"ქართული ოცნების" არაკონსტიტუციური ქმედებები ხალხმა 30 ნოემბერსაც გააპროტესტა. ჩვენი დათვლით, ღამის 11 საათისთვის რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 102 ათასი ადამიანი იდგა. მთლიანი დღის ჭრილში აქ მომიტინგეთა ჯამური რაოდენობა, სავარაუდოდ, უფრო მეტია. ვიცით ისიც, რომ აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

რუსთაველის გამზირზე ხალხის რაოდენობა დაახლოებით ღამის 11 საათის მოცემულობით დავთვალეთ. ხალხის განფენილობისა და სიმჭიდროვის შესაფასებლად დრონით გადაღებული კადრები [1, 2, 3, 4] გამოვიყენეთ, რომლებიც ფოტოგრაფმა ეზ გაბერმა გამოაქვეყნა; მოვიშველიეთ მის მიერ გადაღებული ფოტოებიც [1, 2, 3, 4]. ადამიანთა რაოდენობა შემდეგ ხელსაწყო MapChecking-ის დახმარებით დავთვალეთ.

დრონის ვიდეოები ღამის 11 საათისთვის არის გამოქვეყნებული (სავარაუდოა, რომ ფოტოგრაფმა ისინი ღამის 10-11 საათისთვის გადაიღო). კადრების მიხედვით, ხალხის ნაკადი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან იწყება და სასტუმრო მერიოტის მიმდებარე ტერიტორიამდე ვრცელდება. ნაკადის მახასიათებლები ოთხივე ვიდეოსა და ფოტოებში ანალოგიურია.

ამის გათვალისწინებით, MapChecking-ის რუკაზე ხალხის მიერ დაკავებული ტერიტორია მოვნიშნეთ. საერთო ფართობი დაახლოებით 25 546 მ2 აღმოჩნდა.

ფოტო: NEXT.On.ge

ხალხის სიმჭიდროვის შესაფასებლად სპეციალური ვიზუალები და იგივე კადრები გამოვიყენეთ. ჩვენი შეფასებით, თითო კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 4 ადამიანი (ეს მაჩვენებელი იგივეა, რაც ხალხის სიმჭიდროვე) უნდა მდგარიყო.

იმისათვის, რომ ხალხის სრული რაოდენობა გავიგოთ, ხალხის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი (25 546 მ2) მათ სიმჭიდროვეზე (კვადრატულ მეტრზე 4) უნდა გავამრავლოთ. ეს იგივეა, რაც 25 546 × 4 = 102 185.

გამოდის, რუსთაველის გამზირზე ღამის 11 საათისთვის დაახლოებით 102 ათასი ადამიანი უნდა მდგარიყო.

სად შეიძლება იყოს უზუსტობა?

თავისთავად, ეს რიცხვი მიახლოებითია. მხოლოდ სურათებზე დაკვირვებითა და ხალხის სიმჭიდროვის შეფასებით ხალხის ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ ხალხის რაოდენობა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ ღამის 11 საათის მონაცემებით დავთვალეთ. უფრო ადრე ან გვიან, შესაძლოა, აქ შედარებით მეტი ან ნაკლები ადამიანი ყოფილიყო, ხოლო მთლიანი დღის ჭრილში მისულთა რიცხვი, დიდი ალბათობით, მეტი იქნება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ, გარდა თბილისისა, საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხალხის განფენილობა და სიმჭიდროვე ერთგვაროვანი არაა, ანუ ყველა ადგილას ხალხი ერთნაირად მჭიდროდ არაა შეჯგუფებული. ადამიანები შეიძლება მდგარიყვნენ ისეთ ადგილებშიც, რომლებიც კადრებზე არ ჩანს. მსგავსი ნიუანსების რუკაზე მონიშვნა არც ისე მარტივია, ამიტომ საშუალო მაჩვენებლით ვიანგარიშეთ. გარკვეული ცდომილება შედეგში ამის გამოც იქნება, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანი არა.

ცნობისთვის, 30 ნოემბრის აქციაზე ხალხის რაოდენობა პლატფორმა Visioner-მაც შეაფასა. მათი მონაცემით, მომიტინგეთა რაოდენობა თითქმის 183 ათასი უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუზუსტებელია, დროის რა მონაკვეთში იანგარიშეს.

Visioner-მა ხალხის სიმჭიდროვედ კვადრატულ მეტრზე 3.4 ადამიანი იანგარიშა, საერთო დაკავებული ტერიტორია კი — დაახლოებით 58 ათასი მ2.

ფოტო: Visioner

ხალხის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობისა და მათი სიმჭიდროვის გადამრავლება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია ხალხის დასათვლელად. შედეგების გადამოწმებასა და დათვლას თავადაც შეძლებთ.

ვიზუალები, რომელთა გამოყენებითაც ხალხის სიმჭიდროვე შევაფასეთ, ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ.