ასეთი მარსი არასდროს გინახავთ — იხილეთ წითელი პლანეტის ულტრაიისფერი გამოსახულებები
NASA-მ მარსის ახალი სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტას ულტრაიისფერ სპექტრში ვხედავთ. ეს შთამბეჭდავი კადრები MAVEN-ის სახელით ცნობილმა ზონდმა გადაიღო, რომელიც კოსმოსში 2013 წელს გაუშვეს.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ფოტოები აპარატმა ციური სხეულის გარშემო მოძრაობისას, ორბიტის სხვადასხვა წერტილიდან, 2022-2023 წლებს შორის პერიოდში დააფიქსირა. კერძოდ, პირველი გამოსახულება შარშან, ივლისშია გადაღებული და ის მარსის სამხრეთ ნახევარსფეროს გვიჩვენებს.
ქვედა მარცხენა მხარეს ვხედავთ პლანეტის ერთ-ერთ უღრმეს კრატერ არგირს, რომელიც ატმოსფერული ნისლითაა სავსე. ზემოთ კი მარინერის უზარმაზარი ხეობაა აღბეჭდილი. ასევე, შესამჩნევია სამხრეთ პოლუსზე არსებული ყინული, რომლის მოცულობაც ზაფხულობით მცირდება.
რაც შეეხება მეორე სურათს, ის ზონდმა 2023 წლის იანვარში გადაიღო, როცა მარსმა მზისგან უშორეს წერტილამდე მიაღწია. მასზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროა გამოსახული, რომლის მიმდებარედაც სეზონის ცვლილების შედეგად ფორმირებული ღრუბლები მოჩანს.
მარინერის ხეობის ღრმა კანიონები ქვედა მარცხენა მხარეს აქაც შესამჩნევია ისევე, როგორც სხვადასხვა კრატერი. ზემოთ იისფრად ოზონია წარმოდგენილი, რომელიც ჩრდილოეთში ზამთრის უცივესი პოლარული ღამეების განმავლობაში გროვდება. გაზაფხულზე მას წყლის ორთქლთან ურთიერთქმედება ანადგურებს.
ორივე კადრი MAVEN-ის ულტრაიისფერმა სპექტროგრაფმა დააფიქსირა, რომელიც 110-340 ნანომეტრი ზომის ტალღებზეა კონცენტრირებული. ეს უკანასკნელი სპექტრის ხილულ დიაპაზონში არ ჯდება, შესაბამისად, მისი მეშვეობით ვაკვირდებით იმას, რასაც სხვაგვარად ასე დეტალურად ვერ დავინახავთ.
სურათებზე მომწვანო, მოლურჯო და მოწითალო ფერები ჭარბობს. პირველი პლანეტის ზედაპირზე არსებულ წარმონაქმნებს შეესაბამება, ღრუბლები მოლურჯო-მოთეთროა, ატმოსფერული ოზონი კი — იისფერი.
ახალი ფოტოები შესაძლოა იმის გაგებაში დაგვეხმაროს, თუ როგორ დაკარგა მარსმა სქელი ატმოსფერო მილიარდობით წლის წინ.
კომენტარები