მოხატულ კედელზე გაცოცხლებული ისტორია — 5 ქართველი ქალი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კედლებზე შესრულებული მასშტაბური ნამუშევრები გამოჩნდა, რომლებიც მრავალფეროვან თემატიკისაა და მათ შორის საქართველოს ისტორიის, კულტურული იდენტობისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ გვიყვება. ეს ნამუშევრები პროექტ ნიკოს ფარგლებში იქმნება, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს ბანკია. პროექტის ფარგლებში, დამწყები თუ გამოცდილი ხელოვანები ქუჩის მხატვრობის მრავალფეროვან ნიმუშებს ქმნიან, მათ შორის კი ერთ-ერთია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისადმი მიძღვნილი ახალი ნახატიც.
გიორგი პაბლო კალანდარიშვილის მიერ შექმნილ ნახატზე ფონად 1918 წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ვხედავთ, წინა პლანზე კი საქართველოს დროშასთან ერთად 5 ადამიანის ხელია გამოსახული. ეს რიცხვი შემთხვევითი არ არის, რადგან ნახატის ინსპირაციის წყარო ის 5 ქართველი ქალია, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა. ეს ფაქტი კი იმას უსვამს ხაზს, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებამდეც ქალები პოლიტიკაში მონაწილეობდნენ და მათივე უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძოდნენ.
დამოუკიდებლობის აქტის მიღების მნიშვნელობა
1918 წლის 26 მაისი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი უმნიშვნელოვანესი თარიღია. დიდი ბრძოლისა და საერთაშორისო დაძაბულობის მიუხედავად, სწორედ ამ დღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა და ევროპის მრავალი ქვეყნის მსგავსად, საქართველო სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცა. გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნაზე ერთხმად შეთანხმდნენ, მათ ასევე დაადგინეს, რომ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა ყველა ეროვნულ უმცირესობასაც შეეძლებოდა. რაც შეეხება თანასწორობას, დოკუმენტის მიხედვით, საქართველო თანაბრად დაიცავდა ყველას სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა. ასე რომ, თავისუფლების იდეისთვის მებრძოლმა ადამიანებმა შექმნეს დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც დემოკრატიას, თანასწორობას, ტოლერანტობასა და სხვა ფასეულობებს მხარს ღიად უჭერდა.
პირველი ქართველი ქალები პოლიტიკაში
ქართველმა ქალებმა მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველებმა მოიპოვეს საარჩევნო ხმის უფლება ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიოსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არჩევნებში ხმას მხოლოდ კაცები აძლევდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან მალევე საყოველთაო არჩევნებისთვის დაიწყო მზადება, რომელშიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდა მონაწილეობის უფლება განურჩევლად სქესისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. გარდა იმისა, რომ არჩევნებში ქართველ ქალებს ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, 1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან 5 დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. გიორგი პაბლო კალანდარიშვილმა კედლის ნახატი სწორედ ამ 5 ქალის ინსპირაციით შექმნა, რომელთა ისტორიაც საუკუნის შემდეგაც არ კარგავს შთამაგონებელ ძალას.
ქრისტინე შარაშიძე
ქრისტინე შარაშიძე 15 წლამდე ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, საიდანაც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო გარიცხეს. ქრისტინე აქტიურად იყო ჩართული პედაგოგიურ საქმიანობაში, 1917 წელს კი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრიც გახდა. 1919 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქრისტინე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა და ასევე, პრეზიდიუმის მდივანიც იყო. 1922 წლის თებერვალში ქრისტინემ საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით პედაგოგების გაფიცვა მოაწყო, რის გამოც რამდენიმე თვით დააპატიმრეს. ქრისტინე სიცოცხლის ბოლომდე ანტისაბჭოთა მოძრაობაში აქტიურად იყო ჩართული, პარალელურად კი ქართული ხელნაწერების შესწავლას დიდ დროს უთმობდა. ქრისტინე შარაშიძე 1973 წელს გარდაიცვალა.
მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე
მინადორა ტოროშელიძე ანტისაბჭოურ მოძრაობებში 1905 წლიდან იყო ჩართული. 1918 წელს მინადორა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა, არჩევნების ჩატარების შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრადაც აირჩიეს. პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობის პერიოდში მინადორა ასევე იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრიც. 1921 წლის თებერვალში, როცა რუსეთის საბჭოთა არმია საქართველოს დაესხა თავს, მინადორა წითელ ჯვარში მუშაობდა. 1924 წელს მინადორა მოსკოვში გადაასახლეს, იქიდან კი 1936 წელს — ყაზახეთში. 1937-38 წლებში მინადორას ქმარი და ორივე შვილი დახვრიტეს. მინადორას თბილისში დაბრუნების უფლება 12 წლის შემდეგ მისცეს. გასახლებაში ყოფნისას კი მინადორა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა და სამედიცინო საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წელს გარდაიცვალა.
ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
ელეონორა მახვილაძე 1905 წელს, თბილისის ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ, საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა. სოხუმში ყოფნისას ის პედაგოგად მუშაობდა და რევოლუციურ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა. 1917 წლამდე ელეონორა სამჯერ დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ კი, 1919 წელს დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. პოლიტიკაში ყოფნის დროს ელეონორა დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრიც იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ელეონორა აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს კი არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა. 1926 წელს ელეონორა დააკავეს და საქართველოდან გადაასახლეს. 1930-იან წლებში ელეონორა თბილისში დაბრუნდა და პედაგოგობა განაგრძო. მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის თბილისში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა.
ანა სოლოღაშვილი
ანა სოლოღაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების კიდევ ერთი წევრია, რომელიც პოლიტიკაში 21 წლის ასაკიდან იყო ჩართული. ანა 1903 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და არაერთხელ დაუპატიმრებიათ. 1919 წელს ანამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, 1921 წლამდე კი დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებშიც მუშაობდა. 1925 წლიდან ის ანტისაბჭოთა მოძრაობას შეუერთდა, პარალელურად კი პედაგოგურ საქმიანობას განაგრძობდა. ანა სოლოღაშვილი 1937 წელს დააკავეს და შინსახკომის "ტროიკის" გადაწყვეტილებით, ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და "შოვინისტური განწყობების" ბრალდებით დახვრიტეს.
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე
ელისაბედ ნაკაშიძე 1904 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის საქმიანობაში მონაწილეობდა და ასევე აქტიურად იყო ჩართული 1905 წლის გურიის გლეხთა მოძრაობაში. 1917 წელს კი ელისაბედი გურიის ქალთა საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს. 1919 წელს ელისაბედ ნაკაშიძე დამფუძნებელი კრების წევრი და დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ელისაბედი ურალის მხარეში გადაასახლეს, 1925 წელს კი უკან დააბრუნეს. აქედან ერთ წელში ელისაბედი კვლავ გადაასახლეს: ჯერ ციმბირში, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში. 1937 წელს ელისაბედი კონტრრევოლუციურ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დახვრიტეს.
პირველი 5 პარლამენტარი ქართველი ქალის ისტორია გვაჩვენებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საქართველოს დამოუკიდებლობისა და რუსეთის იმპერიისგან გათავისუფლებაში კი ქალებს დიდი წვლილი მიუძღვით.
"ჩემი ნახატის შთაგონების წყარო ის 5 ქალია, რომელმაც დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მოაწერა. მათი განსაკუთრებული ჩართულობა, სიმამაცე და მონდომება იმისა, რომ ვყოფილიყავით თავისუფალი ერი, ჩემთვის ამ ნახატის შექმნის მოტივატორი გახდა", — ამბობს გიორგი პაბლო კალანდარიშვილი. პროექტი ნიკო კი, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, კვლავ გრძელდება. საქართველოს ბანკი 2019 წლიდან ნიკოს მხარდამჭერია და თანამშრომლობას ისევ აგრძელებს, რის ფარგლებშიც წინ კიდევ უფრო მეტი და საინტერესო ნამუშევარი გველოდება.
კომენტარები