რა ტექნოლოგიებით ეძებენ და რატომ ვერ პოულობენ დაკარგულ ტურისტულ წყალქვეშა ნავს
რთულია ობიექტი ეძებო იქ, სადაც ჩვენთვის ცნობილი ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი უძლურია
18 ივნისს, ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ოკეანის ფსკერისკენ დაშვებული ტურისტული წყალქვეშა ნავი — Titan დაიკარგა. კომპანია OceanGate-ის ამ ნავის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფება და მათ ჯერ კიდევ ეძებენ. ნავზე 4 დღის სამყოფი ჟანგბადის რაოდენობა იყო და ეს მარაგი უკვე ძალიან მალე, ჩვენი დროით 22 ივნისის 15:08 საათზე ამოიწურება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რამდენიმე ფაქტორი ართულებს. პირველი წყლის სიღრმეა, რომელიც უამრავ გვერდით ეფექტს წარმოშობს. ვიცით, რომ წყლის ზედაპირიდან 1000 მეტრ სიღრმეზე მზის სინათლე სრულად ქრება, რადიკალურად იკლებს ტემპერატურა, იზრდება წნევა და არ მუშაობს ის ტექნოლოგიები, რასაც დედამიწის ზედაპირზე, ან თუნდაც, კოსმოსში ვიყენებთ.
აღსანიშნავია, რომ ცნობილი გემის — ტიტანიკის ნარჩენები, რომლის დასათვალიერებლადაც წყალქვეშა ნავს ტურისტები გადაჰყავდა, დაახლოებით, 3 800 მეტრის სიღრმეზე, ოკეანის ფსკერზე მდებარეობს. აქ ყველა ტექნოლოგია, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, უძლურია. მაგალითად, Titan-ს არ აქვს GPS გადამცემი, ან რაიმე მსგავსი, რადგან ის ოკეანის სიღრმეში მოგზაურობისთვის შექმნეს.
ამ სიღრმეზე წყალი შთანთქავს ელექტრომაგნიტურ რადიაციას, მათ შორის, სინათლესა და რადიოტალღებს. ეს ნიშნავს, რომ GPS-ის ან რადარის არსებობა მსგავს წყალქვეშა ხომალდზე უსარგებლო ხდება, როგორც კი ის შესაბამის სიღრმეს მიაღწევს.
თუ ასეა, როგორ გადაჰყავდა Titan-ს ტურისტები აქამდე? ეს დამხმარე გემისა და აკუსტიკური სისტემის გამოყენებით ხდებოდა. ასევე, გაგიკვირდებათ და, ის კომპიუტერული თამაშების კონტროლერის დახმარებით იმართება. ეს ახალი პრაქტიკა არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსგავს გზას აშშ-ის სამხედრო ძალებშიც მიმართავენ.
აკუსტიკური კომუნიკაცია ერთადერთია, რასაც ნავი დამხმარე გემთან დასაკავშირებლად იყენებს, კავშირის ეს გზა გამოუსადეგარი ხდება, თუკი Titan ფსკერზე გაიჭედა ან ვერტიკალური პოზიცია ვერ შეინარჩუნა...
გარდა ამისა, ტიპური წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით (რომლების, საშუალოდ, 300 მეტრის სიღრმეზე დაცურავენ და არა 4000-ის), 9-ტონიან Titan-ს თვითონ არ შეუძლია გადაადგილება. ყოველ შემთხვევაში, წყლის ზედაპირზე ამოსასვლელად. ამისათვის ის დამხმარე გემთან კომუნიკაციას საჭიროებს. ოკეანის ფსკერისკენ მის ყვინთვას ოთხი ელექტროძრავა უწყობს ხელს, ხოლო ამოსაყვინთად მან უნდა მოიშოროს ეს ტვირთი და იტივტივოს ოკეანის ზედაპირისკენ. შესაბამის პლატფორმაზე მიმაგრების შემდეგ კი მას დამხმარე გემი ასწევს.
CBS-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების რეპორტიორი, დევიდ პოგი, რომელმაც Titan-ით გასულ წელს ისარგებლა, ABC-თან საუბარში აღნიშნავს, რომ წყალქვეშა ხომალდის პოვნა ძალიან რთული იქნება, რადგან ის ტიტანიკის ნანგრევებთან ახლოს შეიძლება იყოს. ამას ემატება ისიც, რომ ამ სიღრმეზე ძალიან ცოტა ხომალდს შეუძლია მოგზაურობა.
"Titan არის მსოფლიოში სამი ან ოთხი ხომალდიდან ერთ-ერთი, რომელსაც ტიტანიკის სიღრმემდე შეუძლია მიღწევა. ასე რომ, ეს არ არის ის სიტუაცია, როცა შეგვიძლია ვთქვათ: "მოდი, ჩავუშვათ სხვა ნავი მის ამოსაყვანად", — ამბობს დევიდ პოგი.
როგორ და რა ტექნოლოგიების გამოყენებით ეძებენ Titan-ს?
