იხსნა თუ არა თუთიყუშმა ენა გაქრობისგან? — უჩვეულო ამბავი მე-19 საუკუნიდან
მე-19 საუკუნის დასაწყისში, გერმანელი გეოგრაფი და ნატურალისტი, ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტი, ამაზონის აუზის შესწავლისას წააწყდა საინტერესო ენას. ჰუმბოლდტს ეს უცნაური ენა აქამდე არასდროს გაეგო. თუმცა, კიდევ უფრო უცნაური ის არის, რომ გეოგრაფი ახალ ენას გაეცნო არა ადამიანის, არამედ თუთიყუშის წყალობით. ჰუმბოლდტის თქმით, თუთიყუში იყო უკანასკნელი ცოცხალი არსება, რომელიც მკვდარ ტომობრივ ენაზე საუბრობდა.
1799 წლის ივნისში ჰუმბოლდტი გაემგზავრა ლა კორუნიადან ჩრდილოეთ ესპანეთში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის შესასწავლად. მოგზაურობაში მან ხუთი წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მკვლევარმა მოინახულა კუბა, კოლუმბია, ეკვადორი, შემდეგ კი პერუ და მექსიკა, სხვა ადგილებთან ერთად, სანამ გაემგზავრებოდა შეერთებულ შტატებში და შემდეგ ისევ ევროპაში.
თავისი მოგზაურობის განმავლობაში ჰუმბოლდტმა შეაგროვა უზარმაზარი ეკოლოგიური და ზოოლოგიური მონაცემები ადგილობრივი კლიმატისა და ფლორასა და ფაუნის შესახებ. ის ასევე ინახავდა ვრცელ ჩანაწერებს სხვადასხვა კულტურაზე და დეტალურად აღწერდა ყველაფერს ადგილობრივი პოლიტიკიდან დაწყებული სხვადასხვა ტრადიციით დამთავრებული.
პოპულარული ამბის მიხედვით, ორინოკოს მდინარის კვლევისას, თანამედროვე ვენესუელას ტერიტორიაზე, ჰუმბოლდტი სოფელ მეიპურში ადგილობრივ ტომთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ ამ ადგილას შეხვდა იგი თუთიყუშს, რომელიც უცნაურ ენაზე საუბრობდა. ადგილობრივების გამოკითხვის შემდეგ, მკვლევარმა გაარკვია, რომ თუთიყუში ერთ დროს ეკუთვნოდა მეომარ ტომს, რომელიც უკვე აღარ არსებობდა.
როგორც ცნობისმოყვარე მკვლევარმა, ჰუმბოლდტმა თუთიყუში იყიდა და თავისთან ერთად ევროპაში წაიყვანა. იქ იგი იწერდა ფრინველის მიერ გამოცემულ ფონეტიკურ ბგერებს. შედეგად, მან შეძლო, შემოენახა უკვე გამქრალი ენა და კულტურა.
ევროპაში დაბრუნების შემდეგ მალევე გამოქვეყნებულ წიგნში მკვლევარმა განმარტა, თუ როგორ დარჩა გუაჰიბოს ხალხთან სოფელში, მდინარე ორინოკოს ჩანჩქერის გვერდით. ამ განმარტებაში მან აღწერა თუთიყუშთან შეხვედრა და როგორ ლაპარაკობდა ის მეომარი ტომის, ატურეს, ენაზე. ჰუმბოლდტი წერდა, რომ:
"ატურების უკანასკნელი ოჯახები ჯერ კიდევ 1767 წელს არსებობდნენ... ჩვენი მოგზაურობის დროს მაიპურესში გვაჩვენეს მოხუცი თუთიყუში, რომელზეც მაცხოვრებლებმა თქვეს — და დაკვირვების ღირსია ეს ფაქტი — რომ მათ არ ესმოდათ, რას ამბობდა თუთიყუში, რადგან იგი ატურების ენაზე ლაპარაკობდა."
ჰუმბოლდტმა თუთიყუშის მიერ გადმოცემული 40 სიტყვის ჩაწერა შეძლო. ეს ჩანაწერები ლინგვისტებისთვის იქცა შთაგონების წყაროდ და მაგალითად იმისა, თუ როგორ ადვილად კვდება ენა, თუკი მასზე აღარავინ საუბრობს (თუთიყუშიც კი). 1997 წელს ხელოვანმა იხელმძღვანელა რა ჰუმბოლდტის ჩანაწერებით, თანამედროვე თუთიყუშებს ასწავლა სიტყვები, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მოესმინათ "დაკარგული" ენა.
არის თუ არა ეს ამბავი რეალური ან წარმოადგენს თუ არა იგი დამაჯერებელ ზღაპარს, რთული სათქმელია, თუმცა ეს არის უნიკალური მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაარჩინა ენა ჭკვიანმა ფრინველმა და საბედისწერო შეხვედრამ.
კომენტარები