გეოლოგებმა 2,6 მილიარდი წლის წყალი აღმოაჩინეს და გასინჯეს
მილიონობით ან მილიარდობით წლის წყალი რომ აღმოგეჩინათ, მის დალევას გაბედავდით?
ბარბარა შერვუდ ლოლარისთვის — რომელიც ტორონტოს უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებების კათედრის გეოლოგია — ეს ჩვეულებრივ რუტინას წარმოადგენს.
ბარბარამ, სხვა მკვლევრებთან ერთად, ონტარიოში (კანადა) აღმოაჩინა წყალი, რომლის ასაკიც 1,5-2,6 მილიარდი წელია.
გეოლოგებმა აღმოჩენის შესახებ ახალი კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.
როგორც თავად აღნიშნავს, ლოლარმა უძველეს წყალში თითის წვერი ჩაყო და იგი დააგემოვნა. მისი თქმით, იგი "ზღვის წყალზე ბევრად უფრო მარილიანი და მწარე" იყო.
ასევე იხილეთ: რამდენი წლისაა წყალი და საიდან მოხვდა ის დედამიწაზე?
არ იფიქროთ, რომ უძველესი წყლის დაგემოვნება უბრალოდ ცნობისმოყვარეობის საკითხია. რეალურად, გეოლოგები ამით წყლის ასაკის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნას ცდილობენ.
თუმცა, ცხადია, წყლის ზუსტი ასაკის დასადგენად მისი დაგემოვნება საკმარისი არ არის და მოლეკულაში არსებული ჟანგბადისა და წყალბადის, ასევე კეთილშობილი აირების — მაგალითად, ჰელიუმის — რაოდენობის შესწავლაა საჭირო.
უძველესი წყლის აღმოჩენის გარდა, ამ კვლევას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს იმის გარკვევას, თუ რა ტიპის სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს სხვა პლანეტებზე. მაგალითად, მარსის ქერქში, შესაძლოა, ჯერ კიდევ იყოს მსგავსი ტიპის წყალი, რომელიც სიცოცხლის გარკვეული ფორმების არსებობას უწყობს ხელს.
გეოლოგების თქმით, კვლევის შემდეგი ეტაპი მთელ პლანეტაზე არსებული სხვა ღრმა წყლების ასაკის დადგენა და მათი ერთმანეთთან შედარებაა იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს მათში.
კომენტარები