როგორ მეტყველებდნენ ნეანდერტალელები?
ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნეანდერტალელებთან ურთიერთობდნენ და წყვილდებოდნენ კიდეც. შესაბამისად, მათ სათანადო კომუნიკაცია უნდა ჰქონოდათ, მაგრამ როგორ მეტყველებდნენ ეს ჰომინიდები?
ამის შესახებ მსჯელობა ახალ კვლევაშია წარმოდგენილი, რომელიც ჯერჯერობით PsyArXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირების პროცესშია.
"ნეანდერტალელები, დიდი ალბათობით, ჩვენის მსგავს ენებზე მეტყველებდნენ, თუმცა ისინი სტრუქტურულად ნაკლებად რთული და ფუნქციურად ნაკლებად მოქნილი უნდა ყოფილიყო", — ამბობს სევილიის უნივერსიტეტში მომუშავე ლინგვისტი, ანტონიო ბენიტეს-ბურაკო, რომელმაც ზემოხსენებული ჰომინიდების სამეტყველო შესაძლებლობები, ასევე, ანატომიური, სოციო-კულტურული, კოგნიტიური, გენეტიკური და სხვა თავისებურებები გააანალიზა.
ნაშრომის ავტორი ამბობს, რომ ნეანდერტალელთა ვოკალური ტრაქტი, მეტწილად, ჩვენსას ჰგავდა, ანუ მათ იგივე ბგერების დიდი ნაწილის გამოცემა შეეძლოთ. მსგავსი იყო სმენაც, თუმცა ამ სახეობის ტვინის თალამუსი, რომელიც მეტყველებაში მონაწილეობს, ისეთი განვითარებული არ ყოფილა. ამის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ ნეანდერტალელებს სხვადასხვა კონცეპტის გაერთიანებით რთული ლინგვისტური სტრუქტურების შექმნა უჭირდათ.
მათი ქვის იარაღები მიუთითებს, რომ ე.წ იერარქიული აზროვნებაც არ გამოსდიოდათ, ანუ რთულ ფრაზებსა და წინადადებებს ვერ აწყობდნენ. კულტურული ადაპტაციის ნაკლებობის მიხედვით, ასკვნიან, რომ მათ ინოვაციისთვის გონებრივი რესურსიც არ ჰყოფნიდათ.
ანტონიო ბენიტეს-ბურაკოს აზრით, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნეანდერტალელების სამეტყველო შესაძლებლობები შეზღუდული იყო — მარტივი სინტაქსით, მცირე ოდენობის ფუნქციური კატეგორიითა და ნაკლები განსხვავებული ბგერით.
ავტორი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და სიმართლესთან მის შესაბამისობას, სავარაუდოდ, ვერ დავადგენთ, რადგან ნეანდერტალელები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ.
კომენტარები