ნახეთ: ვების ტელესკოპით დანახულ გალაქტიკათა 3D ვიზუალიზაცია სამყაროს წარსულში გამოგზაურებთ
NASA-მ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული გალაქტიკების სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციაა წარმოდგენილი. ამ გასაოცარი კადრების ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კოსმოსში მოგზაურობთ და სამყაროს განვითარების სხვადასხვა ეტაპს აკვირდებით.
ეს შთამბეჭდავი სურათები პროექტ Cosmic Evolution Early Release Science (CEERS-ის ფარგლებშია გადაღებული, როცა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში დიდი დათვისა და მენახირის თანავარსკვლავედებს შორის არსებული მცირე რეგიონი მოექცა. აღნიშნული არეალი ჰაბლმაც დააფიქსირა და მას Extended Groth Strip ეწოდება. აქ თავს იყრის ათასობით გალაქტიკა, რომელთაც ე.წ. კოსმოსური განთიადის პერიოდამდე მივყავართ.
ვები ფოკუსირდა ადგილზე, სადაც 5 000 გალაქტიკაა მოქცეული, თუმცა მასში განსაკუთრებული სხვა რამაა. სიღრმეში, ყველაზე შორს, წითელი ლაქის სახით მეისის გალაქტიკას ვხედავთ, რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 390 მილიონ წელში უკვე არსებობდა და აქამდე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ასეთი სისტემაა.
ახალი სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის წყალობით, ვირტუალური ვოიაჟის განმავლობაში გალაქტიკათაშორისი სივრცის ამსახველი კადრებით სწორედ კოსმოსის ამ შორეულ წერტილამდე მივდივართ. რა თქმა უნდა, ასეთ დისტანციაზე წასვლა რეალურად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი ტექნოლოგიით, რადგან ეს უამრავ ფიზიკურ კანონს შეეწინააღმდეგებოდა.
სამაგიეროდ, ჩვენს ხელსაა ვების ტელესკოპი, რომელიც სამყაროს წარსულში იმზირება და მაშინდელ კოსმოსს გვაცნობს, სადაც მეცნიერებმა მოსალოდნელზე მეტი რაოდენობის გალაქტიკას მიაგნეს.
უნდა ითქვას, რომ ახლახან ვებს სამეცნიერო კვლევების ერთი წელი შეუსრულდა. ამ ერთი წლის შეჯამებას შეგიძლიათ, ჩვენს სტატიაში გაეცნოთ: ჯეიმს ვები 1 წლისაა — კოსმოსური ტელესკოპის მთავარი აღმოჩენები და ფოტოები.
კომენტარები