უძველეს სამყაროში დრო ხუთჯერ უფრო ნელა მიედინებოდა — კვლევა
მეცნიერები უძველეს სამყაროს აქტიურად სწავლობენ. მათ აინტერესებთ თუ როგორი იყო ჩვენი სამყარო "ახალგაზრდობაში".
და აი ახლა, "კვაზარ საათების" გამოყენებით მეცნიერებმა სამყაროს ევოლუციის ადრეულ ეტაპზე დაკვირვება შეძლეს.
"საწყის პერიოდში სამყაროში დრო ბევრად უფრო ნელა გადიოდა", — ნათქვამია პრესრელიზში.
კვლევამ აჩვენა, რომ უძველეს სამყაროში მასიური შავი ხვრელები ისე იქცეოდნენ, როგორც აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია წინასწარმეტყველებს.
"დრო ელასტიკურია": რატომ გადის ის უფრო სწრაფად მთის მწვერვალზე, ვიდრე ზღვის დონეზე
უძველესი და ნელი სამყარო
აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის მიხედვით, უძველესი სამყარო ბევრად ნელია, ვიდრე დღევანდელი. თუმცა, სამყაროს ასეთ პერიოდზე დაკვირვება არც ისე ადვილია.
ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში მეცნიერთა ჯგუფი განმარტავს, თუ როგორ გამოიყენეს კვაზარები, როგორც საათები.
"როდესაც წარსულში ვიხედებით, კონკრეტულად 12,7 მილიარდი წლის წინ, ჩვენ ვხედავთ, რომ დრო 5-ჯერ უფრო ნელა მიედინებოდა. თქვენ რომ იმ დროში გეცხოვრათ ერთი წამი ერთ წამად მოგეჩვენებოდათ. თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან ეს ის წამი არ არის რაც ახლაა", — ამბობს პროფესორი გერაინტ ლუისი, სიდნეის უნივერსიტეტიდან.
მეცნიერებმა 200 კვაზარის მონაცემები გამოიყენეს. საუბარია ზემასიურ შავ ხვრელებზე, რომლებიც ადრეული გალაქტიკების ცენტრშია. სწორედ ამ მონაცემებით მეცნიერებმა დროის ფარდობითობა დაადგინეს.
რა არის დროის ფარდობითობა?
დროის ფარდობითობა არის ფენომენი, რა დროსაც ობიექტები დროს განსხვავებულად განიცდიან. ეს დამოკიდებულია მათ სიჩქარესა და გრავიტაციულ პოტენციალზე. მაგალითსთვის, თანამგზავრებზე სპეციალური საათები დროს განსხვავებულად აფიქსირებენ, ვიდრე საათები დედამიწაზე.
"აინშტაინის წყალობით ვიცით, რომ დრო და სივრცე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამასთან, დიდი აფეთქებიდან მოყოლებული სამყარო ფართოვდება. სივრცის ეს გაფართოება ნიშნავს, რომ ადრეულ სამყაროში დრო უფრო ნელა მიედინებოდა", — თქვა პროფესორმა ლუისმა.
კვაზარების უპირატესობა
ამ კვლევამდე მეცნიერებმა გამოიყენეს ზეახალი ვარსკვლავები დროის გაფართოების გასაზომად.
მიუხედავად იმისა, რომ ზეახალი ვარსკვლავი წარმოუდგენლად კაშკაშაა მათი უძველეს სამყაროში დაფიქსირება რთულია. შესაბამისად, ახალ კვლევაში ზეახალი ვარსკვლავი კვაზარით ჩანაცვლდა. ამით შორეულ წარსულში გახედვა მოხერხდა.
ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო ფართოვდება სამყარო მით უფრო სწრაფად გადის დრო. სწორედ ამას წინასწარმეტყველებდა აინშტაინის ფარდობითობის თეორია ასი წლის წინ.
კომენტარები