ადამიანის ტვინში სპირალური სიგნალები დააფიქსირეს — რასთან გვაქვს საქმე
სიდნეის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ადამიანის თავის ტვინის გარეთა შრეში, რომელსაც ქერქი ეწოდება, სპირალური ტალღები დააფიქსირეს. სად და როგორ წარმოიქმნება ისინი, უცნობია, მაგრამ შესაძლოა, ეს სიგნალები მნიშვნელოვან ფუნქციებთან იყოს დაკავშირებული.
აღნიშნული ტალღები რთული დინამიკით გამოირჩევა, რადგან ტვინის ზედაპირზე მორევების მსგავსად გადაადგილდება. ისინი სპეციალისტებმა 100 ჯანმრთელი ახალგაზრდის ტვინის გამოსახულებებში შენიშნეს, რომლებიც ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული სკანირების გზით მოიპოვეს. სიგნალებმა თავი იჩინა როგორც მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დავალების შესრულებისას, ისე დასვენებისას.
ტვინის ქერქი ამა თუ იმ კოგნიტიურ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი, როგორიცაა აღქმა, მახსოვრობა, ყურადღება და ა.შ. ავტორების ჰიპოთეზის თანახმად, ზემოხსენებული ტალღები შესაძლოა, ამ პროცესებს აწესრიგებდეს და ტვინის სხვადასხვა რეგიონს ერთმანეთთან აკავშირებდეს, რასაც, სავარაუდოდ, მოძრაობისას ბრუნვის მიმართულების შეცვლით ახერხებს.
მეცნიერთა აზრით, სპირალური სიგნალების შესწავლა, პოტენციურად, ტვინში განვითარებული დარღვევების უკეთ გაგებაშიც დაგვეხმარება. ასეთია, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც სწორედ ქერქზე ახდენს გავლენას. ასევე, მათზე დაყრდნობით კომპიუტერების შექმნაც შეგვიძლია, რომლებიც ტვინში მიმდინარე ფარული პროცესების შესწავლის საშუალებას მოგვცემს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Human Behaviour გამოქვეყნდა.
კომენტარები