რატომ აჭედებენ ცხენებს ნალებს და მტკივნეულია თუ არა ეს პროცესი?
უკვე საუკუნეებია, რაც ადამიანები ცხენებს სატრანსპორტო თუ სამეურნეო მიზნებით იყენებენ. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი მათ ფლოქვებს შესაბამისად არ მოვუვლით და ახალ ნალებს 4-6 კვირაში ერთხელ არ დავაჭედებთ.
ეს იმიტომ, რომ შინაურ ცხენებს (Equus caballus) სინამდვილეში საკმაოდ ფაქიზი ფლოქვები აქვთ, ნალები კი სწორედ მათი დაცვის ფუნქციას ასრულებს. ამასთანავე, ეს ფლოქვს სათანადო ფორმის შენარჩუნებაშიც ეხმარება.
ფლოქვის გარე ნაწილი, ე.წ. კედელი, რქისებრი მასალისგან წარმოიქმნება, რომელიც გამუდმებით იზრდება (ადამიანის ფრჩხილების მსგავსად) და დროგამოშვებით შესწორებას საჭიროებს.
ძნელად გასავალ რელიეფზე (ქვიშა, ქვები...) გადაადგილებით ზემოხსენებული კედელი შეიძლება გაცვდეს, ფლოქვის მგრძნობიარე შიდა ნაწილი კი გარემოს ზემოქმედების მიმართ დაუცველი რჩება. შედეგად ცხენი ტკივილს განიცდის და სიარული უძნელდება. ისტორიულად, ამგვარი გართულებების შემთხვევაში ცხოველს ბრძოლის ველზე ანდა მოსავლის აღებისას ვეღარ გამოიყენებდნენ, ამიტომაც ფლოქვის კედლის გასამტკიცებლად ცხენს ნალებს აჭედებდნენ.
მიჩნეულია, რომ ეს ცხოველები ნალებს გარკვეული ფორმით მათი მოშინაურების დროიდანვე ატარებდნენ, უკვე დაახლოებით 6 ათასი წელია. თავდაპირველად ისინი ტყავისგან ანდა მცენარეული მასალისგან მზადდებოდა. მეტალის ნალები პირველად დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვით 500 წელს გამოიყენეს და მომდევნო 5 საუკუნის განმავლობაში იგი უკვე ჩვეულებრივი რამ გახდა. მართალია, ყველაზე ხშირად ნალებისთვის ალუმინსა და ფოლადს იყენებენ, თუმცა ფლოქვზე ანალოგიური დანიშნულებით სხვა მასალების მიჭედება/მიწებებაც შეიძლება, მაგალითად: პლასტმასის, კაუჩუკისა და ფისის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნალები ყველა ცხენს სულაც არ ესაჭიროება — გააჩნია ჭენების სიხშირეს, მის ტიპსა და ასევე რელიეფს, რომელზეც ცხოველი გადაადგილდება. ნალები უფრო მეტად ქვიან ლანდშაფტზე ანდა ბეტონის ტერიტორიაზეა ხოლმე გამოსადეგი.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი ცხენს არ აჭენებენ, შესაძლოა, ნალები მას ფლოქვების მიწისაგან დასაცავად მაინც დასჭირდეს. მეორე მხრივ, ისინი, რომელთაც შიგადაშიგ აჭენებენ და ბალახიან/რბილ რელიეფზე ჰყავთ, ნალების გარეშეც თავისუფლად გაიტანენ თავს ვეტერინარის რეგულარული ზედამხედველობით.
აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, ველურ მუსტანგებს ნალები არ სჭირდებათ და ძნელად გასავალ რელიეფებზე ასე გადაადგილდებიან, რადგან ძლიერი ფლოქვები აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ გაცვეთა მაინც ემუქრება. თავის მხრივ, ამან შეიძლება კოჭლობა გამოიწვიოს, რაც მუსტანგს სიცოცხლის ფასად დაუჯდება.
დაბოლოს, ჩნდება ლოგიკური კითხვა: ნუთუ ნალების მიჭედების პროცესი მტკივნეული არ არის?
ფლოქვის კედელში არც ნერვები გადის და არც სისხლძარღვები, შესაბამისად, სწორად დაჭედების შემთხვევაში პროცესი მტკივნეული სულაც არაა. იმ შემთხვევაში, თუკი ნალები არასწორად მოთავსდება, ისინი შეუსაბამო ფორმის/ზომის არის ანდა ნალბანდი არასწორ ადგილებში ატანს ძალას, შესაძლოა, ცხოველისათვის პროცედურა მტკივნეული აღმოჩნდეს. ამასთანავე, აქამდე ტკივილი ან კოჭლობა ფლოქვების არასწორმა შესწორებამაც შეიძლება გამოიწვიოს — არ აქვს მნიშვნელობა, ნალებით თუ მათ გარეშე.
კომენტარები