აღმოაჩინეს პაწაწინა თავის ქალები, რომლებიც გადაშენებულ პინგვინებს ეკუთვნის
მეცნიერებმა ახალი ზელანდიის ტარანაკის რეგიონში 2 პაწაწინა თავის ქალა აღმოაჩინეს, რომლებიც დედამიწაზე დაახლოებით 3 მილიონი წლის წინ მცხოვრებ პინგვინებს ეკუთვნის. ესაა აქამდე უცნობი სახეობა Eudyptula wilsonae, იგივე უილსონის პატარა პინგვინები, რომლებიც ძალიან მომცრო ზომისანი იყვნენ.
თავის ქალები, რომელთაგანაც ერთი ზრდასრული, მეორე კი ახალგაზრდა ცხოველისაა, ფორმითა და ზომით პატარა პინგვინებისას (Eudyptula minor) ჰგავს. ეს უკანასკნელი დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობს და, როგორც სახელი მიანიშნებს, დღესდღეობით პინგვინთა ცოცხალ სახეობებს შორის ყველაზე პატარაა.
მათი ზომა 35 სანტიმეტრამდეა, წონა კი მხოლოდ 0.9 კილოგრამია. სავარაუდოდ, დაახლოებით ასეთი მახასიათებლები უნდა ჰქონოდათ უკვე გადაშენებული Eudyptula wilsonae-ს სახეობის წარმომადგენლებსაც.
პატარა პინგვინები და მათი ქვესახეობები ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და ტასმანიის ტერიტორიაზე ბინადრობენ, თუმცა მათი წარმოშობის ადგილი გაურკვეველია. ახალი აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ამ გვარის ფესვები სწორედ ახალ ზელანდიაშია. ფაქტი, რომ ეს არსებები ამდენი ხნის განმავლობაში კლიმატის ცვლილების პარალელურად არ შეიცვალნენ, მათ ევოლუციურ მედეგობასა და გამძლეობას უსვამს ხაზს.
ამჟამინდელი გლობალური დათბობის ფონზეც, ზემოხსენებულ სახეობას საკმაოდ სტაბილური პოპულაცია ჰყავს და გადაშენების საფრთხის ქვეშ არაა. ამის მიუხედავად, ტემპერატურის მატება მათზეც ახდენს გავლენას, კერძოდ თევზებს, რომლითაც იკვებებიან, სიცხე უფრო შორეული ადგილებისკენ გაცურვისკენ უბიძგებს. მათთვის საშიშია ისეთი ინვაზიური ცხოველებიც, როგორიც ტასმანიური ეშმაკია.
რაც შეეხება ახალ მიგნებას, იმავე გუნდმა აქამდე ყველაზე დიდი ზომის პინგვინებიც გამოავლინა, რომლებიც დედამიწაზე 59.5 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ და 154 კილოგრამს იწონიდნენ. გამოდის, რომ ისინი ახალაღმოჩენილი სახეობის წარმომადგენლებზე 170-ჯერ მძიმეები იყვნენ.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Journal of Paleontology გამოქვეყნდა.
კომენტარები