"თბილსერვის ჯგუფმა" სპეციალიზებული ტექნიკა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა. ახლად შეძენილი ტექნიკა საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ
წარუდგინა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ "თბილისი სუფთა ქალაქის მოთხოვნებს პასუხობდეს, აუცილებელია, ვითარდებოდეს "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკი. უნდა განახლდეს და გაძლიერდეს ტექნიკა, რომელიც ქალაქის დასუფთავებას უზრუნველყოფს. მხოლოდ ადამიანური რესურსით ამის მიღწევა შეუძლებელია. საჭიროა თანამედროვე, გამართული ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ჩვენს ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს".

მერიის ცნობით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შპს "ჯი-თი გრუპისა" და შპს "თეგეტას" მიერ მუნიციპალიტეტისთვის მოწოდებულია 23 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 60 ერთეული ახალი სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და შესაბამისი სერტიფიკატები გააჩნია. დამატებითი შესყიდვის ფარგლებში შეძენილი 7 ერთეული ტექნიკიდან დედაქალაქში უკვე შემოსულია "საგმოტოს" მარკის ორი სპეცტექნიკა, ხოლო "ფორდის" მარკის ხუთი ერთეული ტექნიკა თბილისში 2027 წელს შემოვა (აღნიშნული შესყიდვის ღირებულება 3 მილიონი ლარია).

ღონისძიებას თბილისის ვიცემერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, დედაქალაქის საკრებულოსა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.