რატომ და როგორ სძინავთ ცხენებს ფეხზე მდგარს?
ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ, რომ ძილის დროს ცხენები იშვიათად წვებიან.
ისინი ამას მტაცებლებისაგან თავდაცვის მიზნით აკეთებენ — საფრთხის შემთხვევაში ცხენი მდგომარე უფრო მარტივად შეძლებს გაქცევას. ამ თავდაცვით მექანიზმს სხვა ბალახისმჭამელი ცხოველებიც მიმართავენ: ზებრები, ბიზონები, სპილოები, ჟირაფები და სხვ.
ცხენებს ძილისას დგომის საშუალებას მათივე ანატომია აძლევს. ფეხის კუნთების მოდუნებისას სახსრებს მყესები და იოგები აფიქსირებს, რომლებიც წინა და უკანა ფეხებს აკრავს. ასე ისინი დიდი ენერგიის ხარჯვის გარეშე ახერხებენ დგომას.
ასევე იხილეთ: რატომ აჭედებენ ცხენებს ნალებს და მტკივნეულია თუ არა ეს პროცესი?
ზრდასრულ ცხენს დღეში დაახლოებით 5-საათიანი ძილი ესაჭიროება, ამის უდიდეს ნაწილს კი იგი ფეხზე მდგომი აკეთებს. მიუხედავად ამისა, დაწოლა ხარისხიანი ძილისათვის მაინც აუცილებელია — დგომისას თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) ფაზა არ მიიღწევა.
ასევე იხილეთ: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში
ცხენს დღეში დაახლოებით 25-წუთიანი REM ძილი მაინც სჭირდება. აღნიშნული ფაზა სიზმრების, კუნთების, მეხსიერებისა და ზოგადად ფიზიკური ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისმა ნაკლებობამ ამ ცხოველებში არაერთი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, შესაძლოა, ცხენი ჭენებისას დაეცეს.
დაბოლოს, აღსანიშნავია ისიც, რომ დაწოლის საკითხი ცხენებში დაცულობის შეგრძნებასთანაა გადაჯაჭვული. გარეული ცხენების პოპულაციებში ზოგიერთი ცხენი მდგომარე რჩება და დანარჩენებს ყარაულობს. ეს ცხოველები იშვიათად წვებიან, თუკი თავს დაცულად არ გრძნობენ, იზოლირებულნი არიან ანდა სხვა ცხენები ნაკლებად არიან გარშემო.
კომენტარები