დედამიწის შიგნით გიგანტური "მთებია", რომელთა წარმოშობაც ჯერ დაუდგენელია
ზოგიერთი მათგანი ევერესტის სიმაღლეს 4.5-ჯერაც კი შეიძლება აჭარბებდეს
ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მთაა, თუმცა, როგორც ირკვევა, პლანეტის შიგნით უფრო მაღალი სტრუქტურებიც არსებობს. მეცნიერები ამ გეოლოგიური ფენომენის შესწავლას ცდილობენ.
ამ უზარმაზარ მთათა სისტემას ულტრადაბალი სიჩქარის ზონები (ULVZ) ეწოდება. ისინი დედამიწის სიღრმეშია, ზედაპირიდან დაახლოებით 2 900 კილომეტრის მანძილზე, პლანეტის ბირთვისა და მანტიის საზღვარზე.
მკვლევართა განცხადებით, ზოგიერთი მათგანი ევერესტის სიმაღლეს 4.5-ჯერაც კი შეიძლება აჭარბებდეს და დაახლოებით 38.6 კილომეტრს უტოლდებოდეს. მთები სრულებით დამალულია, მათი არსებობის შესახებ კი ატომური აფეთქებებისა თუ მიწისძვრების სეისმური მონაცემებით შევიტყვეთ.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ეს სტრუქტურები უძველესი ოკეანური ქერქის ნარჩენები იყოს, რომლებიც დედამიწის შიგნეულობაში ღრმად ჩაეშვა. მეორე ვარიანტია მანტიის ნაწილები, რომლებიც პლანეტის უაღრესად ცხელმა ბირთვმა გადაახურა.
გარდა აღნიშნული მთებისა, დედამიწის სიღრმეში LLSVP-ებიც (დაბალი სიჩქარის დიდი ოლქები) გვხვდება.
ორივე ელემენტმა შეიძლება, ღირებული ინფორმაცია მოგვაწოდოს ტექტონიკური ფილების მოძრაობებისა და ურთიერთქმედებების შესახებ, როდესაც ისინი დედამიწის ქერქიდან მანტიის სიღრმეებისაკენ გადაადგილდება.
მკვლევართა გუნდი ULVZ-ებს ანტარქტიკაში არსებული სეისმური სადგურების მეშვეობით შეისწავლის. აღნიშნული კონტინენტი მიწისქვეშა მთების შესწავლის კუთხით განსაკუთრებით ხელსაყრელი ადგილია, ვინაიდან შორსაა ყველა გეოლოგიური ელემენტისგან, რომლებსაც შეიძლება ადგილი ეცვალა ან ჩავარდნილიყო.
მიწისქვეშა მწვერვალები ანტარქტიკაშიც გვხვდება, ამიტომ, შესაძლოა, ისინი მთელი პლანეტის მასშტაბით არსებობდეს. ეს არ ემთხვევა მოსაზრებას, რომ მიწისქვეშა მწვერვალები ოდესღაც უძველესი ოკეანის ფსკერი შეიძლება ყოფილიყო.
"სეისმური კვლევები, მაგალითად ჩვენი, ჩვენი პლანეტის შიდა სტრუქტურის გამოსახულებას ყველაზე მაღალი გარჩევადობით გვთავაზობს", — რამდენიმე თვის წინ განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა — "და ვიგებთ, რომ ეს სტრუქტურა იმაზე ბევრად ამოუცნობია, ვიდრე ერთ დროს მიიჩნეოდა".
კომენტარები