თუკი დაკარგული ტიტანი იპოვეს, როგორ შეძლებენ მისი მგზავრების გადარჩენას?
OceanGate Titan, წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.
დაკარგულ ნავს ამ დრომდე ეძებენ, თუმცა — უშედეგოდ.
ასევე იხილეთ: რა ტექნოლოგიებით ეძებენ და რატომ ვერ პოულობენ დაკარგულ ტურისტულ წყალქვეშა ნავს
ჩაძირული ტიტანიკის ნამსხვრევების მახლობლად 30-წუთიან ინტერვალებში კანადურმა თვითმფრინავმა ბრახუნის ხმები დააფიქსირა.
ექსპერტების თქმით, განმეორებითი ხმაური შეიძლება ნიშნავდეს, რომ დაკარგული წყალქვეშა ნავი, ტიტანი, შესაძლოა, დაუზიანებელია და მისი ეკიპაჟიც ცოცხალია.
ფრენკ ოუენი, ავსტრალიის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, დარწმუნებულია, რომ ხმები ტიტანის შიგნიდან მოდის.
"რაკი ხმები 30-წუთიანი ინტერვალით მეორდებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი არა ადამიანს, არამედ რაიმე სხვას უკავშირდებოდეს", — თქვა მან. "ამ ხომალდზე პენსიაზე გასული ფრანგი მყვინთავი იმყოფება. მან, წესით, უნდა იცოდეს პროტოკოლი საძიებო ძალების გაფრთხილების მცდელობისთვის... ყოველ ნახევარ საათში, 3 წუთის განმავლობაში ჯოჯოხეთური ხმაური უნდა შექმნა."
მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, აშშ-ის სანაპირო დაცვის კონტრადმირალი, ჯონ მაუგერი, დარწმუნებული არ არის, რომ ხმები ეკიპაჟის გამოწვეულია. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტიტანიკის ჩაძირვის ადგილას წყალში მეტალისა და სხვა ნივთები მრავლადაა, შესაძლოა, ხმაურს ისინი იწვევდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ხმების აღმოჩენა მაშველებს იმედს აძლევს, რომ დაკარგული ტიტანის ეკიპაჟი შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს. თუკი ეს მართლაც ასეა და ტიტანი აღმოაჩინეს, რა გზით შეძლებენ ისინი დაკარგულების გადარჩენას?
თუკი ტიტანი აღმოაჩინეს, მისი გადარჩენის მცდელობა სერიოზული და რეკორდული გამოწვევა იქნება.
1973 წელს გადაარჩინეს კანადური წყალქვეშა ნავის, Pisces III-ის, ეკიპაჟი, რომელსაც მხოლოდ 10 წუთის სამყოფი ჟანგბადი ჰქონდა დარჩენილი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ მხოლოდ 480 მეტრის სიღრმეზე, რაც 8-ჯერ ნაკლებია იმ ყველაზე დიდ შესაძლო სიღრმეზე, რომელზეც შეიძლება ტიტანი იყოს.
სამშაბათს, Deep Energy-ს საკაბელო გამშვებმა ხომალდმა საძიებო ზონაში განათავსა ROV (Remotely Operated Vehicle), თუმცა შეუძლია თუ არა მას ტიტანიკის ნამსხვრევებამდე ჩასვლა, გაურკვეველია. ROV-ებით აღჭურვილი სხვა გემებიც უკვე გზაშია. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული არის ორი ROV-ს მქონე ფრანგული კვლევითი ხომალდი, L'Atalante.
გემებსა და ROV-ებს აქამდე წარმატებით ამოუღიათ მოწყობილობები ტიტანიკის სიღრმეებიდან. მაგალითად, გასულ წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქვემოთ, 3,780 მეტრიდან ამოიღეს აშშ-ის გამანადგურებელი. ROV-მა თვითმფრინავი ბადეში გაახვია და მიამაგრა ზედაპირზე არსებულ ხომალდზე მიბმულ კაუჭზე, რომელიც ზემოთ სწევდა მას.
შესაძლებელი იქნება თუ არა ტიტანის ამ გზით გადარჩენა, სადავო საკითხია, რაც იმაზეა დამოკიდებული, დაუზიანებელია თუ არა ნავის ბალასტები.
"თუკი ტიტანს რაიმე მძიმე ობიექტი არ აწევს, შესაძლოა, დისტანციურად მართვადმა მანქანამ არსებული დაბრკოლება მანიპულატორებით მოაცილოს. შემდეგ კი წყალქვეშა ნავმა, შესაძლოა, ზედაპირზე ამოცუროს, თუკი ტვირთს მოიცილებს", — განაცხადა ნიკოლაი როტერმანმა, ღრმა ზღვის ეკოლოგმა და საზღვაო ბიოლოგმა დიდი ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტიდან. "კიდევ ერთ შესაძლებლობას წყალქვეშა ნავისთვის ზედაპირზე ამოგდების უნარის მქონე მოწყობილობის მიმაგრებაა, მაგრამ მსგავსი რამის ასეთ სიღრმეზე გაკეთების შესახებ ჯერ არაფერი მსმენია."
როგორც ხედავთ, დაკარგული ტიტანის აღმოსაჩენად წარმართული საძიებო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, ნავში მყოფ ეკიპაჟს ჟანგბადი დღეს, 15:08 საათზე გამოელია.
კომენტარები