როგორ მუშაობს მარტოსული ადამიანის ტვინი — კვლევა
ხშირად სამყაროს აღქმა ინდივიდუალურია. თუმცა, როდესაც თანამოაზრის პოვნა გვიჭირს, ეს შეიძლება მარტოობაში გადაიზარდოს.
მეცნიერებს აინტერესებდათ როგორ მუშაობს მარტოსული ადამიანის ტვინი. მათ ამისთვის 66 მოზარდის ტვინის მონაცემები გააანალიზეს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მარტოსული ადამიანების ტვინი განსხვავებულად ფუნქციონირებს. მეტიც, განსხვავება იყო თავად მარტოსულ ადამიანებშიც.
"გასაკვირი იყო იმის აღმოჩენა, რომ მარტოსული ადამიანები კიდევ უფრო ნაკლებად ჰგავდნენ ერთმანეთს", — ამბობს ფსიქოლოგი ელისა ბეიკი.
რა ხდება იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც თავს სოციალურად იზოლირებულად მიიჩნევენ? ბეიკს და მის კოლეგებს სწორედ ამის გარკვევა სურდათ.
ასევე: მარტოობის მეცნიერება: ყველაფერი, რაც ამ შეგრძნების შესახებ უნდა ვიცოდეთ — მოკლედ
მარტოსულობა ერთგვარი ემოციური მდგომარეობაა, როდესაც ჩვენს სურვილებსა და რეალობას შორის უფსკრული ჩნდება. ასეთ დროს პრობლემაა ურთიერთობების ხარისხი და არა რაოდენობა. შეიძლება ბევრ ადამიანთან გიწევდეთ კონტაქტი, მაგრამ თვლიდეთ, რომ თქვენი არავის ესმის.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 18-დან 21 წლამდე 66 პირველკურსელის ტვინის აქტივობები შეისწავლეს. ამისთვის მკვლევრებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) გამოიყენეს — ეს იმ მომენტში, როდესაც სტუდენტები ვიდეოებს უყურებდნენ.
ვიდეოები შეიცავდა წვეულებებისა და სპორტული ღონისძიებების ამსახველ კადრებს.
მონაწილეებმა სპეციალური სკალა შეავსეს, სადაც უთითებდნენ გრძნობდნენ თუ არა თავს მარტოსულად.
ისინი ვინც თავს მარტოსულად არ გრძნობდნენ ტვინის ფუნქციონირების მხრივ ერთმანეთს ჰგავდნენ. საინტერესოა, რომ მარტოსულების შემთხვევაში ტვინის აქტივობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
"კვლევა აჩვენებს, რომ მარტოსული ადამიანები სამყაროს ბევრად უფრო განსხვავებულად აღიქვამენ. შესაბამისად, აქვთ შეგრძნება, რომ მათი არ ესმით", — აღნიშნულია კვლევაში.
ბეიკის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მარტოსულ ადამიანს მეორე მარტოსული ადამიანისთვის გაგებაც უჭირს.
კვლევა Psychological Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები