ნახეთ: NASA-ს ზონდმა იუპიტერზე მომწვანო ელვა გადაიღო
NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა ზონდმა Juno-მ ჩვენი მზის სისტემის აირის გიგანტი პლანეტის ატმოსფეროში არსებული მომწვანო ელვა დააფიქსირა.
ეს გასაოცარი სურათი აპარატმა კამერა JunoCam-ის მეშვეობით, ციურ სხეულთან ახლოს რიგით 51-ე ჩავლისას, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში გადაიღო, ხოლო გამოსახულება მოყვარულმა მეცნიერმა, კევინ ჯილმა დაამუშავა. კადრის აღბეჭდვისას ზონდი იუპიტერის ღრუბლებისგან 32 000 კილომეტრით იყო დაშორებული.
სურათზე ჩვენი სისტემის უდიდესი პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსთან წარმოქმნილ უზარმაზარ შტორმს ვხედავთ, რომლის მახლობლადაც მომწვანო შეფერილობის კაშკაშა რეგიონი მოჩანს. ეს ელვაა, რომელიც ისეთი არაა, როგორსაც დედამიწაზე ვხვდებით.
აქ ის წყლის შემცველ ღრუბლებში ფორმირდება და უფრო ხშირად ეკვატორის მიმდებარედ შეინიშნება. ამისგან განსხვავებით, იუპიტერზე ელვა ამიაკისა და წყლის ღრუბლებში წარმოიქმნება და მეტწილად პოლუსებთან ფიქსირდება.
Juno-ს მიერ გადაღებული მსგავსი კადრები იუპიტერზე მიმდინარე პროცესების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. ეს მისია სულ მცირე 2025 წლამდე აქტიური იქნება, რაც ნიშნავს, რომ ამ ციური სხეულის შესახებ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ.
კომენტარები