ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე მილიონობით ადამიანს ურჩიეს, დაიწყონ N95 ნიღბების ტარება, რადგან ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნადაა დაცემული კანადის ტყის ხანძრების გამო.

ნიუ-იორკში უფასო ნიღბების დარიგება დაიწყეს. ხელისუფლება იუწყება, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათო კვამლი შაბათ-კვირამდე გასტანს.

კვამლის დიდი ნაწილის წყარო ქალაქი კვებეკია, სადაც 150 ხანძარია. ოთხშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 15 000-ზე მეტ მოსახლეს მოუწევს ქალაქიდან ევაკუირება.

ფოტო: Data from NOAA on Wednesday 7 June 2023

US Environmental Protection Agency (EPA)-ს მიხედვით, ჰაერის დაბინძურების ხარისხი ძალიან მაღალია და სახიფათოა ადამიანებისთვის, რომლებსაც რესპირატორული დაავადებები აწუხებთ.

ნიუ-იორკში ნარინჯისფერმა ნისლმა დაფარა ქალაქის ჰორიზონტი და მოიცვა ღირსშესანიშნაობები, მათ შორის თავისუფლების ქანდაკება.

ოთხშაბათს ვაშინგტონის ოლქის სკოლებმა ასევე გააუქმეს გარე აქტივობები, რადგან ჰაერის ხარისხის დონეს მიენიჭა "წითელი კოდი", ხოლო დეტროიტი მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა მსოფლიოში IQAir-ის ჰაერის დაბინძურების რეიტინგში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ხალხს აფრთხილებენ, არ ივარჯიშონ გარეთ და მაქსიმალურად შეამცირონ კვამლის ზემოქმედება, რადგან ამ ჰაერს ჯანმრთელობის მყისიერი და გრძელვადიანი რისკების შექმნა შეუძლია.

ფოტო: GETTY IMAGES

კლიმატის ცვლილება იწვევს ცხელ, მშრალ ამინდებს, რაც ზრდის ტყის ხანძრების რისკის ალბათობას. ინდუსტრიული ეპოქის დაწყების შემდეგ მსოფლიო უკვე დათბა, დაახლოებით, 1.2 გრადუსი ცელსიუსით და ტემპერატურა კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი მთავრობები მთელ მსოფლიოში ერთობლივად არ იმოქმედებენ.

კანადის მასშტაბით ხანძრებმა უკვე დაწვა 3,8 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწა. 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე გაიგზავნა კანადაში ადგილობრივი ოფიციალური პირების დასახმარებლად.

ასევე ოთხშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, და კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, სატელეფონო ზარი გამართეს და განიხილეს არსებული ვითარება.

როგორ მოქმედებს ტყის ხანძრისგან გამოწვეული კვამლი ჯანმრთელობაზე?

ექსპერტები ამბობენ, რომ ტყის ხანძრის კვამლის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა.

მეთიუ ადამსმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორმა და მისი ურბანული გარემოს ცენტრის დირექტორმა, თქვა, რომ ტყის ხანძრის კვამლის ჩასუნთქვის უშუალო ეფექტები მოიცავს ქოშინს, პულსის აჩქარებას, გულმკერდის ტკივილს ან თვალების, ცხვირისა და ყელის ანთებას.

"ჰაერის დაბინძურების ამ დღეებში ჩვენ ვნახავთ საავადმყოფოში ვიზიტების გაზრდილ რაოდენობას", — განუცხადა პროფესორმა ადამსმა BBC-ს. "ამ ადამიანების უმრავლესობა კი იქნებიან ისინი, ვისაც თავიდანვე ჰქონდათ რესპირატორული დაავადებები."

მაგრამ ტყის ხანძრის კვამლი ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის სერიოზულ, გრძელვადიან პრობლემებთან, როგორებიცაა: კიბო ან ფილტვის დაავადება — განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ადგილებში, სადაც ტყის ხანძრები ხშირია.

მისი თქმით, ეს გამოწვეულია კვამლის ბურუსში არსებული მცირე ნაწილაკებით, რომლებსაც შეუძლია, შეაღწიოს სისხლძარღვებში და ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებში, რითაც გამოიწვევს დნმ-ს შესაძლო მუტაციებსა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

ზოგიერთმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტყის ხანძრის კვამლის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორსულებზე და მათ ნაყოფზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.