ისტორიული მომენტი — ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს
ქალს გული და ღვიძლი ერთდროულად გადაუნერგეს
ისტორიული სამედიცინო მიღწევის შედეგად, სიეტლში პაციენტი გადაარჩინეს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექიმებმა პაციენტს ერთდროულად გული და ღვიძლი გადაუნერგეს.
ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა.
დიდი ალბათობა იყო იმის, რომ პაციენტის ორგანიზმი მხოლოდ გულის გადანერგვას ვერ გაუძლებდა. შესაბამისად, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვაც.
ოფიციალური განცხადების თანახმად, ორმაგი ტრანსპლანტაცია ეფუძნება იმუნოპროტექტორულ მიდგომას, რა დროსაც დონორის ღვიძლი იმუნოდაცვით ინდუცირებას ახდენს.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 7 დეკემბერს კორონარული არტერიის დისექცია დაუსვეს, როდრიგესს გულის გადანერგვა დასჭირდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც გულის შიგნით არტერია მოულოდნელად იშლება, რის შედეგადაც წარმოიქმნება სისხლის შედედება გულის ფენებს შორის.
ექიმებმა აღნიშნეს, რომ გასათვალიწინებელი იყო ორსულობის ფაქტორიც. როდრიგესმა მესამე შვილი დიაგნოზამდე ორი კვირით ადრე გააჩინა.
"ორსულობისას ხდება ჰორმონალური ცვლილებები და ორგანიზმს აქვს სტრესი, რამაც შეიძლება კორონარული არტერიები დაუცველი გახადოს", — თქვა დ. დანიელ ფიშბეინმა, ექიმმა.
17 საათიანი ოპერაცია
როდრიგესის სამედიცინო მდგომარეობას ორი უნიკალური ასპექტი გააჩნდა.
პირველად როდრიგესს დონორისგან ღვიძლის ტრანსპლანტაცია გაუკეთდა. ამას იმუნორეაქცია უნდა შეემცირებინა. ასე სხეული ახალ გულს აღარ უარყოფდა. მეორე საინტერესო ფაქტორი კი ის არის, რომ თავად როდრიგესის ჯანმრთელი ღვიძლი ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტს გადაუნერგეს.
ქირურგიული პროცედურის დროს ჯერ ღვიძლი გადანერგეს, შემდეგ კი გული. ამავდროულად, როდრიგესის ღვიძლმა სხვა პაციენტს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
ოპერაცია ნამდვილად არ იყო მარტივი და ის 17 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია The Journal of Heart and Lung Transplantation-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები