ახალი კვლევის თანახმად, ყველაზე მწვავე ინფარქტი ორშაბათობით ემართებათ — მუშაობა კლავს?!
ირლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, სტატისტიკურად, ყველაზე მომაკვდინებელი ინფარქტი ორშაბათობით ემართებათ, რაც სამუშაო კვირის დასაწყისს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ გულის მწვავე შეტევა კვირაობითაც საკმაოდ გავრცელებულია.
მეცნიერებმა ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამის განყოფილებებში 2013-18 წლებში საერთო ჯამში ადამიანთა 10 000-ზე მეტი მიმართვა გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ორშაბათობით ფიქსირდებოდა. ეს შედეგები მათ გულ-სისხლძარღვთა ბრიტანული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს,
"სამუშაო კვირის დასაწყისსა და ინფარქტის შემთხვევებს შორის მჭიდრო სტატისტიკური კავშირი გამოვავლინეთ. ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, მრავალ ფაქტორს მოიცავს, მაგრამ წინა კვლევებიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ცირკადული რიტმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს", — აცხადებენ ავტორები.
რატომ მაინცდამაინც ორშაბათი?
ეს რომ სამუშაოსთან ასოცირებულ სტრესს უკავშირდებოდეს, წესით, გულის შეტევის მხრივ სარისკო სხვა დღეებიც აღმოჩნდებოდა, მაგრამ ასე არაა. შესაძლოა, ამაში საკუთარი წვლილი შეჰქონდეს ე.წ. ზაფხულის დროსაც, როცა დროს ერთი საათით წინ სწევენ, რის პარალელურადაც უქმე დღეებში გამოძინება ჩვენი ორგანიზმის შინაგან რიტმს არღვევს.
"დიდ ბრიტანეთში ყოველ 5 წუთში ერთხელ ვიღაც სიცოცხლისთვის საშიში ინფარქტის გამო მიჰყავთ საავადმყოფოში. შესაბამისად, აუცილებელია კვლევა გაგრძელდეს, რათა გავიგოთ, როდის და რატომ იჩენს თავს გულის შეტევები", — ამბობენ მეცნიერები.
კომენტარები