თუ ვერ გაიგე რუსეთში რა ხდება, ჩვენ აგიხსნით
მოკლე პრეისტორია: ამბავში უკეთ რომ გავერკვეთ, ჯერ ვაგნერსა და მის ხელმძღვანელზე უნდა ვისაუბროთ.
- ევგენი პრიგოჟინი ომამდე პუტინის მარჯვენა ხელად ითვლებოდა — წარსულში პრეზიდენტის მზარეულმა გავლენები მალევე მოიპოვა და რუსული ტროლების ფაბრიკის ხელმძღვანელი გახდა.
- მალევე მან დაქირავებული სამხედროების ჯგუფი ვაგნერი შექმნა, რომელიც არაერთ ქვეყანაში სამხედრო დანაშაულშია ბრალდებული.
- ომის დაწყების შემდეგ, როცა რუსულმა არმიამ კრახი განიცადა, პრიგოჟინმა ვაგნერისთვის პატიმრების შეგროვება დაიწყო და ფრონტზე წაიყვანა.
- მისი დანაყოფები ბახმუტში იბრძოდნენ, რაც ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი იყო, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო დაპირისპირება პრიგოჟინსა და პუტინს შორის.
- ვაგნერის ხელმძღვანელმა საჯარო მიმართვებში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელების ლანძღვა-გინება დაიწყო და ისინი ხელის შეშლაში, იარაღის არმიწოდებაში დაადანაშაულა.
- პრიგოჟინი მინისტრ შოიგუს სამხედრო ტრიბუნალითაც ემუქრებოდა და არაერთხელ თქვა, რომ ბახმუტს დატოვებდა. საბოლოოდ, ასეც მოიქცა.
რა მოხდა გუშინ: პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის პოზიციები ზურგიდან დაბომბა რუსული არმიის დანაყოფებმა, ამიტომ 25 000-იანი ჯგუფით შურისძიება დააანონსა.
- მათ დაბომბვის ვიდეოც გაავრცელეს, რომლის სანდოობაზე რუსული მედიები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.
- ტრადიციულად, რუსეთის თავდაცვამ ამას ტყუილი და პროვოკაცია უწოდა მის წინააღმდეგ კი აღიძრა საქმე შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდებაზე.
- თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
- რუსეთი პანიკამ მოიცვა — გვიან ღამით მოსკოვში, კრემლის მიმდებარედ სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, სხვა ქალაქებში კი ძალოვან სტრუქტურებში განგაში გამოცხადდა.
- თავდაპირველად რუსულმა მედიამ გადაწყვიტა არაფერი შეემჩნია და ტრადიციული პროპაგანდისტული სიუჟეტების გავრცელება დაიწყო, თუმცა კრემლმა სიტუაციის სირთულე ვერ დამალა და მოუწიათ განცხადების გავრცელება, რომ პუტინი ინფორმირებული იყო და სიტუაციას აკვირდებოდა.
- მალევე სახელმწიფო მედიებზე სპეცეთერი დაიწყო.
- მოსკოვის ბირჟის ინდექსი სწრაფად დაეცა.
ვაგნერის შესვლა როსტოვში: გვიან ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერმა რუსეთის საზღვარი ყველა ადგილას გადაკვეთა და როსტოვში შედიან.
- "თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, უფრო სწორად, წვევამდელები, რომლებიც გზის გადასაკეტად გამოაგდეს, განზე გავიდნენ. ჩვენ არ ვებრძვით ბავშვებს", — თქვა მან და თან დაიმუქრა, რომ ყველას და ყველაფერს გაანადგურებდნენ, რაც წინ გადაეღობებოდათ.
- მალევე როსტოვში სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, თუმცა დაზუსტებით რთული იყო იმის თქმა რუსეთის თავდაცვა იყო, თუ ვაგნერი.
- რუსული სახელმწიფო მედია წერდა, რომ დონის როსტოვში, სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან პოსტები განთავსდა და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პოლიციის მანქანები პატრულირებენ.
- საგამოძიებო პროექტი Conflict Intelligence Team ამბობს, რომ ეს ვაგნერის ჯგუფებია, ამას ადასტურებს პუტინის დილის გამოსვლაც — მან განაცხადა, რომ როსტოვში ადმინისტრაციული და სამხედრო ორგანოები ფაქტობრივად ვერ ფუნქციონირებენ.
- გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ.
- ღამის განმავლობაში პრიგოჟინმა უამრავი მიმართვა გაავრცელა და სხვადასხვა ბრალდებებს აჟღერებდა — ერთ-ერთით ამბობდა, რომ შოიგუმ თვითმფრინავები აუშვა მათ დასაბომბად და პილოტებმა უარი თქვეს, მეორეთი ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავებიდან მათი დანაყოფები დაბომბეს.
- "კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ ჩვენ ამას საფრთხედ აღვიქვამთ და გარშემო ყველაფერს გავანადგურებთ", — თქვა მან.
- მოსკოვსა და როსტოვში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, ხალხს ამოწმებდნენ, გზები გადაიკეტა.
- დილას პრიგოჟინმა თქვა, რომ როსტოვში ყველა სამხედრო პუნქტს აკონტროლებს.
რა გააკეთა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ: თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაგნერელები კრიმინალურ ავანტიურაში შეიტყუეს და მოუწოდა მათ, უარი ეთქვათ შეიარაღებულ აჯანყებაში მონაწილეობაზე.
- FSB-მ მოუწოდა ვაგნერის მებრძოლებს მიეღოთ ზომები პრიგოჟინის დასაკავებლად.
- უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯარების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის მოადგილემ, სერგეი სუროვიკინმა კი მოუწოდა პრიგოჟინს, დაემორჩილოს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას და ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაჭრას.
- მოგვიანებით, პესკოვმა თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრო, FSB, შინაგან საქმეთა სამინისტრო და რუსეთის გვარდია პუტინს მუდმივად აცნობებენ იმ ზომებს, რომლებიც მიიღეს.
- მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი.
- მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.
- VKontakte-მ დაბლოკა პრიგოჟინის განცხადება გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე, Yandex-ზე ასევე დაბლოკეს ვაგნერის ხელმძღვანელთან დაკავშირებული ზოგიერთი მასალა.
- "ჩვენ გვყავს ერთი მთავარსარდალი. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი", — დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
- როგორც მოსალოდნელი იყო, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა პუტინის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
რა თქვა პუტინმა: ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების დროსაც კი მან დრო იპოვა, რომ დასავლეთზე ელაპარაკა და განაცხადა, რომ დასავლეთის მთელი სამხედრო მანქანა მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ.
-
"ეს ბრძოლა, როცა ჩვენი ხალხის ბედი წყდება, მოითხოვს ყველა ძალის გაერთიანებას, ერთიანობას, კონსოლიდაციას და პასუხისმგებლობას. როდესაც ყველაფერი, რაც გვასუსტებს, უნდა გადავდოთ გვერდით, ნებისმიერი ჩხუბი, რომელიც ჩვენს გარე მტრებს შეუძლიათ გამოიყენონ. და მაშასადამე, ქმედებები, რამაც ჩვენი ერთობა დაარღვია, სინამდვილეში არის განდგომა ჩვენი ხალხისგან, ჩვენი თანამებრძოლებისგან, რომლებიც ახლა ფრონტზე იბრძვიან. ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ზურგში დარტყმაა", — განაცხადა მან და ეს პროცესი 1917 წელს პირველი მსოფლიო ომის პერიოდს შეადარა.
- "ჩვენ დავიცავთ როგორც ჩვენს ხალხს, ასევე ჩვენს სახელმწიფოებრიობას ყოველგვარი საფრთხისგან. მათ შორის შინაგანი ღალატისგან", — აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა პრიგოჟინი ღალატამდე მიიყვანა.
- "ვიმეორებ, ნებისმიერი შიდა არეულობა სასიკვდილო საფრთხეა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის. ეს არის დარტყმა რუსეთისთვის, ჩვენი ხალხისთვის. და ჩვენი ქმედებები, რათა დავიცვათ სამშობლო ასეთი საფრთხისგან, იქნება მკაცრი", — ამბობდა ის და თან ამტკიცებდა, თითქოს ყველაფერს გააკეთებს ხალხის დასაცავად.
რა უპასუხა მას პრიგოჟინმა: ვაგნერის ხელმძღვანელმა ბოლო თვეებში ბევრჯერ აგინა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, თუმცა პირდაპირ არასდროს ახსენებდა პრეზიდენტს, ახლა კი განაცხადა, რომ პუტინი ცდება, როცა სამშობლოს ღალატზე საუბრობს.
- "ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით. და არავინ აპირებს თავის ჩაბარებას პრეზიდენტის, FSB-ს ან ვინმეს მოთხოვნით. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანა კორუფციაში, მოტყუებასა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს", — განაცხადა მან მიმართვაში.
რა თქვეს უკრაინაში: უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ღამით ტვიტერზე ერთადერთი წინადადება დაწერა: "გაკვირდებით".
- დილით კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ეს ტრადიციული ელიტური დაპირისპირებაა, რომელიც მალე გადაიზრდება სამოქალაქო ომში.
- ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი ერმაკმა იხუმრა და ტელეგრამზე უკრაინელ გენერლებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ზელენსკის გუნდი".
რა ხდება რუსეთში ახლა: როგორც Reuters წერს, ვაგნერმა ვორონეჟში ყველა სამხედრო ობიექტი აიღო, თუმცა ჯერ რუსეთის თავდაცვა არ ადასტურებს.
- პრიგოჟინი ამბობს, რომ მოსკოვისკენ მიდიან.
- ლიპეცკის, ტვერსკის, ვორონეჟის ოლქსა და მოსკოვში ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმდა.
- M-4 "დონზე" ვორონეჟის, ლიპეცკის და როსტოვის რაიონებში რამდენიმე კილომეტრიანი საცობები შეიქმნა, ჯერ სატრანზიტო მოძრაობა შეიზღუდა, შემდეგ კი გზა გადაიკეტა.
- ბრაიანსკის ოლქის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და სიტუაცია ძალოვანი სტრუქტურების სპეციალური კონტროლის ქვეშაა.
- სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ვაგნერის ცენტრის შენობა სამართალდამცავებით არის გარშემორტყმული.
- მათივე თქმით, შერემეტოვოს და ვნუკოვოს აეროპორტების მუშაობა არ შეფერხებულა, იმავეს ამბობს აეროფლოტიც.
- სხვა რეგიონების გუბერნატორები და ქალაქების მერები ამტკიცებენ, რომ მათ ქალაქებში სიმშვიდეა.
- როსტოვის მედია იუწყება, რომ ქალაქის მაღაზიებში სასურსათო პროდუქტების "გიგანტური რიგები" დადგა და სადღაც თაროები უკვე დაცარიელდა.
- ქალაქებში ხსნიან სარეკლამო ბანერებს, რომლითაც ხალხს ვაგნერში გაწევრიანებისკენ მოუწოდებდნენ.
კომენტარები