NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე დონატის ფორმის უჩვეულო ქვას მიაგნო
NASA-ს მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა მავალმა Perseverance წითელ პლანეტაზე უცნაური ფორმის მქონე კიდევ ერთი ქვა დააფიქსირა. ის ყველასთვის კარგად ნაცნობი ფუნთუშეულის, დონატის ფორმას იმეორებს, ამიტომ საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია.
რა თქმა უნდა, ამ ობიექტს ბევრისთვის საყვარელ საკვებთან საერთო არაფერი აქვს, გარდა ფორმისა. ასეთი მიმსგავსების ფენომენს პარეიდოლია ეწოდება და ჩვენი მეზობელი ციური სხეულის შემთხვევაში ძალიან ხშირია. იქ უჩვეულო ქვები მრავლადაა და კოსმოსური აპარატების ობიექტივშიც არც ისე იშვიათად ხვდება ხოლმე.
ამჯერად დონატის ფორმის ობიექტი მარსმავლის ხელსაწყო SuperCam-ის კამერამ დაახლოებით 100 მეტრის დისტანციიდან გადაიღო. ეს 22 ივნისს მოხდა, მისიის 832-ე მარსულ დღეს.
ამგვარი ქვები წითელ პლანეტაზე მიმდინარე ხანგრძლივი ეროზიული პროცესების შედეგია, რასაც ძლიერი ქარი და მტვრის ქარიშხლები უწყობს ხელს. მსგავსი შტორმები იქ მარსის 687-დღიანი წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება, გარკვეულ პერიოდში ერთხელ კი გლობალურ სახეს იღებს და თვეობით გრძელდება.
მარსული დონატის ფორმირება სწორედ ქარიშხლებთანაა დაკავშირებული, რომლით პროვოცირებულმა ეროზიამაც ცენტრალური ქვის მასა დაშალა და მხოლოდ გარშემო არსებული ნაწილი დატოვა. ამ უკანასკნელმა ქარს გაუძლო და დღემდე ზემოთ ნაჩვენები სახით შემორჩა. მის მიმდებარედ იმავე ფერის ქვები გვხვდება, რაც მათ საერთო წარმომავლობაზე მიანიშნებს.
აღსანიშნავია, რომ იგივე ქვა Perseverance-მა 15 აპრილს უფრო ფართო ხედით გადაიღო, როცა მისგან დაახლოებით 400 მეტრი აშორებდა. ობიექტს, რომელიც მაშინ აპარატმა Mastcam-Z-ის სახელით ცნობილი კამერით აღბეჭდა, სურათის ზედა ნაწილში ვხედავთ.
Perseverance მარსზე 2021 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს და ეზეროს კრატერს იკვლევს, რომელშიც ადრე უზარმაზარი ტბა იყო. მან იქ გეოლოგიური ნიმუშებიც შეაგროვა, რომლებსაც NASA დედამიწაზე ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩამოიტანს. მათი შესწავლა ციური სხეულის წარსულის გამოკვლევაში დაგვეხმარება.
კომენტარები