Titan-ის "დამხმარე გემი" ყინულმჭრელი Polar Prince-ია, რომელის ამ ეტაპზე ზედაპირულ სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ამაში მას საფრენი აპარატი Boeing P-8 Poseidon ეხმარება. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ Titan-მა სარეზერვო უსაფრთხოების მექანიზმები აამოქმედა, მოიშორა ტვირთი და ავტომატურად ამოვიდა ზედაპირზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზედაპირზე ამოსვლა ეკიპაჟის გადარჩენას მაინც არ ნიშნავს. კაფსულის შიგნიდან გახსნა შეუძლებელია, შესაბამისად, ეკიპაჟი ისევ საფრთხის ქვეშაა და ჟანგბადის დონე ეწურება იმ შემთხვევაშიც, თუ ხომალდმა ზედაპირზე ამოსვლა მოახერხა. შესაბამისად, წყალქვეშასთან ერთად, ამ შემთხვევაში, საჰაერო სამძებრო სამუშაოებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამ გზით ახლა 6 მეტრის სიგრძის ობიექტს ეძებენ ოკეანეში, რაშიც შესაძლოა ამინდიც იყოს ხელისშემშლელი.
კანადელი სამხედროები ჰიდროაკუსტიკურ მოწყობილობებსაც იყენებენ, იმისათვის, რომ ტიტანიდან მომავალი პოტენციური ხმები აღბეჭდონ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი წყალქვეშა ხმაური უკვე დაფიქსირებულია.
აშშ-ს მიერ გაშვებული წყალქვეშა დისტანციურად მართვადი რობოტი ROV ტიტანიკის სიახლოვეს ეძებდა დაკარგულ ხომალადს, საფრანგეთმა კი გემი Atalante გაგზავნა შემთხვევის ადგილას, რომლის ბორტზეც ღრმა წყლებში მოცურავე რობოტია განთავსებული.
აშშ საჰაერო სამძებრო სამუშაოებშიცაა ჩართული, საჰაერო ხომალდ Lockheed C-130 Hercules-ით და სამი C-17-ით. ეს უკანასკნელი სხვა კომპანიის მიერ შექმნილი წყალქვეშა ნავის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს.
BBC-ის ცნობით, ამჟამად, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შემდეგი გემები და ხომალდები:
- Polar Prince – კვლევითი ხომალდი, რომელმაც Titan ოკეანეში ჩაუშვა;
- Deep Energy — კომერციული, წყალქვეშა კაბელების გამყვანი გემი ორი წყალქვეშა რობოტით (ROV), რომელთაც 3 000 მეტრის სიღრმეზე შეუძლიათ მუშაობა;
- Atlantic Merlin — კანადური ოფშორული მიწოდების გემი 4000 მ სიგრძის ჯალამბარის სისტემით. ატარებს ROV-ებს, მაგრამ უცნობია, რამდენად ღრმად შეუძლიათ მათ მუშაობა;
- Skandi Vinland — წყალქვეშა დამხმარე ხომალდი ორი ROV-ით, მაგრამ უცნობია, რამდენად ღრმად შეუძლიათ მათ მოქმედება;
- L'Atalante — ფრანგული გემი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა ROV-ით, რომელსაც შეუძლია ტიტანიკის ნამსხვრევების სიღრმეში ოპერირება;
- Horizon Arctic — დამხმარე აღჭურვილობით დატვირთული კომერციული გემი;
- Glace Bay — კანადის საზღვაო ხომალდი, რომელიც ატარებს დეკომპრესიის კამერას და მზად არის სამედიცინო დახმარების გაწევისთვის;
- John Cabot — სამეცნიერო კვლევითი ხომალდი ჰიდროაკუსტიკური ძებნის შესაძლებლობებით
- Ann Harvey — მსუბუქი ყინულმჭრელი გემი;
- Terry Fox — მძიმე ყინულმჭრელი გემი (Canadian Coast Guard).
ნებისმიერი მცდელობა, ოკეანის ფსკერზე მოძებნონ Titan დისტანციურად მართვადი ხომალდებით (ROV) უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე, ორი ROV აქტიურად ეძებს ტიტანს იმ მიდამოებში, სადაც ჰიდროაკუსტიკური მოწყობილობებით ხმები დააფიქსირეს. გარდა ამისა, ღამით ადგილზე მივიდა ფრანგული გემი L'Atalante, რომელმაც დამატებითი ROV შესაძლებლობები უნდა შესძინოს სამძებრო პროცესს და სამუშაოებში ამ კუთხით ყველაზე პერსპექტიული წყალქვეშა ხომალდი — Victor 6000 უნდა ჩართოს.
პარალელურად, ატლანტის ოკეანის თავზე სპეციალური საჰაერო ხომალდები დაფრინავენ, რომლებიც სამძებრო პერიმეტრზე ჰიდროაკუსტიკურ მოწყობილობებს უშვებენ. რაც უფრო მეტი ასეთი მოწყობილობა იქნება წყალში, მით უფრო მაღალი სიზუსტით დადგინდება აკუსტიკური სიგნალების წყარო (ამის გამოთვლა შესაძლებელია იმის გაზომვით, თუ რა დროს ანდომებს სიგნალი სხვადასხვა მოწყობილობამდე მისვლას).
წყალქვეშ თუ საჰაერო გზებით, 5 ტურისტის ძებნა გრძელდება. უნდა ითქვას, რომ გემებსა და ROV-ებს აქამდე წარმატებით ამოუღიათ მოწყობილობები ტიტანიკის მსგავსი სიღრმეებიდან. მაგალითად, გასულ წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ქვემოთ, 3,780 მეტრიდან ამოიღეს აშშ-ის გამანადგურებელი. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა დროა — მოასწრებენ თუ არა მაშველები Titan-ის პოვნას მანამ, სანამ ბორტზე მყოფთ ჟანგბადის მარაგი ამოეწურებათ.
კომენტარები