სერიალებისა და ფილმების მოყვარულებისთვის ყოველი სეზონი ახალ-ახალი ნამუშევრებითაა დახუნძლული და გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხულია. თუ ამ ზაფხულს სანახავი სერიალები უკვე შეარჩიე, ახლა იმ ფილმებს გაგაცნობთ, რომლებიც ამ ზაფხულს გამოდის.

1. ბარბი / Barbie

ფოტო: Warner Bros

გრეტა გერვიგის ბარბის წლის კინომოვლენის სტატუსს უკვე უწინასწარმეტყველებენ. ბარბის თოჯინას ისტორიის შთაგონებით შექმნილ ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი თამაშობენ. ბარბიში ემა მაკი, დუა ლიპა, ჯონ სინა, სიმუ ლიუ და სხვა ცნობილი მსახიობებიც მონაწილეობენ. მოკლედ, წინ ჯადოსნური სამყარო და ბეეევრი ვარდისფერი გველოდება.

მსოფლიო პრემიერის თარიღი: 21 ივლისი

2. ოპენჰაიმერი / Oppenheimer

ფოტო: Universal

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმი ოპენჰაიმერი თეორიტიკოს-ფიზიკოსისა და "ატომური ბომბის მამის" სახელით ცნობილ ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, მთავარ გმირს კი კილიან მერფი განასახიერებს. ნოლანის ახალ და მასშტაბურ ფილმში ემილი ბლანტის, მეთ დეიმონის, რობერტ დაუნი უმცროსის, რემი მალეკისა და ფლორენს პიუს ნახვასაც შევძლებთ.

მსოფლიო პრემიერის თარიღი: 21 ივლისი

5 რამ, რაც ნოლანის ვარსკვლავურ ოპენჰაიმერზე უნდა იცოდეთ

3. Extraction 2 / დახსნა 2

ფოტო: Netflix

Extraction 2-ში კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველი მსახიობები, მათ შორის, თინა დალაქიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, დათო ბახტაძე, თორნიკე ბზიავა, ანდრო ჯაფარიძე, ირაკლი კვირიკაძე და სხვები მონაწილეობენ. ცნობილ ჰოლივუდურ ფილმში ქართველი მსახიობების ნახვის შესაძლებლობა საკმარისია იმისთვის, რომ Extraction 2-ს სულმოუთქმელად დაველოდოთ.

პრემიერის თარიღი: 16 ივნისი ნეტფლიქსზე

4. Asteroid City / ასტეროიდების ქალაქი

ფოტო: Focus Features

Asteroid City უეს ანდერსონის ახალი ფილმია, რომელიც, რა თქმა უნდა, რეჟისორისთვის დამახასიათებელი საოცარი ფერებითა და შეუდარებელი სიმეტრიით გაგვანებივრებს. ფილმში ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც ტომ ჰენკსი, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სუინტონი და მარგო რობი არიან. მოკლედ, წინ კიდევ ერთი სასიამოვნო თავგადასავალი გველის!

პრემიერის თარიღი საქართველოში: 22 ივნისი

ტესტი: უეს ანდერსონის რომელ ფილმში იცხოვრებდი?

5. სპაიდერმენი: სამყაროთა შორის / Spider-Man: Across the Spider-Verse

ფოტო: Sony

სპაიდერმენების მოყვარულებისთვის ზაფხული ნამდვილად შესანიშნავი სეზონია, რადგან დიდხნიანი ლოდინის შემდეგ სპაიდერვერსის მეორე ნაწილი გამოვიდა! მაილს მორალესი გვენთან და სხვა სპაიდერმენებთან ერთად თავბრუდამხვევ და თვალისმომჭრელ თავგადასავალს გვპირდება.

პრემიერის თარიღი საქართველოში: 1 ივნისი

ტესტი: რომელი სპაიდერმენი ხარ?

6. ელემენტები / Elemental

ფოტო: Pixar

პიქსარის ახალ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში მოქმედება 4 ელემენტის მიხედვით შექმნილი არსებებით დასახლებულ სამყაროში მიმდინარეობს. ემბერი და ვეიდი, ცეცხლი და წყალი, ერთმანეთის საპირისპირო ელემენტები არიან, თუმცა მალევე აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ.

პრემიერის თარიღი საქართველოში: 15 ივნისი

ტესტი: გამოიცანი პიქსარის ანიმაცია მხოლოდ ერთი კადრით

7. დაწყევლილი სახლი / Haunted Mansion

ფოტო: Disney

მარტოხელა დედა აღმოაჩენს, რომ მის სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ, რის შემდეგაც დასახმარებლად გიდს, ნათელმხილველს, მღვდელსა და ისტორიკოსს იწვევს. შეიძლება შინაარსი არც ისე ორიგინალურად გეჩვენება, მაგრამ ფილმის სამსახიობო შემადგენლობა აუცილებლად მოგხიბლავს. ვაინონა რაიდერი, ჯარედ ლეტო, ჯეიმი ლი კერტისი, როსარიო დოუსონი, ოუენ უილსონი, დენი დევიტო — ფილმი ჰოლივუდის ვარსკვლავების ნაკლებობას არ უჩივის.

მსოფლიო პრემიერის თარიღი: 28 ივლისი

8. როგორ ცხოვრობ? / How Do You Live?

ფოტო: Studio Ghibli

ფოტო: Studio Ghibli

ამ ზაფხულს ლეგენდარული იაპონელი ანიმატორისა და რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის, უკანასკნელ ნამუშევარსაც ვნახავთ. მისი ბოლო ფილმი ტრეილერისა და მარკეტინგული კამპანიების გარეშე გამოვა, ამიტომ მოგვიწევს, სრულიად მოუმზადებლები შევხვდეთ მიაძაკის კიდევ ერთ ანიმეს, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, თავს აუცილებლად შეგვაყვარებს.

პრემიერის თარიღი: 14 ივლისი

ტესტი: Studio Ghibli-ის რომელი ქალი პერსონაჟი ხარ?

ტესტი: Spirited Away-ის რომელი პერსონაჟი ხარ?

9. წინა ცხოვრებები / Past Lives

ფოტო: A24

Past Lives ორ ბავშვობის მეგობარზე — ნორასა და ჰე სანგზე — გვიყვება. ისინი ერთმანეთს მას შემდეგ დაშორდნენ, რაც ნორას ოჯახი სამხრეთ კორეიდან წამოვიდა. ათწლეულების შემდეგ მეგობრები ერთმანეთს ერთი კვირით ხვდებიან. ფილმი დასამახსოვრებელი კინემატოგრაფიით გვიყვება ბედისწერაზე, სიყვარულსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ქმნის.

მსოფლიო პრემიერის თარიღი: 2 ივნისი

10. ფლეში / The Flash

ფოტო: Warner Bros

ეზრა მილერის ფლეში აქამდე DC-ის სხვა ფილმებშიც გამოჩენილა, თუმცა ამჯერად უსწრაფეს სუპერგმირს უკეთ გავიცნობთ. ფილმში ფლეში მის ალტერნატიული სამყაროს უმცროს ვერსიასთან ერთად ფიზიკის კანონებს უპირისპირდება, რათა პირადი ტრაგედია თავიდან აიცილოს და სამყაროც კი გადაარჩინოს. ბოლო დროს ეზრა მილერის გაუარესებულმა მენტალურმა ჯანმრთელობამ, ბრალდებებმა, დაკავებამ და სხვა აურზაურმა ბევრს აფიქრებინა, რომ ფილმი აღარ გამოვიდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მსახიობის პირად ცხოვრებას DC-ის გეგმები არ შეუცვლია.

პრემიერის თარიღი საქართველოში: 15 ივნისი

თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...

ამავე თემაზე: