
როცა რეგიონს მკვეთრად დაეტყო პროდუქტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტი, ბაქომ სურვილი გამოთქვა, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული დახმარება და მარაგები აღდამის გავლით შეეტანა.
სტეფანაკერტმა სასწრაფოდ უარყო ბაქოს წინადადება
მიშელის განცხადება დაგმეს სომხეთსა და მთიან ყარაბაღში — კრიტიკოსების აზრით, ალტერნატიული მარშრუტების შექმნის ნაცვლად ლაჩინის დერეფანი უბრალოდ უნდა გაიხსნას.
მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშებისა, სადაც მთიან ყარაბაღში საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტზეა საუბარი, აზერბაიჯანი რეგიონში მიმდინარე ბლოკადისა და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.
მიშელის განცხადებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა თხუთმეტი სომხური ორგანიზაციის საერთო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანს "ალტერნატივა არ გააჩნია".
"ნაცვლად ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისა, განიხილება "ალტერნატიული მარშრუტები", როგორიცაა აღდამი. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ამაზეა მიპყრობილი და არა აზერბაიჯანის მხრიდან ჰუმანიტარული დერეფნის უკანანო ბლოკადაზე და ეთნიკურ წმენდაზე", — წერენ სომხური ორგანიზაციები.
განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში მოქმედმა ორგანიზაციებმაც:
"ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ვერ მივიღებთ ჰუმანიტარული კატასტროფის დროს ადამიანების ღირსების შელახვის ფასად გაწეულ მხარდაჭერას იმ ქვეყნისაგან, რომელსაც მხოლოდ სიძულვილის, ტანჯვისა და ტკივილის შემოთავაზება შეუძლია", — წერია საერთო განცხადებაში.
დავით ბაბაიანმა, მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის მრჩეველმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას "საშიში" უწოდა.
"არსებობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ დერეფანი უნდა [გახსნას]", — განუცხადა ბაბაიანმა სომხურ მედიას, — "საიდან მოვიდა აღდამი?".
ტოივო კლაარმა, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე მხარი დაუჭირა ალტერნატიულ მარშრუტს და თქვა, რომ "ყველა შეთავაზების გამოყენება შეიძლება და ეს ლაჩინის ალტერნატივა კი არა, დამატებაა".
კრიზისის გაღრმავება და პროტესტი
მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი მხოლოდ ღრმავდება, რადგან რეგიონში გადადგილება ივნისის შუა რიცხვებიდან შეჩერებულია. სწორედ ამ დროს აუკრძალა აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში განლაგებულ რუსულ სამშვიდობო ძალებს რეგიონის მოსამარაგებლად ლაჩინის დერეფნის გამოყენება.
ამჟამად დერეფანს მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი იყენებს სომხეთში სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გადასაყვანად. მიუხედავად წითელი ჯვრის მიერ გაწეული დახმარებისა, ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, სიკვდილიანობისა და ნაყოფის მოშლის შემთხვევების ზრდა მაინც მოსალოდნელია საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო.
რეგიონში ენერგიისა და სურსათის დაზოგვის მიზნით, სტეფანაკერტმა ელექტროენერგიის გრაფიკი და პროდუქტებზე ლიმიტები შემოიღო. გასულ კვირას კი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეჩერდა.
პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად სტეფანაკერტის ცენტრში მჯდომარე საპროტესტო აქცია წამოიწყო და სხვებსაც მოუწოდა "უვადო პროტესტისაკენ".
კომენტარები