რეზუს მაიმუნებში მამრებს მამრებთან უფრო ხშირად აქვთ სექსი, ვიდრე მდედრებთან — კვლევა
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პუერტო-რიკოს პატარა კუნძულზე მამრ მაიმუნებს სექსი ერთმანეთთან უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე მდედრებთან. საუბარია რეზუს მაიმუნებზე და მკვლევრების თქმით, ეს გენეტიკასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო აქტიურად ჰქონდა მამრს სხვა მამრებთან სექსი, შთამომავლობაც შესაბამისად უფრო დიდი ჰყავდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მაიმუნებში ეს ქცევა გამრავლებას უწყობდა ხელს.
"აქამდე ითვლებოდა, რომ ცხოველებში ჰომოსექსუალობა შთამომავლობის გავრცელებაზე უარყოფითად მოქმედებდა, თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ ეს პირიქითაა", — განუცხადა LiveScience-ს ლონდონის იმპერიული კოლეჯის ბიოლოგმა ვინსენტ სავოლაინენმა.
1930-იან წლებში მეცნიერებმა პუერტო-რიკოს პატარა კუნძულზე მაიმუნების კოლონია დაარსეს. მიზანი, ბუნებრივია მაიმუნების კვლევა იყო. ახლა კუნძული 1 700-ზე მეტ მაიმუნს მასპინძლობს.
10 ივლისს ჟურნალ Nature Ecology and Evolution-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერები ერთსქესიანი მაიმუნების ქცევას სწავლობდნენ.
მკვლევრები მაიმუნებს სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ დაადგინეს, რომ მაიმუნების 72%-ს თავისსავე სქესთან ჰქონდა სექსი, მაშინ როდესაც მხოლოდ 46% ჯვარდებოდა საწინააღმდეგო სქესთან.
მეცნიერებს ერთსქესიანთა სექსი აქამდეც ბევრ სახეობაში შეუსწავლიათ; მათ შორის მწერებში, ქვეწარმავლებში, ფრინველებსა და პრიმატებში. თუმცა, აქამდე ასეთი პროცენტული მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.
ასევე: ცხოველთა სამყაროში ჰომოფობია არ არსებობს
მკვლევრები ამბობენ, რომ მამრებს ეს ქცევა კოალიციების შექმნაში ეხმარებათ. ისინი ასე სხვა მამრებს უმეგობრდებიან და დანარჩენ კონკურენტებს ერთად ებრძვიან. ამით მაიმუნები უპირტესობას იღებენ და მდედრთან შეჯვარების შანსებიც ეზრდებათ.
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დასტურდება, რომ ჰომოსექსუალური ქცევა ნაწილობრივ გენეტიკაზე იყო დაფუძნებული. გენი, რომელიც ზრდის ცხოველის გადარჩენისა თუ გამრავლების ალბათობას, ბუნებრივია უფრო ფართოდ ვრცელდება", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრების თქმით, ახლა ისინი მაიმუნების გენომის სრულად გაშიფვრას გეგმავენ. მათ აინტერესებთ თუ კონკრეტულად რომელი გენია ხსენებულ პროცესებთან დაკავშირებული.
"ჩვენ და რეზუს მაიმუნებს ევოლუციურად საერთო წინაპრები გვყავს. შესაძლოა, მსგავსი ბენეფიტი ოდესღაც ადამიანებსაც გამოეყენებინათ. ეს ძალიან საინტერესო პარალელია და ის ყურადღებას იმსახურებს. რა თქმა უნდა, არის განსხვავებები ადამიანებსა და ამ მაიმუნებს შორის, მაგრამ შეიძლება არსებობდეს გარკვეული პარალელებიც", — თქვა სავოლაინენმა.
კომენტარები