გია დვალი

5 Dec. 2024, 12:29

"ერთი რამ მკაფიოდაა გასააზრებელი — ეს პროტესტი ქართულ ოცნებას თავზე არ დასცემია, ამას მათ თავად გაუკეთეს პროვოცირება. ეს იყო მიზანმიმართული. სტატისტიკურადაც რომ გადაავლოთ თვალი, ცხადია, რომ ისინი სხვადასხვანაირად უწყობდნენ ხელს ზომბირებას. მათ ძალიან კარგად იციან, რაზე რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. იციან, რომ ევროპის საკითხი არის ერთადერთი ისეთი გამაღიზიანებელი, რასაც პრაქტიკულად მთელი ქვეყანა ქუჩაში გამოჰყავს.

ასე იყო [რუსული] კანონის მიღების ორივე ჯერზე, ანუ როგორც კი ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ჩვენი საზოგადოება გამოდის პროტესტით. არჩევნების მერე, თითქოს, მინელდა მუხტი, საუბარი წავიდა იმაზე, რომ ხალხი აღარ რეაგირებს არჩევნების თემაზე, მაგრამ შემდეგ სპეციალურად გაუკეთეს ამას პროვოცირება. ზუსტად ის განცხადება გააკეთეს, რაზეც იცოდნენ, რომ ხალხს აუცილებლად ექნებოდა რეაქცია. ამიტომ მე არ განვიხილავ, რომ ეს არის შემთხვევითი; რომ მათ შეეშალათ და პროცესს ვეღარ აკონტროლებენ.

როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ამ პროცესს გააკონტროლებდნენ და რაღაც შედეგამდე მიიყვანდნენ, რაც მათ სურდათ. ძალიან კარგად იციან რა ქნან, მიზანმიმართულად მოქმედებენ. ამის გლობალური კონტექსტი ვიცით, რაც არის — ის სტრატეგია, რომელიც გააჩნია რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას. რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და, შესაბამისად, ამიერკავკასიას აკონტროლებდეს.

კონტროლს სხვადასხვა გრადაცია აქვს. რა დონის კონტროლი აქვთ მიზნად, არავინ იცის, მაგრამ სხვადასხვა ფორმაა: შეიძლება, უბრალოდ პარტნიორად გყავდეს ქვეყანა, რაც ამ შემთხვევაში, ალბათ, გამორიცხულია; გყავდეს მთავრობა, რომელსაც მთლიანად აკონტროლებ, ანუ, ფაქტობრივად, ქვეყანა აღარ არსებობდეს; განახორციელო სრული ოკუპაცია.

ეს ყველაფერი ამ პროცესს ემსახურება, რომ რამენაირად სამოქალაქო საზოგადოება დაიმორჩილონ. რა თქმა უნდა, პროცესი მიდის დაძაბულობისკენ, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ცხადად ჩანს. ერთია, ესენი როგორ წარმართავენ პროცესს და მეორე — ვისი დავალებითაც მოქმედებენ, იმას რა უნდა.

ალბათ, პროცესი გამოვიდა იმ კალაპოტიდან, სადაც ისინი მიდიოდნენ. შეიძლება, კიდევ აქვთ იმედი, რომ რაღაცას სხვანაირად წარმართავენ ან უბრალოდ დესტაბილიზაცია უნდათ. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ მიზანში სიტუაციის დაძაბვა შედიოდეს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. როგორ დავშიფროთ ტელეფონი და კომპიუტერი, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს
  2. გია დვალი: როგორც კი ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, ჩვენი საზოგადოება გამოდის პროტესტით
  3. Facebook, Messenger და სხვა სერვისები შეფერხებით მუშაობს — რას ამბობს მათი მშობელი კომპანია Meta
  4. ქართველი ემიგრანტები Meta-ს სათავო ოფისთან შეიკრიბნენ — მათ 4 ძირითადი მოთხოვნა აქვთ
  5. STEM საზოგადოების ორგანიზებით 11 დეკემბერს, 17:00-ზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

გირჩევთ