ნიდერლანდებში სტოუნჰენჯის მსგავსი 4000 წლის მონუმენტი აღმოაჩინეს
ჰოლანდიელმა არქეოლოგებმა ოთხშაბათს გამოავლინეს, დაახლოებით, 4000 წლის წინანდელი რელიგიური ადგილი, რომელსაც ეროვნულ მედიაში "ნიდერლანდების სტოუნჰენჯი" უწოდეს.
სამარხში, დაახლოებით, 60 კაცის, ქალისა და ბავშვის ნაშთები იყო და მას რამდენიმე გასასვლელი ჰქონდა, რომლითაც მზე პირდაპირ ანათებდა წლის ყველაზე გრძელ და უმოკლეს დღეებში.
ე.წ. "ღია ცის ქვეშ საკურთხევლის" ირგვლივ გათხრები დაიწყო 2017 წელს, პატარა სოფელში, უტრეხტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 50 კილომეტრში.
თიხის შემადგენლობისა და ფერის განსხვავების შესწავლისას, მეცნიერებმა გათხრებზე აღმოაჩინეს სამი სამარხი, მდინარე ვაალის ნაპირებიდან რამდენიმე კილომეტრში.
მთავარი ყორღნის დიამეტრი, დაახლოებით, 20 მეტრია და მისი გადასასვლელები მზის კალენდრის როლს ასრულებდა.
"ადამიანები ამ კალენდარს მნიშვნელოვანი მომენტების, მათ შორის, ფესტივალისა და მოსავლის დღეების, დასადგენად იყენებდნენ", — აცხადებენ არქეოლოგები.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს კიდევ ორი პატარა ყორღანი. არქეოლოგების თქმით, სამი ყორღანი, დაახლოებით, 800 წლის განმავლობაში სამარხად გამოიყენებოდა.
მათ სამარხში იპოვეს მინის მძივიც, რომელიც, ანალიზის მიხედვით, დამზადებული იყო მესოპოტამიაში (დღევანდელი ერაყი).
"ამ მძივმა ოთხი ათასწლეულის წინ 5 000 კილომეტრი გაიარა", — აღნიშნა მთავარმა მკვლევარმა, კრისტიან ვან დერ ლინდემ.
მკვლევრების თქმით, ამ მძივმა ნიდერლანდებში მოხვედრამდე, შესაძლოა, უამრავი ადგილი "მოინახულა".
კომენტარები