ისტორიაში პირველად, NASA-მ ასტრონავტთა ოფლისა და შარდის 98% სასმელ წყლად გარდაქმნა
NASA უმნიშვნელოვანეს მიღწევას გვიზიარებს — ისტორიაში პირველად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტების ოფლისა და შარდის 98% სასმელად ვარგის წყლად გარდაქმნეს. მსგავსი ოდენობის სითხე აქამდე არ გადაუმუშავებიათ, რაც წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.
დედამიწის ორბიტაზე მოძრავი სადგურის ეკიპაჟი წყალს მრავალი დანიშნულებით იყენებს, მათ შორის დასალევად, კბილების გასახეხად, საჭმლის მოსამზადებლად და ა.შ. შესაბამისად, მათ საკმაოდ დიდი რესურსი ესაჭიროებათ, თუმცა მარაგის შესავსები მისიების ხშირად განხორციელება მრავალ პრობლემას უკავშირდება. ამ შემთხვევაში, ყველაზე მოსახერხებელია, თავდაპირველი მარაგი გადამუშავების შედეგად ისევ და ისევ გამოიყენონ.
სწორედ ამის საშუალებას იძლევა სისტემა, სახელად ECLSS, რომლის შარდის გასაფილტრი მოწყობილობაც (UPA) გაუმჯობესდა. ECLSS განავალს და ჰაერში არსებულ ამონასუნთქ ნესტსა თუ ოფლს აგროვებს, შემდეგ კი სუფთა წყლად აქცევს. თუ სენსორები სტანდარტებთან სითხის შეუსაბამობას დააფიქსირებს, გადამუშავების პროცესი ხელახლა იწყება, ხოლო მიკრობების გასანეიტრალებლად იოდი გამოიყენება.
შარდის გადამუშავების მეორეული პროდუქტი მარილწყალია, რომლის გასაფილტრადაც სისტემას ახალი ელემენტი დაემატა. ის რომ არა, 98%-იან შედეგს ვერ მივიღებდით. აქამდე წყლად ასტრონავტთა ოფლისა და შარდის 93-94% გარდაიქმნებოდა, ახალი მაჩვენებელი კი ამას საკმაოდ აღემატება. უკანასკნელმა დემონსტრაციამ აჩვენა, რომ დანაკარგი მხოლოდ 2%-ია.
შეიძლება ბევრ ადამიანს არასასიამოვნოდ მოეჩვენოს ფაქტი, რომ ასტრონავტები შარდისგან მიღებულ წყალს სვამენ, მაგრამ ის იმაზე სუფთაა, ვიდრე ჩვენ მოვიხმართ აქ, დედამიწაზე. ეს მიღწევა მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში უფრო ხანგრძლივი მისიები იგეგმება, მათ შორის მარსზე, ამისთვის კი წყლის მარაგი ნამდვილად საჭირო იქნება.
კომენტარები